ქსოვრისის მარანი

ქსოვრისის, მარანი, მეღვინეობა

ისტორიული ძეგლი მდებარეობს სოფელი ქსოვრისის აღმოსავლეთით 2-იოდე კილომეტრში, ადრინდელი ფეოდალური ხანის ნასოფლარის ცენტრალურ ადგილას.

მარნიდან დაახლოებით ხუთას მეტრში დგას თელოვანის ჯვარპატიოსნის ეკლესია (VIII-IX სს). მარნის შესახებ წიგნის – „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის“ მეხუთე ტომში ცნობა მხოლოდ ერთი წირი წინადადებითაა აღნიშნული.

მარნისაგან ამჟამად შემორჩენილია ნანგრევები. შენობა ნაგებია რიყის ქვითა და კირდუღბით. კედლების სისქეა 70 სმ. მარნის სიგანე 8,5 მ-ია ხოლო სიგრძე 13.5 მ. მარანში შემორჩენილია ქვითკირის საწნახლების ნაშთები. აქედან მცირე საწნახლის შიდა ზომაა 5 მეტრი, ხოლო სიგანე კი 1,2 მ. დიდი საწნახლის სიგრძის შიდა ზომა კი 12 მეტრია, ხოლო სიგანე 1,2 მ. მარნის ყველაზე მაღალი შემორჩენილი კედლის სიმაღლეა 1.7 მ. შენობა საკმაოდ მოზრდილია და მისი ფართობი 115 კვადრატული მეტრია. მარნის აღმოსავლეთის კედელისაგან შემორჩენილია მხოლოდ მცირედი ფრაგმენტი.

მარანში ქვევრები არ არის შემორჩენილი. როგორც ჩანს ქვევრები გადატანილია სხვა ადგილას, რადგან ადგილზე მათი ნამტვრევებიც კი არ მოიპოვება. მარნის მოცულობიდან გამომდინარე მასში შესაძლებელი იქნებოდა 20 ცალი ტონანახევრიანი ქვევრის განთვსება (მთლიანობაში 30 ტონის ჭურჭელი). ტერიტორია, სადაც მდებარეობს მარანი არის უნიკალური სავენახე ადგილი. ამაზე, გარდა ნიადაგის ტიპისა, მეტყველებს ნიადაგის ექსპოზიციაც, რომელიც წარმოადგენს სამხრეთ-აღმოსავლეთის ფერდს. ეს ისტრიული ძეგლი უნდა წარმოადგენდეს დაახლოებით მეჩვიდმეტე საუკუნის ნაგებობას.

მარნებში ორი საწნახლის არსებობა ქართული სამარნე არქიტექტურისათვის დამახასიათებელია. მაგალითად იყალთოს, ნეკრესის, ზემოხოდაშნის, გურამიშვილისა და სხვა მარნები… ამგვარი გარემოება ნაკარნახევია ღვინის ტექნოლოგიიდან. ამგავარდ მოწყობილ მარანში შესაძლებელია ერთდორულად ორი ჯიშის ყურძნის დაწურვა. გარდა ამისა, ამგვარი საწნახლები საშუალებას იძლევა, რომ მოკრეფილი ყურძნის მარნამდე ტრანსპორტირება მოხდეს დაუყოვნებლივ და ის დიდი ხნით არ დაყოვნდეს ვენახში, რის დროსაც ხდება ყურძნის გადახურება, ეს კი უარყოფითად აისახება ღვინის ხარისხზე.

უნიკალური სავენახე ადგილიდან გამომდინარე აღნიშნულ ადგილას ვაზი კომუნისტური წარსულის პერიოდშიც იყო გაშენებული. ამჟამად არეალი წარმოადგენს სოფელი ქსოვრისის საძოვარს. მარნის იშვიათი სტილისა და მისი ისტორიული ფასეულობიდან გამომდინარე მისი ძირეული შესწავლა და რესტავრაცია ძალზე მნიშვნელოვანი საქმეა.

გიორგი ბარისაშვილი
04.2022 წ.

ვაზი და ქვევრი

თქვენი რეკლამა