ჩვენს პლანეტაზე ვაზის კულტურის გავრცელების (სამხრეთით 36-39° და ჩრდ. განედის 51-52°) არეალში საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო (აღმოსავლეთ გრძედის 40°05I_46°44I და ჩრდილოეთ განედის 41°07I_43°35I) ადგილი უკავია.
ვაზის ვერტიკალური გავრცელება ამ ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 1200 მეტრამდე აღწევს; სამეწარმეო მევენახეობა კი 700-800 მეტრამდეა განლაგებული _ კავკასიონის მთათა სისტემის შუა და მის დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზთა შორის, რომელთა კომპლექსური ზემოქმედება განსაზღვრავს აქაური ბუნებრივი პირობების, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებას _ სიმდიდრეს და განსაკუთრებულ გარემოს ქმნის ორიგინალური მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისთვის.
რეგიონის სითბოთი უზრუნველყოფა კი გაცილებით მაღალია ევროპულთან შედარებით, რაც აისახება ვენახის გაშენება-მოვლის ღონისძიებათა სისტემის განსხვავებულ მიდგომებში.
აგრო-ეკოლოგიური პირობებისა და მევენახეობა-მეღვინეობის მკვეთრად განსხვავებული თავისებურებების გათვალისწინებით, ქვეყნის ტერიტორია ორ მაკროზონად არის გაყოფილი: აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო.
აღმოსავლეთ საქართველო _ კახეთი, ქართლი, მესხეთი ხასიათდება ზომიერი კონტინენტური, მშრალ სუბტროპიკულში გარდამავალი ჰავით და ნაწილობრივ მოქცეულია კასპიის ზღვის ზეგავლენის ქვეშ.
დასავლეთ საქართველო _ იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, აჭარა, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი მოქცეულია უშუალოდ შავი ზღვის გავლენის ქვეშ და ხასიათდება სუბტროპიკული კლიმატით.
ეთნიკურ გეოგრაფიულ კუთხეებში საუკუნეთა მანძილზე ჩამოყალიბდა და განვითარდა ვაზის მრავალფეროვანი, თითოეული რეგიონის, ზონისა და მიკროზონისათვის დამახასიათებელი ვაზის ჯიშობრივი ასორტიმენტი.
კახეთი
კახეთი _ კლასიკური მევენახეობა-მეღვინეობის განუმეორებელი ოაზისი; უმსხვილესი რეგიონი, სადაც კონცენტრირებულია ქვეყნის ვენახების 65-68%-ზე მეტი და წარმოებული ღვინის 75-80%.
კახეთი მდებარეობს ჩრ.-ის განედის 410-420-15I და აღმოსავლეთ განედის 450-460 30I შორის. ჰაერის საშუალო წლიური ტექმპერატურა 11,5-13,50-ის ფარგლებშია; აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 3500-42500C შეადგენს; მზის ნათების ხანგრძლივობა 2050-2300 საათია. ნალექების წლიური ჯამი 500-800 მმ ფარგლებშია.
ვენახები ძირითადად გაშენებულია ყავისფერ, მდელოს ყავისფერ, რუხ ყავისფერ (წაბლა), ნეშომპალა-კარბონატულ-შავმიწა, მდელოს შავმიწა და ალუვიურ ნიადაგებზე. აღნიშნული ნიადაგები ხასიათდებიან კარგი ფიზიკური, წყლიერი, თბური და აქტიური-ბიოლოგიური თვისებებით.
კახეთის მევენახეობა-მეღვინეობის ძირითადი მიმართულებაა მაღალხარისხოვანი წითელი და თეთრი, ევროპული და კახური ტიპის მშრალი, ბუნებრივად მოტკბო და სადესერტო ღვინოების წარმოება.
მიკროკლიმატური პირობებისა და წარმოებული პროდუციის მიმართულებისა და ხარისხის მიხედვით, კახეთის რეგიონში გამოყოფილია ორი ქვეზონა და 25-ზე მეტი განსაკუთრებული მიკროზონა. კახეთშია მოქცეული ადგილის წარმოშობის სახელწოდებით ტრადიციულად აღიარებული ღვინოების ისეთი უნიკალური მიკროზონები, როგორიცაა: ქინძმარაული, წინანდალი, ნაფარეული, თელიანი, გურჯაანი, ახაშენი, მუკუზანი, კარდანახი, ტიბაანი, მანავი, ხაშმი და სხვ.
