აფხაზეთში გავრცელებული ვაზის ჯიშები

აფხაზეთში, ვაზის, ჯიშები

ვაზი აფხაზეთში, როგორც დასავლეთ საქართველოს სხვა ადგილებშიც, გაშენებულია მაღლარად და აშვებულია უმთავრესად ხურმაზე, თხმელაზე და ხეხილზე.

უმეტეს ნაწილად მაღლარი შექუჩებულია ეზო-გარემოში, მაგრამ არა იშვიათად ისინი გაფანტულია თითო-ოროლად აქა-იქ გზებზე, მინდვრებში და საძოვრებში.

დაბლარი ვენახის გაშენების ცდები აქაც, როგორც გურია-სამეგრელოში, უშედეგოდ ჩატარდა, ვინაიდან არ ჰქონდა სათანადო მოვლა და არ იყო არჩეული შესაფერი ადგილები და ვაზის ჯიშები.

აფხაზეთში იყო ბევრი ადგილობრივი ვაზის ჯიში, რომლებიც იძლეოდენ კარგ ღვინოს. გასულ საუკუნის ორმოცდაათიან წლებში ჩნდება ვაზის ავადმყოფობა „ნაცარი“, რომელმაც თავის განვითარებისათვის

აქ იპოვა ხელსაყრელი პირობები; ოთხმოციან წლებში ამ ავადმყოფობას კიდევ მიემატა ჭრაქი. ამ სოკოს ავადმყოფობამ ადგილობრივი ჯიშის უმეტესი ნაწილი მოსპო, ბევრმა ძალზე უკლო მოსავალს და წინა წლების დიდი მოსავალი უკვე მოგონებად გადაიქცა.

გადარჩენილ ადგილობრივ ჯიშებში, რომლის ღვინოები ცნობილი იყვნენ მთელ აფხაზეთში, ყურადღების ღირსია შემდეგი ჯიშები:

  1. ამლახუ – ვაზი ხარბად იზრდება: მტევანი მოგრძო აქვს, ნაკლებად გატოტვილი, ცოტათი შეკუმშული; მარცვალი საშუალო სიდიდის, ცოტათი მოგრძო, მოწითალო მიხაკის ფერისა, რომელიც ხანდახან მუქ ფერზე გადადის; საკმაოდ წყლიანი არ არის; წვენი მკრთალი ვარდის ფერი, ტკბილი; კანი საკმაოდ სქელი აქვს.

მოსავლიანობა დიდი არ იცის; მწიფდება ყველაზე უფრო გვიან, ოქტომბრის ბოლო რიცხვებში; ნაცრისა და ჭრაქისაგან ძალიან იჩაგრება. ითვლება საუკეთესო ჯიშად მთელ აფხაზეთში, უდგება

საკმაოდ მაგარი, სურნელოვანი, ცოტათი შუშხუნა ღვინო, რომელიც მოგაგონებს მალაგას ან მარსალას. ამ ჯიშის წარმოშობას აგვიწერენ სხვადასხვა ნაირად: ერთნი, რომ ეს ჯიში მოტანილიაო მალაგიდან, მეორენი, რომ ეს ქართლის ჯიშიაო, გამოგზავნილი აფხაზეთის მთავართან იქაურ თავად ამილახვრისაგან (აქედან სახელიც „ამლახუ“). ამლახუ ცოტაოდენი გვხდება აკვაკამცას რაიონში და ამას იქით ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მთის კალთებზე.

