როგორ ჩავატაროთ ჩაის პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები

ჩაი, აღდგენა, პლანტაცია, რეაბილიტაცია

ჩაის პლანტაციების აღდგენა-რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა ,,ქართული ჩაი“ უკვე ხუთი წელიწადია მიმდინარეობს.

აღნიშნულ პროცესში აქტიურად არის ჩაბმული სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახური და ნიადაგის, სურსათის და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკური ცენტრი „ანასეული“.

ბენეფიციართა განაცხადის საფუძველზე ანასეულის ლაბორატორიის სპეციალისტები ადგილზე ამოწმებენ ჩაის პლანტაციების ყველა იმ კრიტერიუმებს რაც რეაბილიტაციის მიზანშეწონილობას განაპირობებს. პარალელურად ამოწმებენ ნიადაგის ხარისხობრივ მაჩვენებლებს და მიღებული მონაცემების საფუძველზე (შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალით) თითოეული ნაკვეთისთვის ადგენენ რეაბილიტაციის სამწლიან აგროტექნოლოგიურ გეგმას .

განვლილი ხუთი წლის მანძილზე მომსახურება გაეწია ასამდე ბენეფიციარს, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 2000 ჰა-ზე მეტ ჩაის ნარგაობაში. ჩვენ სპეციალისტები პერიოდულად ვაქვეყნებდით ინფორმაციებს ჩაის რეაბილიტაციის მიმდინარეობის საკითხებზე (აგრარული საქართველო #2 2028, #6 2019.), სადაც მიუთითებდით პროგრამის დადებით მხარეებზე, თუმცა გვქონდა შენიშვნებიც, რაც არსებითად გააუმჯობესებდა პლანტაციების მდგომარეობას.

განსაკუთრებით მათთვის მტკივნეულია რეაბილიტაციის მეორე, მესამე და შემდგომ წლებში პლანტაციებში მოვლითი ღონისძიებების (ნაკვეთების სარეველებისაგან გასუფთავება, მექანიზაციის დაბალი დონე, მუშახელი დეფიციტი, ფოთლის კრეფა, გადამუშავება და რეალიზაცია.) ძირითადი საკითხები. სამწუხაროდ ბენეფიციართა უმეტესობას, რომლებიც მეჩაიეობის დარგის ნაკლებ კომპეტენტური პიროვნებები გახლავთ, თავიდანვე ვერ წარმოედგინათ რაოდენ შრომატევადი და საპასუხისმგებლო იქნებოდა ეს პროცესი. ჩვენ მეცნიერ-სპეციალისტები მაქსიმალურ დახმარებას ვუწევთ თითოეულ მათგანს მათთვის პრობლემური საკითხების საინფორმაციო უზრუნველყოფაში.

როგორც ვიუწყებოდით სარეაბილიტაციო პლანტაციების უმეტესობა მეჩხერია. საშუალო მეჩხერიანობა რეგიონების, ზონებისა და ნაკვეთების მიხედვით 15-30 %-ის ფარგლებში მერყეობს. განსაკუთრებით დიდია მეჩხერიანობა კვადრატულ-ბუდობრივ და სწორკუთხა წესით გაშენებულ ნაკვეთებში (იმერეთის ზონა;) რაც შეეხება შპალერული წესით გაშენებულ პლანტაციებში (გურია სამეგრელო, აჭარა) აქ მეჩხერიანობა ნაკლებია. ჩაის მეჩხერი პლანტაციები დამატებით საზრუნავს უჩენს მეპატრონეებს, ჯერ ერთი მეჩხერ ადგილებში მასიურად ვითარდება სარეველები და დაბალია ნაკვეთების პროდუქტიულობა. ყოველივე აქედან გამომდინარე გასაკვირი არაა, როდესაც ბენეფიციართა გარკვეული ნაწილი აყენებს მის საკუთრებაში არსებული ჩაის მეჩხერი ნაკვეთების გარემონტების საკითხს. ხშირია მომართვიანობა როგორმე მივაწოდოთ თესლნერგები პლანტაციების გასარემონტებლად. ქვეყანაში ჯერჯერობით არ არსებობს სპეციალური ჩაის სანერგეები, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც ჩაის ახალი პლანტაციების გაშენების ისე არსებული მეჩხერი ნაკვეთების რემონტს. სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახურის მინი სანერგეში ჩვენ ვაწარმოებთ მხოლოდ ჩაის ჯიში „კოლხიდას“ ვეგეტატიურად გამრავლებული ნერგების მცირე რაოდენობას, რომელიც უპირველეს ყოვლისა განკუთვნილია ამ ჯიშის სპეციალური სადედე, საკალმე და სათესლე ნაკვეთების გასაშენებლად, რაც შეეხება ამ ნერგების რემონტით გამოყენების დანიშნულებას რეკომენდაციას არ ვაძლევთ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბენეფიციარებს ვთავაზობთ ჩაის თესლნერგების გამოყვანის და მათ დაქვემდებარებაში არსებული მეჩხერი პლანტაციების რემონტის უზრუნველყოფის კონკრეტულ რეკომენდაციას:

