ევკალიპტი (ლათ. Eucalyptus) – სწრაფადმზარდი მარადმწვანე მცენარეა, რომელსაც გარკვეული პერიოდულობით თითქმის მთელი წლის განმავლობაში სცვივა ფოთოლი.
ამ მცენარის ყლორტები და ფოთლები დიდი რაოდენობით შეიცავს ეთეროვან ზეთს, რომლის შემადგენლობის ნახევარზე მეტს ცინეოლი წარმოადგენს.
ევკალიპტი მიეკუთვნება ავსტრალიის კონტინენტის ენდემურ მცენარეთა უძველეს ფორმას, რომლის ინტროდუქცია საქართველოს ტენიან სუბტროპიკულ ზონაში გასული საუკუნის დასაწყისში განხორციელდა, ძირითადად კლიმატის გასაჯანსაღებლად და მალარიის საწინააღმდეგოდ. მცენარის ფართოდ გავრცელება ჭაობიან ადგილებში გაპირობებულია ჭარბი ტენის აორთქლების მისი გამორჩეული უნარით. კერძოდ, მძლავრად განვითარებული ფესვთა სისტემა ნიადაგიდან უხვად იწოვს ტენს და ფოთლების საშულებით დიდი ინტენსივობით აორთქლებს მას. მიუხედავად ამისა ძლიერ დაჭაობებულ ნიდაგებზე ევკალიპტის კულტურა ვერ ვითარდება.
ევკალიპტის სახეობათა უმეტესობა დიდი და საშუალო ზომის სწრაფად მზარდი ხეებია, იშვიათადად დაბალტანიანი ან ბუჩქები. სიმაღლის მიხედვით ევკალიპტის სახეობები სამ ჯგუფად იყოფა: პირველი, მაღალი ტანის 25 მ-ზე მეტი სიმაღლის (ტირიფისებრი _ E.ვიმინალის, სფერული _ E. გლობულუს და გიგანტური _ E. გიგანტეა ევკალიპტები); მეორე, საშუალო ტანის 15 – 20 მ სიმაღლის (ლეგა _ E. ცინერეა, მაკარტური _ E. მაცარტური და სხვ.) და მესამე, დაბალი ტანის 15 მ-ზე ნაკლები სიმაღლის (კორდატა _ E.ცორდატა, კამალდულენსი _ E. ცამალდულენსის და სხვ.). საქართველოში გავრცელებულ სახეობებს შორის დომინირებს ტირიფისებრი ევკალიპტი, რომელიც ყინვაგამძლეობით გამოირჩევა.
მცენარის ჯიშური შედგენილობა და ასაკი გავლენას ახდენს ფოთლის ფორმაზე და ფერზე, მასში ეთეროვანი ზეთის შემცველობაზე. მაგალითად, ტირიფისებრი ახალგაზრდა ევკალიპტის ფოთლები მწვანე შეფერილობით და ვიწრო ან ფართო ლანცეტური ფორმით ხასიათდებიან. რაც შეეხება ასაკოვანი ფოთლებს, _ ისინი მუქი-მწვანე შეფერილობით და ლანცეტურ-ნამგლისებრი ფორმით გამოირჩევიან. ლეგა ევკალიპტის ახალგაზრდა ფოთლები მწვანე ფერის მომრგვალო ან გულისებრი ფორმისაა, ცვილისებური ფიფქით დაფარული; ხოლო ასაკოვანი ფოთლები _ ცისფერია, ფართო ან ვიწრო ლანცეტისებრი.
ევკალიპტის ფოთლებში ეთეროვანი ზეთის შემცველობა და ქიმიური შედგენილობა დამოკიდებულია მცენარის სახესხვაობასა და აგროეკოლოგიურ ფაქტორზე, მის ასაკზე. ევკალიპტის ზოგიერთი სახეობის ფოთლებში ეთეროვანი ზეთის შემცველობა არსებითად განსხვავებულია და საშუალო მაჩვენებლის მიხედვით შემდეგ სურათს იძლევა: მაკარტური _ 0,9%, სფერული _ 2%, ლეგა _ 3,0 – 3,5%. ძირითადი კომპონენტის ცინეოლის რაოდენობა იცვლება 50%-დან 80%-მდე.
