უბაკლური – თეთრყურძნიანი სასუფრე და საღვინე ვაზის ჯიში

უბაკლური, კახური, ვაზის, ჯიში

უბაკლური თეთრყურძნიანი სასუფრე და საღვინე ვაზის ჯიშია, გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

წარმოშობა: კახეთი.

უბაკლური სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად გამოიყენება. მისი ყურძნისაგან ცალკე დაყენებული ღვინო მაღალი ღირსებისაა, ჩალისფერი, ნაზი ჰარმონიული გემოთი და ჯიშური არომატით.

ადრე  ჯიში კახეთში ფართოდ ყოფილა გავრცელებული. პერსპექტიულია მესხეთის მევენახეობის მიკროზონებისთვის. ჯიში საშუალოზე ძლიერი ზრდისაა.

ზრდასრული ფოთოლი  საშუალო ზომისაა, მომრგვალო, უმნიშვნელოდაა გადახრილი ოვალური ფორმისკენ. ხუთნაკვთიანია, იშვიათად სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ხასიათდება საშუალო შებუსვით.

მტევანი საშუალო ზომისაა, განივკონუსური, დატოტვილი, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური ფორმის. ხანდახან გვხვდება აგრეთვე უფორმო მტევნებიც. აღნაგობით კუმსია ან ძალიან კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ ოვალური ფორმის, მომწვანო – მოყვითალო ფერის, კანი საშუალო სისქის, რბილობი საშუალო სიმკვრივის, სასიამოვნო გემოთი.

სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა საშუალოდ შეადგენს 150-157 დღეს. სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის მეორე ნახევრიდან. მტევნის წონა მერყეობს 100-350 გრამამდე. ყურძნის წვენის შაქრიანობა  აღწევს 18-21%-ს, მჟავიანობა 7-8გ/ლ.

წყარო: სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრი

თქვენი რეკლამა