ჩაის თესლნერგების გამოყვანა: ჩაის თესლნერგების მისაღებად უპირველეს ყოვლისა აუცილებელია სათესლე მასალა, რომელიც პლანტაციის მეპატრონეს შეუძლია შეაგროვოს საკუთარ ნაკვეთში ან შეიძინოს სხვა მწარმოებლისგან. თესლის კრეფა შესაძლებელია ოქტომბერ-ნოემბერში. მოკრეფილი თესლი იშლება, შემდეგ ხდება მისი განთავისუფლება სათესლე ბუდისგან. მოგვიანებით, ნოემბერ-დეკემბერში სუფთა, გარჩეული ჩაის თესლი  ბუჩქების ქვეშ ცვივა და შესაძლებელია მისი აკრეფა, შეგროვება. გარჩეული თესლი უმჯობესია შევინახოთ გრილ სარდაფში, ათი სანტიმეტრი სისქით გაშლილი და პერიოდულად აურიოთ. დაუშვებელია თესლის გამოშრობა, ან ზედმეტად გადატენიანება.

თითოეულ ბენეფიციარს საკუთარი საჭიროებისათვის შეუძლია მოაწყოს ჩაის თესლნერგების გამოსაყვანი მინი სანერგე, რითაც ყოველწლიურად შეძლებს მისთვის საჭირო ნერგების გამოყვანას და მეჩხერი პლანტაციების პერმანენტულად აღდგენას. დაინტერესებულ პირებს კი ასევე აქვთ შესაძლებლობა უფრო დიდ ფართობზე მოაწყონ ჩაის სანერგეები და ამით ხელი შეუწყონ საკუთარი ბიზნესის განვითარებას. ჩაის თესლნერგების გამოსაყვანად ქარისგან დაცულ ადგილას ეწყობა სპეციალური სანერგე მეურნეობა.

სანერგე უზრუნველყოფილი უნდა იყოს წყლითა და მისასვლელი გზით. ნერგის გამოსაყვანად გამოიყენება 15-20 სმ. ზომის დრენირებული პოლიეთილენის პარკები ან კონტეინერები.

სანერგის ერთ კვადრატულ მეტრზე თავსდება ასი ცალი სუბსტრატით შევსებული პარკი. სუბსტრატად გამოიყენება წითელმიწა ან ეწერი ნიადაგის ზედა ჰუმუსოვანი ფენა. კარგად გაფხვიერებულ ნიადაგთან სასურველია ტორფის შეზავება შეფარდებით 2:1 . ასეთი წესით მომზადებული ნაზავი გაიცრება 10 მმ. დიამეტრის მქონე საცერში, რომლის თითოეულ ტონას დაემატება 20 კგ სუპერფოსფატი და 5 კგ. კალიუმის სასუქი. ასეთი ფხვიერი ერთგვაროვანი მასით ივსება პოლიეთილენის პარკები, რომელიც იწყობა წინასწარ მომზადებულ კვლებზე მჭიდროდ ვერტიკალურ მდგომარეობაში.

კვლების სიგანე 1-1,5 მეტრი, ხოლო კვლებს შორის ტოვებენ 40-45 სმ. სიგანის თავისუფალ ზოლს გადაადგილებისთვის. კვლები უზრუნველყოფილი უნდა იყოს სარწყავის სისტემით. ერთი ჰა. სანერგისთვის საჭიროა 250 კგ. თესლი. კონდიციური ჩაის თესლით სანერგეში თესვა წარმოებს გვიან შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე თებერვალ მარტში. დათესვის წინ თესლს ათავსებენ წყლიან ვედროში. ზედაპირზე ამოტივტივებულ თესლს მოაცილებენ როგორც უვარგისს. თითოეულ პარკში ათავსებენ 2-3 ცალ თესლს, 4-5 სმ. სიღრმეზე. ერთი კგ. ჩაის თესლიდან შესაძლებელია 200-250 პარკის ჩათესვა.

ნათესების მოვლა მდგომარეობს სარეველებისაგან პარკების სისტემატურ გახელვაში და საჭიროებისამებრ მორწყვაში. თესლები გაღივებას იწყებენ მაისის ბოლო ივნისის დასაწყისში. ძლიერი სიცხისგან დასაცავად რეკომენდირებულია ახალგაზრდა ნათესების დაჩრდილვა. ივლის-აგვისტოში აწარმოებენ ნათესების აზოტით გამოკვებას. ერთ მცენარეზე 0.5 გრამის გამოყენებით.

აზოტით გამოკვების შემდეგ ნათესები უნდა მოირწყას. ჩაის ნათესები გვიან შემოდგომამდე აგრძელებენ ზრდას და მათი 30% აღწევს სტანდარტულ 20-25 სმ სიმაღლეს, რომელთა გამოყენება მუდმივ ადგილზე გადასარგავად შესაძლებელია, ხოლო არასტანდარტული 65-70% ნერგებისა მეორე წელსაც რჩებიან სანერგეში, რისთვისაც მთელ სავეგეტაციო პერიოდში მიმდინარეობს მათი გახელვა გაფხვიერება მორწყვა და გამოკვება. კარგი მოვლის პირობებში ნერგები შემოდგომაზე 50-80 სმ. სიმაღლეს აღწევენ, კარგად განვითარებული ფესვთა სისტემით და მზად არიან მუდმივ ადგილზე გადასარგავად.

ზ. გაბრიჩიძე; ი. ბასილია; ნ. გუნთაძე
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, ოზურგეთი,12/09/2021 წ.

თქვენი რეკლამა