16-17 სექტემბერს, თბილისში, დედაენის ბაღში, აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემო“ დაბრუნდა ნიშური პროდუქტების მწარმოებლებთან ერთად, საქართველოს ყველა რეგიონიდან.
აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემო“ქვეყნის მრავალფეროვანი საკვები პროდუქტის პოპულარიზაციისა და სურსათის მცირე მეწარმეების პოტენციურ მომხმარებლებთან დაკავშირების ხელშეწყობის მიზნით იმართება.
აგრობაზარში მონაწილე 45-მა მწარმოებელმა, წარმოადგინა და გაყიდა სხვადასხვა სახის რძის ნაწარმი, ხორცპროდუქტები, თაფლი, ტკბილეული, ჯემები, სოუსები, ჩაი და ალკოჰოლური სასმელები. ღონისძიებაზე წარმოდგენილი პროდუქტი, საქართველოს ტრადიციულ სასოფლო სამეურნეო და სურსათის წარმოების საუკუნოვან ცოდნას ასახავს.
აგრობაზრის „უნიკალური ქართული გემო“ ყველა მონაწილე, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით FAO-ს მიერ განხორციელებული სხვადასხვა პროექტის ბენეფიციარია. ზოგმა მათგანმა ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ FAO-ს საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა, ზოგმა კი აგრონომიისა და ვეტერინარიის ტრენინგებში მიიღო მონაწილეობა. ამასთანავე, აგრობაზრის ყველა მონაწილეს, გავლილი აქვს ევროკავშირის დაფინანსებული EU4Business ინიციატივის ფარგლებში ჩატარებული FAO-ს ტრენინგები სურსათის უვნებლობაზე, ბიზნესის მართვაზე, ეტიკეტირებასა და გაყიდვებზე.
ბაზარზე წარმოდგენილ სურსათის მწარმოებლებს შორის იყვნენ, მერძევე ფერმერი ქალები სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, რომლებიც ჩართულნი არიან შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერილ და FAO-სა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროექტში. მერძევე ფერმერმა ქალებმა, ღონისძიებაზე წარმოადგინეს ახლებური ყველის სახეობები, რომელთა დამზადებაც FAO-ს ფერმერთა საველე სკოლებში შეისწავლეს.
2023 წელს, ევროკავშირის ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, „უნიკალური ქართული გემოს“ მონაწილეები, დამატებით ტრენინგებს გაივლიან სურსათის უვნებლობასა და ბიზნესის მართვაში. ევროკავშირის მხარდაჭერით, FAO მათ ასევე დაეხმარება პროდუქტის ეტიკეტირებასა და ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაში.
„ქართული საკვები პროდუქტები ნამდვილად გასაოცარ ისტორიებს გადმოგვცემენ ქვეყნის ჰეტეროგენურ კულტურასა და ისტორიაზე. FAO, ევროკავშირის მხარდაჭერით, აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემოს“ მეშვეობით, 2022 წლიდან ამაყად უჭერს მხარს ნიშური პროდუქტების მცირე მწარმოებლებს და ეხმარება მომხმარებელს ქვეყნის უნიკალურობის აღმოჩენაში. რადგანაც აგრობაზარზე წარმოდგენილი პროდუქტები ახლა უკვე შედარებით ცნობადია, კონცენტრირებულები ვართ მცირე მწარმოებლების პროდუქტის ხარისხისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესებაზე, რომ მათ აწარმოონ უმაღლესი ხარისხის ნიშური პროდუქტი, რომელიც ქართულ ტრადიციებსა და უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს აერთიანებს”, ამბობს FAO-ს პროგრამის კოორდინატორი ხავიერ სანს ალვარესი.
„ევროკავშირი ნიშური პროდუქტის მწარმოებლებს მხარს უჭერს სურსათის უვნებელი წარმოების სტანდარტებთან ადაპტაციაში. ეს უნიკალურად ქართული გემოების კონკურენტუნარიანობისა და ქართველ თუ სხვა ქვეყნის მომხმარებლამდე მაღალი კვებითი ღირებულების პროდუქტის მიწოდების უზრუნველყოფის გზაა. ევროკავშირის სურსათის უვნებლობის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესი წინ მიდის და აღნიშნულ კონტექსტში აუცილებელია ყველა დაინტერესებულ მხარესთან ცოდნის გაზიარება სურსათის უვნებლობაზე, ხოლო აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემო“ ამისთვის გამოსადეგი ფორმატია“, ამბობს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საგანგებო სიტუაციების მართვის, სამოქალაქო დაცვის, სოფლის განვითარებისა და ინტელექტუალური საკუთრების პროგრამების მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი.
2023 წელს, „უნიკალური ქართული გემო“ კიდევ სამჯერ გაიმართება ნიშური პროდუქტების მცირე მწარმოებლების მხარდასაჭერად. 2022 წლიდან დღემდე, აგრობაზარი უკვე თერთმეტჯერ ჩატარდა.
„უნიკალური ქართული გემოს“ ფარგლებში, შეიქმნა და გაძლიერდა კავშირები მომხმარებლებსა და ნიშური პროდუქტის მწარმოებლებს შორის. არაერთმა მათგანმა საცალო მოვაჭრეებთან და სტუმარმასპინძლობის სექტორთანაც დაიწყო თანამშრომლობა და საკუთარ პროდუქტს საქართველოს დიდ ქალაქებში არსებულ ნიშურ მაღაზიებში ყიდის.
ჯამში, აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემოს“ ფარგლებში, მონაწილეებმა 170 000 ლარზე მეტი გამოიმუშავეს. ღონისძიებაში 55 ნიშური პროდუქტის მწარმოებელმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 58 პროცენტი ქალია.
ევროკავშირის დაფინანსებით, ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, ღონისძიება FAO-ს ორგანიზებით ჩატარდა.