წინანდლისა და მანავის თეთრი მაღალხარისხოვანი ევროპული ტიპის ღვინოები იწარმოება აქაური ადგილობრივი ჯიშებისაგან, როგორიცაა: რქაწითელი, მწვანე კახური, ხიხვი, ქისი და მათი კლონები. მაღალხარისხოვანი წითელი მშრალი ღვინო„მუკუზანი“ კი ადგილობრივ ჯიშ საფერავისგან მზადდება. ამავე ჯიშისაგან მზადდება ბუნებრივად მოტკბო ღვინოები, „ქინძმარაულის“ და „ახაშენის“ სახელწოდებით. წითელი მაღალხარისხოვანი ღვინო „თელიანი“ კი მიიღება ფრანგულ ჯიშ კაბერნე სოვინიონისგან _ წინანდლის მიკრო ზონაში.
კახეთის რეგიონში ადგილობრივი, ტრადიციული, ხალხური წესების საფუძველზე შემუშავებულია კახური ტიპის ღვინის დაყენების ორიგინალური ტექნოლოგია _ ტკბილის დადუღება ქვევრში ჭაჭასა და კლერტთან ერთად, რომლის დავარგება ქვევრში სამი ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობს.
კახური ღვინო გამოირჩევა მაღალი ექსტრაქტულობით, ტანინის მაღალი შემცველობით, ორიგინალური ბუკეტითა და გემოთი; მდიდარია ადამიანისათვის სასარგებლო ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა შემცველობით.
ქართლი
ქართლი _ ისტორიულად ბუნებრივად ცქრიალა და შუშხუნა ღვინოების წარმოების ზონა. ცალ-კეული მიკროზონები ცნობილია აგრეთვე ევროპული ჯიშის სუფრის მაღალხარისხოვანი მსუბუქი, ჰარმონიული ღვინეობით. ამ დანიშნულებით ადგილობრივ ჯიშებთან (ჩინური, გორული მწვანე, თავკვერი, შავკაპიტო) ერთად საუკეთესო პროდუქციის მომცემია ფრანგული ვაზის ჯიშებიც _ პინო და ალიგოტე.
ქართლი მდებარეობს ქვეყნის ტერიტორიის ცენტრალურ ნაწილში, მდ. მტკვრისა და მისი შენაკადების ლიახვისა და ქსნის ვრცელ აუზში.
ვენახების ძირითადი მასივები გაადგილებულია ზღვის დონიდან 450-700მ სიმაღლეზე.
ზაფხული ცხელი და მშრალია, ზამთარი ცივი და კონტინენტური. აქტიური სითბოს ჯამი 30300C (მესხეთში)-37000C (შიდა ქართლში) ფარგლებში ცვალებადობს, ქვემო ქართლში კი 41000C აღემატება. წლიური საშუალო ტემპერატურა შიდა ქართლში 9,6-11,40C, ქვემო ქართლში 10,3-12,90C ფარგლებში იცვლება. მზის ნათების წლიური ხანგრძლიოვობა კი 2100-2500 სთ. შეადგენს. ხოლო ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი 370-700 მმ-ია.
ვენახები ძირითადად გაშენებულია მდელოს ყავისფერ, მდელოს ალუვიურ, რუხ-ყავისფერ (წაბლა), ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე.
ქართლის ღვინოების ორიგინალურობას განსაზღვრავს ადგილობრივი ფერადყურძნიანი ჯიშები: თავკვერი, ასურეთული შავი და შავკაპიტო.
თეთრყურძნიანი: გორული მწვანე, ჩინური და ახალსელექციური: რქაწითელი მუსკატური.
შუა ქართლში ატენის ხეობაში, უძველესი დროიდან ტრადიციული ტექნოლოგიებით, ადგილობრივი ჯიშებით: გორული მწვანე, ჩინური, ბუდეშური, თავკვერი მზადდება ორიგინალური ცქრიალა ღვინო _ „ატენური“.
ზემო ქართლის _ მესხეთის ტერიტორიაზე დღეს მევენახეობა-მეღვინეობას არ აქვს სამრეწველო ხა-სიათი, მაგრამ უძველესია დარგის ისტორია ამ უძველეს ქართულ მიწაზე. მესხეთში ცქრიალა ღვინოების განუმეორებელი ღვინომასალა მიიღება გორული მწვანის, ჩინურისა და ფრანგული ჯიშების, პინოსა და ალ-იგოტესაგან. მაღალხარისხოვანი სუფრის ჯიშური მშრალი ღვინო მიიღება ასევე ხიხვისგან.
მუხრანის ველის სამხრეთ ფერდობები დიდგორისა და ცხინვალის მიკრორაიონები უნიკალურია მაღალხარისხოვანი ევროპული ტიპის სუფრისა და ცქრიალა ღვინოების წარმოებისათვის, რომლებიც ადგილობრივი გორული მწვანის, ჩინურის, შავკაპიტოს, თავკვერისა და ფრანგული ჯიშების პინოსა და ალიგოტესაგან იწარმოება.