მცენარის ასაკი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მის ფოთოლში ეთეროვანი ზეთის რაოდენობრივ და ნაკლებად თვისობრივ შედგენილობაზე, რაც კარგად ჩანს ცხრლის 3.1.2 მონაცემებიდან ლეგა ევკალიპტის მაგალითზე. ახალგაზრდა (იუვენილური) ევკალიპტის ფოთლები ეთეროვან ზეთს 2- ჯერ მეტი რაოდენობით შეიცავს, ვიდრე ზრდასრული მცენარის ფოთლები. ამ მონაცემებმა საფუძველი დაუდო დასავლეთ საქართველოში ევკალიპტის ამონაყარი – სსაკაფი კულტურის სახით გაშენებას, რაც გულისხმობს ახლადგაშენებული პლანტაციიდან პირველი მოსავლის აღება-აჭრას 2-3 წლის პერიოდში. პირველი მოსავლის აღება-აჭრა წარმოებს გაზაფხულზე მცენარის
ფესვის ყელიდან 10 – 15 მ-ის სიმაღლეზე. მცენარის მომძლავრების შემდეგ აჭრების ჩატარება შესაძლებელია როგორც ადრე გაზაფხულზე, ასევე გვიან შემოდგომაზე. ამონაყარი _ საკაფი კულტურისათვის წარმატებით გამოიყენება ლეგა და ტირიფისებრი ევკალიპრები.
ცხრილი 3.1.2.
სხვადასხვა ასაკის ლეგა ევკალიპტის ფოთლებში ეთეროვანი ზეთის შემცველობა
ნედლეულის გადამუშავება შესაძლებელია როგორც ნედლი, ასევე მშრალი სახით. ნედლეულის შრობა უნდა ჩატარდეს ბუნებრივ პირობებში, როგორც წესი ჩრდილში, რაც უზრუნველყოფს ეთეროვანი ზეთების მაქსიმალური რაოდენობით შენარჩუნებას. ევკალიპტის ნედლეულიდან ეთეროვანი ზეთის მიღება ძირითადად წყლი ორთქლთან გამოხდით ხდება. გამოხდის წინ ნედლეული ქუცმაცდება 1,0 – 1,5 სმ ზომის ნაწილაკებად ეთეროვანი ზეთის გამოსავლიანობის გაზრდის მიზნით. წყლის ორთქლთან გამოხდის პროცესის ხანგრძლივობა სტანდარტულ აპარატებში (კუბი) 2 – 3 სთ-ს შეადგენს.
ევკალიპტის ეთეროვანი ზეთის შედგენილობა საკმაოდ რთულია, იგი შეიცავს 130-ზე მეტ ინდივიდუალურ კომპონენტს. ცხრილში 3.1.3 მოცემულია ევკალიპტის ზოგიერთი სახესხვაობის ეთეროვან ზეთში ძირითადი ქიმიური ნაერთების შემცველობა.
ევკალიპტის ეთეროვანი ზეთი უფერული ან მოყავისფრო შეფერილობის ადვილად მოძრავი სითხეა, რომელიც ხასიათდება შემდეგი ფიზიკური და ქიმიური მაჩვენებლებით: სიმკვრივე _ 0,9078, ეთერის რიცხვი _ 15,69, მჟავიანობის რიცხვი _ 2,25, გარდატეხის კოეფიციენტი _ 1,4650. ეთეროვანი ზეთის სუნი დამოკიდებულია დომინანტი ქიმიური კომპონენტების ბუნებაზე.
ცხრილი 3.1.3
ევკალიპტის ზოგიერთი სახესხვაობის ეთეროვან ზეთში ძირითადი ქიმიური ნაერთების შემცველობა
პრაქტიკაში ევკალიპტების ეთეროვან ზეთებს სამ ჯგუფად ყოფენ: სამედიცინო, საპარფიუმერიო და ტექნიკური. სამედიცინო დანიშნულების ეთეროვანი ზეთის ხარისხი განისაზღვრება მასში ცინეოლის შემცველობით, _ რაც მეტია ამ ნაერთის რაოდენობა, მით მაღალია ხარისხი. ევკალიპტის ზეთი გამოირჩევა ძლიერი ანტისეპტიკური მოქმედებით და წარმატებით გამოიყენება სამედიცინო პრაქტიკაში რიგი დაავადებების საწინააღმდეგო საშუალებად.
თემურ რევიშვილი, ტექნიკის მეცნიერების დოქტორი,
თამაზ მიქაძე, ტექნოლოგიების დოქტორი.
იხილეთ აგრეთვე: ევკალიპტი (Eucalyptus) კულტურა და მისი გაშენება