იაპონური კრიპტომერია

კრიპტომერია

ბოტანიკური აღწერა

კრიპტომერია (Cryptomeria japonica) იზრდება იაპონიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთის ტყეებში. იაპონიის ერთ-ერთი ნაციონალური სიმბოლოა.

მარადმწვანე ახოვანი ხეა პირამიდული ლამაზი ვარჯით, შორიდან ნაძვს ან სოჭს მოგვაგონებს. 150 წლის ასაკში სიმაღლით 50-60 მ-ს, ღეროს დიამეტრით კი 2 მ-ს აღწევს. ღერო სწორია; ქერქი მოწითალო-მოყავისფრო, შრევდება გრძელ ნაფლეთებად.

სხვა წიწვოვნებისგან განსხვავებით, კრიპტომერიას ახასიათებს ფესვის ამონაყარი, რაც მცენარის ადვილად გამრავლებისა და ღეროს ძირამდე გადახერხვით გამაახალგაზრდავებელი სხვლის ჩატარების საშუალებას იძლევა. ეს უნარი დამახასიათებელია ოჯახ Taxodiaceae-ს ყველა წარმომადგენლისათვის, მაგრამ ყველაზე კარგად მაინც კრიპტომერიის, კუნინგამიისა ტაივანიის შემთხვევაშია გამოვლენილი.

ნორჩი ტოტები კაშკაშა მწვანეა, მობერებული კი მურა შეფერილობას იძენს და თანდათანობით ისე ცვივა ხიდან, რომ წიწვები ჯერ კიდევ ზედ აქვს შერჩენილი. წიწვი კაშკაშა მწვანეა, ნემსის ან მახათისებური, მოკლე, ნამგლისებურად მოღუნული, 5 რიგად სპირალურად განლაგებული.

ზამთარში, ყინვების დადგომისთანავე, წიწვი იძენს დამცავ მურა ფერს. სტრობილები წარმოიქმნება ნორჩი ყლორტების წვერებზე; მამრობითი – გრძელზე, მდედრობითი – მოკლეზე. გირჩები მარტოულია, მომრგვალო, წვრილი (1-3 სმ), თავიდან მწვანე, მომწიფებისას კი მურა-ყავისფერი.

ძირითადი აგროტექნიკა

დახურულ გრუნტში კარგი ზრდა-განვითარებისათვის კრიპტომერიას ესაჭიროება ფართო და ნათელი სივრცე და დიდი მოცულობის ვაზონი; ნიადაგი – ნოყიერი თიხნარი, მაგრამ უკეთესად გაიზრდება, თუ უშუალოდ ორანჟერეის გრუნტში იქნება ჩარგული.

კრიპტომერია საკმაოდ გამძლე მცენარეა, მაგრამ ვერ იტანს სიცხეს, ესაჭიროება ჰაერის მაღალი ტენიანობა და ისეთ შენობაში მოთავსება, სადაც ტემპერატურა 5-150 C-ის ფარგლებში იქნება. ტემპერატურის უარყოფით მაჩვენებლებამდე მოკლევადიან დაწევას დაზიანების გარეშე იტანს, მაგრამ ვერ იტანს ფესვთა კოშტის ხანგრძლივ გაყინვას.

გამწვანებაში გამოყენება

კრიპტომერია აღმოსავლეთ აზიის ხალხთა ერთ-ერთი საყვარელი ხე და „იაპონური ბაღების“ უცვლელი კომპონენტია. დიდი ხანია კულტურაში შეტანილია მისი მრავალი ფორმა, მათ შორის დაბალი და ჯუჯა ფორმებიც. ყველაზე ხშირად სწორედ მათგან ქმნიან ბონსაის.

როგორც სიცივეგამძლე და ამტანი მცენარე, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხეა, რომელსაც იყენებენ ზომიერად თბილი ზონის ბაღებში.

კრიპტომერია საკმაოდ კარგად იზრდება ცენტრალურ ევროპაში, მაგრამ უფრო ჩრდილოეთით მდებარე რეგიონებისათვის პრაქტიკულად გამოუსადეგარია, რადგან აბსოლუტურად ვერ იტანს ნიადაგის გაყინვას. კრიპტომერიის გამოყენება უნივერსალურია: ჯგუფის – კულისის შესაქმნელად ასევე ცოცხალი ღობისათვის.

ზამთრის ბაღებისათვის კრიპტომერია მნიშვნელოვანია როგორც უპრეტენზიო, ადვილად გასამრავლებელი და ფორმირებადი მცენარე. ის განსაკუთრებით ეფექტურია როდოდენდრონებთან და სხვა სუბტროპიკულ მარადმწვანე მცენარეებთან კომბინაციაში.

ბაღის დიზაინერი

შექმნაზე მუშაობდნენ:

ლია ქურციკიძე – ლანდშაფტის არქიტექტორი;
ქეთევან გელაშვილი – ბაღის დიზაინერი;
მანანა ელბაქიძე – ბიოლოგი, ბოტანიკოსი.

თქვენი რეკლამა