მთის ფიჭვი

მთის ფიჭვი (Pinus mugo, Mountain pine) დაბალტანიანი ხე ან ბუჩქია, ზოგჯერ გართხმული ტოტებით. წიწვები ჯგუფურია, 2 ან 3, სიგრძით 8 სმ, პრიალა, მუქი მწვანე. ბუნებრივად გავრცელებულია ევროპაში.

მამრობითი ყვითელი ყვავილები მოთავსებულია მიმდინარე წლის ყლორტის ძირში. მტვრის მარცვალი აღჭურვილია ორი საფრენი ბუშტით. მდედრობითი ყვავილები მოთავსებულია მიმდინარე წლის ნაზარდის ბოლოებზე.

გირჩი მწიფდება 2 ან 3 წლის განმავლობაში. გირჩები მარტოულია, ან 2-3 ერთად, მჯდომარე, 2-7 სმ სიგრძისა და 1,5-3 სმ, სიგანის, კვერცხისებრი. თესლი წვრილია, მოკლე ფრთებით. აღმოცენებისუნარიანი. მრავლდება თესლით.

ფიჭვი, მთის

აგროტექნიკა

ნაკლებმომთხოვნი მცენარეა. ის არა მხოლოდ ეგუება მწირ პირობებს, არამედ უპირატესობასაც კი ანიჭებს ნაკლებადნაყოფიერ ქვიშნარ გრუნტებს. მძიმე გრუნტის შემთხვევაში აუცილებელია 20-25 სმ სისქის გრუნტი.

დარგვისას ფესვის ყელს ნიადაგში არ აღრმავებენ. დამატებითი კვება წარმოებს სრული მინერალური სასუქების მცირე დოზებით (დაახლოებით 40-50 გ 1 მ2-ზე).

გვალვაგამძლეა, ამიტომ რწყვა ესაჭიროება მხოლოდ ახალდარგულ ეგზემპლარებს. მათი მომძლავრების შემდეგ რწყვა წყდება. ხშირი და მკვრივი ვარჯის მისაღებად, 7-8 წლის ასაკში ახდენენ მცენარის მთავარი ყლორტის წაჩქმეტას. ამ ოპერაციას ატარებენ გაზაფხულის ბოლოს და შემდეგ 1-2 წლის ინტერვალით კიდევ ორჯერ იმეორებენ. აქვს მაღალი ყინვაგამძლეობის უნარი.

გამწვანებაში გამოყენება

კულტურაში იშვიათად გვხვდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ფიჭვის ამ სახეობას დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის დამაგრების თვალსაზრისით, წყალდიდობებისა და მეწყრების შეკავების მიზნით. მაღალდეკორატიულია კლდე-ბაღების, ალპინარიუმების დეკორაციაში. საუკეთესოა, დაბალი წიწვიანი ბუჩქების ჯგუფურ ნარგაობაში. აქვს ეფექტური დაბალი ფორმა – var. pumila.

ფიჭვი, მთის

ბაღის დიზაინერი

შექმნაზე მუშაობდნენ: ლია ქურციკიძე – ლანდშაფტის არქიტექტორი; ქეთევან გელაშვილი – ბაღის დიზაინერი; მანანა ელბაქიძე – ბიოლოგი, ბოტანიკოსი.

კრედო ბანკი