თავკვერისა და შავკაპიტოსაგან მიიღება აგრეთვე ბუნებრივად ვარდისფერი მაღალხარისხოვანი ღვინოები.
ქვემო ქართლი საუკეთესო ზონაა აგრეთვე სუფრის ყურძნისა და ქიშმიშის წარმოებისათვის, რეკომენდირებული ჯიშებია: ქართული საადრეო, განჯური, ქართლის თითა, ყარაბურნუ (აფუზალი), თბილისური, რქაწითელი მუსკატური, კოლხური, ივერია, იტალია, კარდინალი, სულთანინა და სხვ.
იმერეთი
იმერეთი _ ხარისხოვანი მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთი მსხვილი რეგიონი; გამორჩეულია მეღვინეობის სანედლეულო რესურსების მრავალფეროვნებით. შუა და ზემო იმერეთში უძველესი ადგილობრივი ჯიშები: ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ოცხანური საფერე, ძელშავი, ალადასტური, კაპისტონი თეთრი და წითელი იძლევიან უმაღლესი ხარისხის ევროპულ და ორიგინალურ იმერული ტიპის, მაღალი საგემოვნო თვისებების მქონე მშრალ თეთრ, ვარდისფერ და წითელ ღვინოებს.
ამავე ზონაში ადგილობრივი ჯიშის ციცქას, ფრანგული პინო შავისა და შარდონესაგან მიიღება მაღალხარისხოვანი ცქრიალა, შუშხუნა ღვინოები.
იმერეთში ჰავა ნოტიოა, ზომიერად ცივი, თოვლიანი ზამთრით და მშრალი, ზოგჯერ გვალვიანი ცხელი ზაფხულით. აქაური სითბოს ჯამი 3200-41000C; ჰაერის საშუალო ტემპერატურა 13,9-14,60 ფარ-გლებში მერყეობს. მინიმალური ტემპერატურა იშვიათად -180-მდე ეცემა (საჩხერის ქვაბული) მზის ნათების ხანგრძლივობა (შუა იმერეთში) წლიურად 1200-2100 სთ შეადგენს. სავეგეტაციო პერიოდში 1450-1550 სთ. საზღვრებშია. ნალექების წლიური ჯამი 1200-1500 მმ, სავეგეტაციო პერიოდში 550-750 მმ.
იმერეთში საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე გავრცელებულია ნეშომპალა-კარბონატული, ყომრალი, ყვითელმიწა და ეწერი ნიადაგები. გვხვდება მდელოს ალუვიური ნიადაგებიც. ნიადაგი მდიდარია ფოსფორით. ეროზიისაგან დაცულ ნიადაგებში კალციუმის კარბონატები 20-30% აღწევს.
არგვეთის მიკროზონა იძლევა შესაძლებლობას ოცხანური საფერესაგან წარმოებულ იქნას მაღალხარისხოვანი წითელი ღვინო „არგვეთული საფერე“.
ცოლიკოურის, ციცქასა და კრახუნასაგან ტრადიციულია მათი გავრცელების ადგილისა და ჯიშური დასახელების ღვინოების წარმოება _ სახელწოდებით „სვირი“.
მრავალსაუკუნოვანი ხალხური ტრადიციების საფუძველზე შემუშავებულია ღვინის დაყენების ორიგინალური იმერული ტექნოლოგია, რომლის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ყურძნის ტკბილის დადუღება მიმდინარეობს ჭურში (ქვევრში), რომელსაც ემატება მხოლოდ ჭაჭა (მთელი მადუღარ მასის 4-6 %), დავარგება 1,5-2 თვე გრძელდება, შემდეგ ღვინო გადააქვთ კასრებში.
ამ წესით დამზადებულ ღვინომოყვითალო ჩალისფერია, სხეულიანია, მსუბუქი, ჰარმონიული სასიამოვნო გემოთი, მეტად საგრძნობია ჯიშობრივი დადებითი თვისებები. ამ ტიპის ღვინო შეიძლება გავრცელდეს გეოგრაფიული დასახელებით _ „იმერული ღვინო“.
რაჭა-ლეჩხუმი
რაჭა-ლეჩხუმი _ ყოველი მხრიდან კლდეებით შემოფარგლული საქართველოს პატარა ულამაზესი ხეობა, ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოების აკვანი, მდებარეობს იმერეთიდან ჩრდილოეთით, მდინარეების რიონისა და ცხენისწყლის ორივე ნაპირზე. აქ განსაკუთრებული სითბური რეჟიმი-მიკროკლიმატია შექმნილი, რაც თავისთავად განმსაზღვრელია აქაური ღვინოების ორიგინალური თვისებებისა და ღირსებებისა.