  1. კაჭიჭი – ზრდა საკმაოდ მძლავრი აქვს; მტევანი მეჩხერი, მოგრძო; მარცვალი შავი, წვრილი, წვნიანი; წვენი ვარდის ფერი, ტკბილი; კანი თხელი, ღებავს. მოსავლიანობა ნაკლები, მწიფდება ოქტომბრის შუა რიცხვებში ან მის მეორე ნახევარში. მეტად ფუჭდება ჭრაქისაგან, ნაკლებად ნაცარისაგან. იძლევა მშვენიერ, რბილ, სურნელოვან სუფრის ღვინოს მუქი წითელი ფერისა; დიდხანს ჭაჭაზე გაჩერებული ღვინო ტლანქი და მეტად თრიმლოვანი გამოდის. ესჯიში გავრცელებულია აბგარას არე-მარეში.
  2. აპაპნიშ ანუ პაპუნია – მტევანი აქვს დიდი; მარცვალი მსხვილი, მრგვალი, საკმაოდ წვნიანი; კანი სქელი, კარგი მოსავალი იცის; სოკოვან ავადმყოფობიდან ნაკლებად იჩაგრება სხვებთან შედარებით. ღვინო უდგება მსუბუქი, მოწითალო. გვხდება სოხუმის არე-მარეში და მის სამხრეთისკენ.
  3. აგბიშ – ყურძნის მარცვალი დიდი, შავი ფერისა, კანი სქელი; ღვინო საკმაოდ სურნელოვანი და სქელი. ხანდახან იხმარება სხვა ჯიშების შესაღებავადაც, ნაცრისგან მეტად იჩაგრება. ეს ჯიში გვხვდება სოფ. კულანურხვაში და მის ირგვლივ.
  4. ატპიუჟ – ყურძნის მარცვალი საშუალო სიდიდის, შავი ფერის; წვენი სქელი, იძლევა მუქ-ფერის ღვინოს, სქელს და საკმაოდ მაგარს. იხმარება ღვინოების შესაფერად. გავრცელებულია გუდაუთის რაიონში.
  5. ავასირხვა – თეთრი; ყურძნის მარცვალი საშუალო სიდიდის, მრგვალი; მტევანი მომცრო, შეკუმშული; იძლევა მსუბუქ, ცოტათი მოყვითალო ღვინოს. გავრცელებულია გუდაუთიდან ჩრდილოეთისკენ.
  6. აჟიშ – მტევანი პატარა, მეჩხერი; მარცვალი საშუალო სიდიდის, თეთრი, მრგვალი; იძლევა მსუბუქ სურნელოვან ღვინოს. სოკოვან ავადმყოფობისაგან მეტად იჩაგრება. გავრცელებულია სოხუმის ახლო და კოდორის მაზრაში.
  7. აკუშარ – შავი; მტევანი მეჩხერი, მარცვალი საკმაოდ მსხვილი, ხორციანი; ღვინო მსუბუქი, საკმაოდ სურნელოვანი. ძალიან ავადდება ნაცრისაგან. გვხვდება კოდორის მაზრაში.
  8. აჟიკვა – შავი, მტევანი რამდენიმედ შეკუმშულია, მარცვალი საშუალო სიდიდისაა; კანი სქელი აქვს; ღვინო უდგება მაგარი, წითელი, არა სურნელოვანი. სხვაზე ნაკლებ იჩაგრება სოკოვან ავადმყოფობით. გვხვდება სოფლებში აშტარა, ჟგერდი და მათ გარშემო.
  9. აჟაპშ – მტევანი სქელი, მარცვალი საშუალო სიდიდის, თითქმის შავი ფერის; ღვინო მუქ-წითელი; საკმაოდ მაგარი და სურნელოვანი. სოკოვან ავადმყოფობით ძალიან იჩაგრება, გავრცელებულია კოდორის მაზრაში.

ვენახის გაშენების წესი

ვენახის გაშენების წესი იმნაირია, როგორც სამეგრელოში. აფხაზეთის მაღლარის დამახასიათებელ თვისებას შეადგენს სავენახე ხეების გაშლილობა, რომელიც ჩვეულებრივ ნამეტან აჩრდილებს მასზედ აშვებულ ვენახს, რის გამო ყურძენი ერთდროულად არ მწიფდება და ერთობ გვიან მოდის. ამას უნდა დაემატოს ხანდისხან ის გარემოება, რომ ეზოებში ვენახიანი ხეები ერთობ ხშირად არის გაშენებული, რომელნიც წარმოადგენენ თითქმის ტყეს მეტად დაჩრდილულს, საცა ნიადაგი ნესტიანდება და ყურძნის მტევნები იჩრდილება.

აფხაზეთში ყურძენს კრეფენ ძალიან გვიან, უმეტეს შემთხვევაში ოქტომბერში, ნოემბერში და თითქმის დეკემბერშიც.

ღვინის დაყენების წესი

ღვინის დაყენების წესი და მათი მოვლა იმნაირია, როგორც გურია-სამეგრელოში. ერთ დესიატინაზე საშუალოდ არის 200 ძირი ვაზი. მოსავალს თითო ძირი იძლევა 1-2 ფუთ ყურძენს ანუ 1-2 ვედრო ღვინოს.

ადგილობრივი ჯიშები იძლევა შესამჩნევად უფრო ნაკლებს. მთელი ვენახების სივრცე აფხაზეთში არის 3000 დესიატინა, ამათში დაბლარია 30 დესიატინა, დანარჩენი კი სულ მაღლარი; ყველაზე მეტი ვენახებია გუდაუთის მაზრაში.

ბევრმა მოწინავე მეურნემ დაიწყო დაბლარ ვენახის გაშენება, მათმა ცდებმა და დაკვირვებამ მოგვცა ბევრი კითხვის გაშუქების საშუალება დაბლარ ვენახის კულტურის შესახებ: აქ კარგად ხარობს სემილიონი (სოტერნი) და ალიკანტე; ორივე ეს ჯიში გამოცდილ მეურნის სიტყვით, სოკოს ავადმყოფობით სხვა ჯიშებზე ნაკლებ იჩაგრება, ადრე მწიფდება, მათი მოსავლიანობა აღწევს 150 ვედრომდე ერთ დესიატინაზე; ღვინო უდგება უფრო მაგარი და სურნელოვანი. სხვა ჯიშიდან კიდევ ყურადღების ღირსია კაბერნე-სოვინიონი და გამე. კახური საფერავი და სხვა უფრო მშრალი ადგილების ჯიშები სოკოს ავადმყოფობით ძალიან იჩაგრებიან და ცოტა მოსავალს იძლევიან. მუსკატიც აგრეთვე ძალიან ავადდება სოკოს ავადმყოფობით და მეტად ესევა კრაზანა და ფუტკარი.

ერმილე ნაკაშიძე . 1929 წელი.

იხილეთ: მევენახეობა – მეღვინეობა გურია-სამეგრელოში, აჭარაში და აფხაზეთში

თქვენი რეკლამა