ხორბლის ღია კარის დღე „ლომთაგორა 2024″ გაიმართა

ხორბლის, დღე, მარნეული

მარნეულის მუნიციპალიტეტში ხორბლის სასელექციო-სადემონსტრაციო ღია კარის დღე „ლომთაგორა 2024″ გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში შპს „ფირმა ლომთაგორას” დირექტორმა კახა ლაშხმა მოწვეულ სტუმრებს ხორბლის მოვლა-მოყვანის ახალი ტექნოლოგიები, არსებული გამოწვევები და მიმდინარე სამუშაოები გააცნო.

დარგის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა, კომპანიის მფლობელობაში არსებულ საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთზე ხორბლის ენდემური სახეობები, ძველი ადგილობრივი ჯიშები, საერთაშორისო სანერგეებიდან გამორჩეულ 120-მდე დათესილი ხორბლის პერსპექტიული ფორმები და ეროვნულ კატალოგში შესული ხორბლის სათესლე-სანერგეები დაათვალიერეს. მათ ლომთაგორას სადემონსტრაციო ნაკვეთებზე საერთაშორისო სანერგეებიდან გამორჩეულ პერსპექტიულ ფორმებში მცენარეთა ნიადაგურ-კლიმატურ პირობებთან ადაპტირება, დაავადებების მიმართ მდგრადობა და მაღალმოსავლიანობის განმაპირობებელი ელემენტები შეაფასეს. იმსჯელეს მიღებული შედეგებიდან საქართველოში ახალი ჯიშების დარეგისტრირებაზე.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე დაესწრო.

„მარცვლეული კულტურების განვითარების ხელშესაწყობად, აუცილებელია სექტორის მეცნიერული უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ინტროდუცირებული სელექციური ახალი ჯიშების გამოცდა, დარაიონება და ფერმერულ მეურნეობებში გავრცელება. ქართველი ფერმერებისთვის პრიორიტეტულ საკითხს ადგილზე წარმოებული ხორბლის ხარისხიანი სათესლე მასალის მიწოდება წარმოადგენს. მეთესლეობის ამ საკითხის გადასაჭრელად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და დონორ ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობით, ლომთაგორა 30 წელზე მეტია ბაზარზე ხორბლისა და სიმინდის სელექცია-მეთესლეობას და მინდვრის კულტურების წარმოებას წარმატებულად ახორციელებს”, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა ასევე მოინახულეს კომპანიის მფლობელობაში არსებული, 2013 წელს იაფი კრედიტის ფარგლებში შექმნილი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მარცვლეულის შესანახი ქარხანა და თესლის გადამამუშავებელი და საწმენდი თანამედროვე აგრეგატი.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, სიმინდისა და ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრის(CIMMYT) წარმომადგენელი ბეიჰან აკინი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ქობულეთის გენეტიკისა და იმუნოლოგიის ინსტიტუტის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლები და ფერმერები ესწრებოდნენ.

იხილეთ: ქართული ხორბალი

კრედო ბანკი