ვენახები გაშენებულია ზღვის დონიდან 600-800 მეტრზე.
ვენახები გავრცელების ძირითად ზონაში (ზღ. დონიდან 800მეტრამდე) აქტიური სითბოს ჯამი 3000-3650 ფარგლებშია. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 9,5-11,40 ფარგლებში ცვალებადობს.
ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი 950-1250მმ შეადგენს, სავეგეტაციო პერიოდში კი 600-700მმ.
გავრცელებულია მცირე სისქის ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები. ამ ნიადაგებზე განლაგებულია უნიკალური „ხვანჭკარას“, (სადმელის, ტვიშის, ორბელის, ოყურეშის)…. მიკროზონა.
ძირითადი საწარმოო ადგილობრივი ჯიშები, წითელყურძნიანები: ალექსანდროული, მუჯურეთული, უსახელოური, ორბელური ოჯალეში, კაბისტონი წითელი. თეთრყურძნიანები: წულუკიძის თეთრა, ცოლიკოური.
რაჭა-ლეჩხუმის მზით უხვად განათებულ ფერდობებზე გაშენებული ვაზის ჯიშები შაქრის დაგროვების დიდი უნარით ხასითდებიან (28-30%-მდე) და იძლევიან საშუალებას მათგან დამზადებული იქნას ორიგინალური, მაღალხარისხივანი წითელი და თეთრი ბუნებრივად მოტკბო და მშრალი ღვინოები.
ქვეყნის ფარგლებს გასცდა და უდიდესი აღიარება მოიპოვა წარმოშობის ადგილის დასახელების ბუნებრივად ნახევრადტკბილმა ღვინო „ხვანჭკარა“-მ, ხვანჭკარის, სადმელის, ჩორჯოს, ბოსტანას, ტოლას,…) სოფლებიდან, რომელიც ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშებისაგან მზადდება.
„ხვანჭკარა“ _ ისტორიულად ცნობილი ადგილობრივი ტექნოლოგიით მიღებული ღვინო ითვალისწინებს ტკბილის დადუღებას ქვევრში ჭაჭაზე. მაღალშაქრიანი (23%-ზე მეტი) ყურძნის ტკბილის ნაწილობრივი დადუღების შემდეგ, ღვინოში რჩება 3-5% შაქარი, რაც ღვინოს უნარჩუნებს სასიამოვნო სიტკბოს და ჯიშისთვის დამახასიათებელ მაღალ საგემოვნო, ორიგინალურ თვისებებს. ამჟამად „ხვანჭკარა“ მზადდება თანამედროვე გაუმჯობესებული ტექნოლოგიით.
ტვიშის მიკროუბანში შექმნილი მიკრო კლიმატი განაპირობებს იმერული ჯიშის ცოლიკოურისგან თეთრი ბუნებრივად ნახვერადტკბილი ღვინის მიღებას ადგილის დასახელებით _ „ტვიში“.
ლეჩხუმში, ზუბი-ოყურეშის მიკროზონაში ადგილობრივი ჯიშის უსახელოურისაგან მზადდება ბუნებრივად ნახევრადტკბილი წითელი ღვინო „უსახელოური“, ხოლო ორბელის მიკროზონაში ორბელური ოჯალეშისაგან მიიღება ამავე კატეგორიის ღვინო „ორბელური ოჯალეში“.
შავი ზღვის სანაპირო ზოლი
შავი ზღვის სანაპირო ზოლის ტენიანი სუბტროპიკული ზონა: აჭარა, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი, მრავაფეროვანი ღვინოებით, ყურძნისაგან მიღებული კუთხური სხვა ქვეყნისათვის უცხო და უცნობი საკვები პროდუქტებით მდიდარი უმშვენიერესი და დიდი ნაწილია ქვეყნისა.
ისე, როგორც მთელ დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვისპირეთშიც გავრცელებულია ნეშომპალა-კარბონატული, ყომრალი, ყვითელმიწა, წითელმიწა და ეწერი ნიადაგები. გვხვდება მდელოს ალუვიური ნიადაგებიც.
აჭარა
აჭარაში ძველად ფართო მასშტაბით მისდევდნენ მევენახეობას და ძირითადად ღვინის წარმოების მიმართულება ჰქონდა. ვაზები მაღლარის სახით გვხვდება, როგორც ზემო ისე ქვემო აჭარაში 900 მეტრ და მეტ სიმაღლეზე ზღვის დონიდან.
