ადგილწარმოშობის დასახელება „ახაშენი“

ახაშენი

მიუხედავად იმისა, რომ მევენახეობა ქართველი კაცის ცხოვრების ნაწილია და განსაკუთრებით კახელი კაცისთვის ვაზი მთელი სამშობლოს ტოლფასია, მეღვინეობის მიმართ სისტემური მიდგომა – ქარხნების გაშენება, ღვინის ჩამოსხმა ბოთლებში, რეალიზაცია და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანა – შედარებით გვიან პერიოდამდე, XIX საუკუნის შუა წლებამდე ხდებოდა იშვიათ რეგიონებში.

კახეთის გარკვეულ ნაწილში 1940 წლიდან დაიწყო ამ სისტემაზე ფიქრი და საქართველოს ღვინის საწარმოების ტექნიკური აღჭურვა.

1942 წლის 3 სექტემბერს ჩატარდა გაერთიანებული თათბირი, სადაც მეღვინეები და მათი წარმომადგენლები შეიკრიბნენ და შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა. უნდა დაგეგმილიყო ღონისძიებების მთელი წყება, რომელიც უზრუნველყოფდა ნახევრად ტკბილი და არამხოლოდ ნახევრად ტკბილი ღვინოების წარმოების გაფართოებას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას და რეალიზაციის გაზრდას.

ამ გეგმის ნაწილი იყო ახალი ქარხნების აშენება სხვადასხვა მიკროზონაში, მათ შორის, ზეგაანში, სადაც შეიქმნა ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო „ახაშენი“. ახაშენის დაბადების თარიღად შეგვიძლია მივიჩნიოთ მის პირველ ქარხნულ ბოთლზე დატანილი თარიღი – 1958 წელი. გეგმამ გაამართლა და მთელი 30 წლის განმავლობაში, 1990 წლამდე, „ახაშენმა“ არაერთ საერთაშორისო კონკურსსა და გამოფენაზე მოიგო 11 მედალი, მათ შორის, 6 ოქრო და 5 ვერცხლი.

ალბათ გახსოვთ კახეთზე შექმნილი ყველაზე ცნობილი სიმღერა „კახეთო, ჩემო კახეთო!“, სადაც ასეთი სიტყვებია:

„ცივ გომბორიდან სიცოცხლის, სიმღერით გადმოსახედო
ვხედავ იისფერ ნისლებში, ირმების გადმოსახედო“…

სწორედ, ამ ცივ-გომბორის ქედის კალთები და მდინარე ალაზნამდე ჩამავალი ტყისპირა მხარეა ახაშენის მიკროზონა. სწორედ რომ ირმების გადმოსახედი ადგილი, სწორ მიდამოზე გაშლილი სოფლები: ზეგაანი, ახაშენი, ჩუმლაყისა და ყიტაანის სავარგულები და გურჯაანის ნაწილი.

ამ მიკროზონას რეგიონისთვის დამახასიათებელი კლიმატი აქვს: ზომიერად თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. ნიადაგის მრავალფეროვნება. მოცემულ კლიმატურ პირობებში საფერავის ვაზის მიერ გამოვლენილი ადგილობრივი ჯიშური თავისებურებები განაპირობებს ღვინო „ახაშენის“ განუმეორებელ, მხოლოდ ამ ღვინისთვის დამახასიათებელ ორგანოლეპტიკურ თვისებებს.

„ახაშენი“ წითელი ნახევრადტკბილი ღვინოა, რომელსაც აქვს მუქი წითელი ფერი. უზადო, ჰარმონიული, ხავერდოვანი და დახვეწილი გემო კარგად გამოხატული ხილის ტონებით, საფერავის ჯიშის ამ ადგილისთვის დამახასიათებელი არომატით.

ღვინის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არის არანაკლებ 10,5%, საერთო მოცულობითი სპირტშემცველობა კი – არაუმეტეს 15,6%, მისი შაქრიანობა უნდა იყოს 18-45 გ/ლ.

ღვინო „ახაშენი“ შეიძლება დამზადდეს მხოლოდ საფერავის ჯიშის ყურძნიდან. ყურძენი კრეფის დროს უნდა იყოს აუცილებლად მწიფე, 22%-ზე არანაკლები შაქრიანობით.

ღვინო „ახაშენის“ წარმოებისთვის განკუთვნილი ყურძენი მოწეული უნდა იყოს მხოლოდ ახაშენის მიკროზონაში გაშენებული ვენახებიდან. ყურძნის გადამუშავება და ღვინის დამზადება ხდება ახაშენის მიკროზონის ტერიტორიაზე, დასაშვებია ეს პროცესი გასცდეს ახაშენის მიკროზონას, თუმცა უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ კახეთის მევენახეობის ზონის არეალით.

ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „ახაშენი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2005 წლის 30 აგვისტოს.

საქპატენტი

თქვენი რეკლამა