ბრინჯი – (ლათ. oryza sativa l) – მარცვლეულ კულტურებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული სასურსათო მცენარეა. მის მიერ დაკავებული ფართობის მიხედვით ხორბლის შემდეგ მეორე ადგილი უკავია მსოფლიოში, რომლის 90% მოდის აზიის ქვეყნებზე.
მოსავლიანობა 28,4-დან 55 ც/ჰა-ზე მეტს აღწევს. ბრინჯის ბურღული დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს კი ნაკლებს. ის ადვილად მოსანელებელი და დიეტური კულტურაა.
ფესვთა სისტემა ფუნჯაა, რომლის ძირითადი მასა 25 სმ სიღრმეზეა, ფესვებს მრავალი ბეწვი ახასიათებს. ერთ მცენარეზე 300 ცალს აღწევს. ღერო ღრუიანი ნამჯაა 80-120 სმ სიმაღლის, 3-5 პროდუქტიული ნაბარტყით.
ფოთლების სიგრძე 35 სმ და სიგანე 1,2-2 სმ. ყვავილედი საგველაა. თავთუნში ერთი ყვავილია, საგველაზე 80-200 თავთუნია. აქვს 6 მტვრიანა. თვითმტვერია მცენარეა.
ბრინჯი ძლიერ სითბოს მოყვარული მცენარეა. თესლი გაღივებას იწყებს 11-120C ტემპერატურაზე. ბარტყობისათვის სჭირდება 15-180C, ყვავილობისათვის 18-200C. მცენარის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის საჭიროა 25-300C სითბო. მაქსიმუმია 400C, 10C ყინვაზე იღუპება.
ტენის მოყვარულია კარგად იტანს 10-15 სმ სიმაღლეზე დატბორვას. ტრანსპირაციის კოეფიციენტია 500-დან 800-მდე, ამიტომაა, რომ უხვად მორწყვის გარეშე თუნდაც მაღალი ტენიანობის პირობებში ძალიან დაბალ მოსავალს იძლევა.
მისთვის საუკეთესო ნიადაგად ითვლება დიდი მდინარეების ნაპირები და ისეთი, რომლებიც წყალს მაქსიმალურად აკავებენ–მძიმე თიხები. არ ვარგა დაჭაობებული და მსუბუქი ნიადაგები. ნიადაგის PH= 5-6.
ბრინჯში გამოყოფენ შვიდ ფენოფაზას: თესლის გაღივება, აღმოცენება, ბარტყობა, აღერება, საგველის გამოტანა, ყვავილობა, სიმწიფე.
ბრინჯი კარგად იტანს ხანგრძლივად ერთსა და იმავე ნაკვეთზე თესვას, თუმცა ბოლო გამოკვლევები ცხადყოფენ, რომ ასეთ პირობებში უარესდება როგორც ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, ისე ფიტოსანიტარული სიტუაცია, ქვეითდება მოსავლიანობა. ამიტომ მიზანშეწონილია 3-4 წლის შემდეგ მისი სხვა ფართობზე მოყვანა.
იმის გამო, რომ ბრინჯი დატბორვის წესით მოჰყავთ ნიადაგი ძალიან მკვრივდება და სტრუქტურას კარგავს, ჰაერაცია მაქსიმალურად უარესდება, ამიტომ აუცილებელია ღრმად მოხვნა (25-27 სმ).
სარეველების მაქსიმალურად განადგურებისათვის კარგ შედეგს იძლევა ნაწვერალის დაბალ (12-14 სმ) სიღრმეზე მოხვნა და შემდეგ ძირითადი მზრალად ხვნა. გაზაფხულზე თესვისწინა კულტივაცია, ჯერადობა საჭიროების მიხედვით.
1 ტონა მარცვლისა და შესაბამისი ნამჯის მიღებისას ბრინჯს ნიადაგიდან გამოაქვს 19,3 კგ აზოტი, 9,6 კგ ფოსფორი, და 25 კგ კალიუმი. სავარაუდოდ მინერალური სასუქის ასეთი დოზები უნდა იქნეს გამოყენებული N60-90; P 60-90, ხოლო იმავე ნაკვეთზე მომდევნო მეორე და მესამე წელს N120-180; P 90-120; K 45-60.
ბრინჯის მწარმოებელ ქვეყნებში ფართოდ იყენებენ ბრინჯის ჩითილის მოყვანის მეთოდს. სხვა ქვეყნები კი თესლის თესვას. თესლის ხარისხის შემოწმებისათვის დამატებით იყენებენ სპეციალურ მოწყობილობას და აღმოცენების დასაჩქარებლად თესლის წინასწარ დასველებას.
ბრინჯს თესავენ როცა ნიადაგის ზედა ფენა და სარწყავი წყალი გათბება 12-150C ტემპერატურაზე.
სათესი ნორმა ისე უნდა შეირჩეს, რომ 1 მ²-ზე დარჩეს დაახლოებით 250-350 მცენარე ან 350-450 პროდუქტიული ღერო, რასაც უზრუნველყოფს 5-7 მლნ. მარცვალი ჰა-ზე (180-230 კგ/ჰა).
ბრინჯი მოჰყავთ როგორც მუდმივი დატბორების, ხანმოკლე დატბორების, წყვეტილი დატბორებისა და პერიოდული დატბორების წესით.
ბრინჯის საგველაში მარცვალი სხვადასხვა დროს მწიფდება, ამიტომ როცა საგველას შუა ნაწილის მარცვლის 70-80% მიაღწევს სიმწიფეს იწყებენ მოსავლის აღებას, თუმცა ხშირად ბრინჯს ორ ფაზაში იღებენ, ჯერ პლანტაციის სათიბელით მოთიბავენ 10-15 სმ სიმაღლეზე და 3-5 დღის შემდეგ ლეწავენ სპეციალური კომბაინით.
თ.დარსაველიძე – ს.მ მეცნიერებათა დოქტორი