ადგილობრივი ჯიშებიდან აღსანიშნავია: ხოფათური, კლარჯული, ბროლა, ბუტკო, ბათომურა, საწური და სხვ. დღესდღეობით ჩამოთვლილი ჯიშები ძალზედ მცირედ არიან ნარგაობებში წარმოდგენილნი და მათი აღდგენა-გამრავლება საშური საქმეა. აქტიურად მიმდინარეობს უნიკალური ვაზის ჯიშის ჩხავერის აღდგენა-განვითარება.
გურია
გურია _ ცნობილია ადგილობრივი ჯიშების სიმრავლით. ხალხური ფოლკლორის მთელი რიგი მაგალითები ადასტურენებ მევენახეობა-მეღვინეობის მდიდარ ისტორიულ წარსულს ამ რეგიონში.
გურიის ჯიშები უმთავრესად წითელყურძნიანია, განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩხავერი, სხილათუბანი, მტევნდიდი, ალადასტური, ჯანი, ბადაგი, საკმიელა (თეთრყურძნიანი) და სხვა. გურიაში ფართოდ გავრცელდა აგრეთვე იმერული ჯიში ცოლიკოური, რომელიც მთელ რიგ მიკროუბნებში ხარისხიან პროდუქციას იძლევა.
ბახვი-ასკანის, ფარცხმა-საჭამიასერისა და ბუკისციხე-იანოულის მიკროზონებში მიუხედავად ჭარბტენიანობისა ადგილობრივ ვარდისფერყურძნიან ჯიშ _ ჩხავერისაგან მიიღება განუმეორებელი საგემოვნო თვისებების, ჯიშური დასახელების ვარდისფერი ცქრიალა და ბუნებრივად მოტკბო ღვინო „ჩხავერი“.
აღნიშნული ჯიში ხარისხოვან პროდუქციას იძლევა აგრეთვე აჭარის (ქედის რაიონი) და აფხაზეთის (გუდაუთის რაიონი) მიკროზონებში.
სამეგრელო
სამეგრელო _ მდებარეობს საქართველოს ჩრდილო დასავლეთ ნაწილში _ სვანეთის მთებიდან შავ ზღვამდე. ხარისხოვანი ღვინოების მომცემია ახუთის, მუხურის, სალხინოს, ჭკადუაშის, ფოცხო-უშაფათის მიკრორაიონები. ამ მიკრორაიონებში ვენახები გაშენებულია ფერდობებზე, რომელთაგან ცალკეული მასივები კარბონატების საკმაო რაოდენობას შეიცავს.
სამეგრელო მდიდარია ადგილობრივი ჯიშებით, რომელთაგან განსაკუთრებით პოპულარულია წითელყურძნიანი ვაზის ჯიში ოჯალეში, საიდანაც სალხინო თამაკონის და ბანძის მიკროზონაში მზადდება ინტენსიურად შეფერილი ბუნებრივად მოტკბო და მშრალი, ჯიშური დასახელების ღვინო „ოჯალეში-სალხინოს“.
გამოვლენილია პერსპექტიული ადგილობრივი ჯიშები: პუმპულა, ჩექობალი, ჩეში, გოდაათური და სხვა.
აფხაზეთი _ აფხაზეთის მევენახეობა-მეღვინეობა მოქცეულია უშუალოდ შავი ზღვვის ახლოს სანაპირო ზოლში; ვენახები ზღვის დონიდან 2-4 მ იწყება და 500 მ სიმაღლემდე ვრცელდება.
აფხაზეთი უხვი ნალექებით ხასიათდება, მაგრამ ვენახების გავრცელების ადგილებზე სავეგეტაციო პერიოდში კი 800-900 მმ შეადგენს.
მაღალი საგემოვნო თვისებების მქონე ღვინოების მიღებას განაპირობებენ წითელი და ვარდისფერყურძნიანი ჯიშები: ჩხავერი, ოჯალეში, კაჭიჭი, ალადასტური, პინო შავი. თეთრყურძნიანი ჯიშები: ცოლიკოური, ავასირხვა, ალიგოტე. აღნიშნულ რეგიონში კარგ თვისებებს ავლენს სუფრის ჯიშები: თავრიზული, ტაიფი, კარაბურნუ, ცხენის ძუძუ, შასლა თეთრი, ქართული საადრეო.
მევენახეობა – აგროტექნოლოგია /რედ. ლევან უჯმაჯურიძე; აკად. ნოდარ ჩხარტიშვილის საერთო რედაქციით/.