თეთრი ამური, სქელშუბლა – ბალახისმჭამელი თევზები

თეთრი, ამური, სქელშუბლა

ბალახიმჭამელი თევზები თეთრი ამური, თეთრი და ჭრელი სქელშუბლა უფრო სითბოს მოყვარულები არიან ვიდრე კულტურული კობრი. მათი ოპტიმალური ტემპერატურა მერყეობს 25-28 0С ფარგლებში. კობრის ოპტიმალური ტემპერატურა 22-25 0С-ია.

თეთრი ამური, თეთრი და ჭრელი სქელშუბლა ზღვის ეკოლოგიისა და თევზის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ 1960-1970-იან წლებშია აკლიმატიზირებული და დღეისათვის ისინი თითქმის ნატურალიზებულია საქართველოს მტკნარ წყალსატევებში.

თეთრი ამური

თეთრი ამური (Ctenopharynqodom Idella) წარმოადგენს თევზების იმ სახეობას, რომლებიც წყალსატევის საუკეთესო მელიორატორებს წარმოადგენს. (მელიორატორი თევზები-ბალახის მჭამელები, ასუფთავებენ წყალსატევებს). ეს სახეობები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან კვების სპექტრის მიხედვით.

მაგალითად თეთრი ამური იკვებება წყლის  და ხმელეთის მცენარეებით, არჩევს რბილსა და ახალგაზრდა მცენარეებს. მათი დეფიციტის შემთხვევაში მსხვილი ინდივიდები ჭამენ უხეშ (ლაქაში, ლელი, ლერწამა) მცენარეებს.

წყლის მცენარეებიდან არჩევს ძაფნაირებს, რქაფოთოლას, ელოდეას, ლემნას, ხმელეთის მცენარეებიდან მარცლოვნებს, იონჯას, სამყურას, ლუცერნას და სხვა. შესანიშნავად იყენებს და ითვისებს შერეულ ბალახოვნებს.

ორწლიანი ამურების დღეღამური რაციონი საშუალოდ თევზის მასის 40% შეადგენს, კვებითი კოეფიციენტით 30, ანუ თევზმა უნდა შეითვისოს 30 კგ ბალახი რომ მოგვცეს 1კგ ნაზარდი.

თეთრი, ამური

მაღალი სიმჭიდროვის  პირობებში, ბუნებრივი საკვების ნაკლებობისას თეთრი ამური იკვებება კობრის საკვებით (მარცვლეული ან კომბინირებული საკვები.

მაღალი ტემპერატურის პირობებში ხასიათდება სწრაფი ზრდის ტემპით. მისი მაქსიმალური მასა აღწევს 50კგ. სქესობრივად მწიფდება 4-5 წლის ასაკში და უფრო ადრეც. მისი სხეულის მასა ამ დროს 6-8 კგ/ს შეადგენს. ტოფობს აპრილიდან–ოქტომბრამდე.

ამურის ლიფსიტები გამოჩეკიდან ერთი თვის განმავლობაში. იკვებება ზოოპლანქტონით, შემდეგ თანდათან გადადის წვრილ ფიტოპლანქტონზე, ხოლო შემდეგ მცენარეულ ორგანიზმებზე. უკეთესად იზრდება რაციონში დაახლოებით 30% ცხოველურ საკვების (თევზის ფქვილი და სხვა კომპონენტები) ჩართვის შემთხვევაში.

ხორცი ხასიათდება კარგი გემოვნებით, განსაკუთრებით მსხვილი ეგზემპლიარები. ის ბუნებრივად ჩვენთან არ მრავლდება. მისი რეპროდუქცია წარმოებს სპეციალურ თევზსაშენებში ხელოვნური ჩარევის გზით.

თევზსამეურნეო, ტექნიკურ და საირიგაციო წყალსატევებში ამური წარმოადგენს შესანიშნავ ბიოლოგიურ მელიორატორს.

თეთრი, ამური, მეთევზეობა

სქელშუბლა

სქელშუბლას (ჩვეულებრივი სქელშუბლა – Hypophthalmichthys molitrix, ჭრელი სქელშუბლა Hypophthalmichthys nobilis). სხეული აქვს გვერდებიდან შებრტყელებული და მაღალი, წვრილი ქერცლით. ლაყუჩის აპარატით ფილტრავს წვრილ საკვებ ობიექტებს.

გამოჩეკიდან 10-15 დღის განმავლობაში იკვებება მხოლოდ ზოოპლანქტონით (როტატორიები, კიბოსნაირების ნაუპლიუსები) შემდეგ გადადის ფიტოპლანქტონით კვებაზე, მოიხმარს დეტრიტსაც.

ყველაზე უკეთესად ჭამს მწვანე და კაჟოვან წყალმცენარეებს, ცუდად ლურჯმწვანეებს. წყალმცენარეებით კვებაზე გადასვლის შემდეგშიც ჭირდება ზოოპლანქტონი კვებისათვის 3-4 თვის განმავლობაში.

წარმოადგენს კარგ მელიორატორს ევტროფირებულ წყალსატევებში ფიტოპლანქტონის ბიომასის რეგულირებისათვის. დღეღამური რაციონი შეადგენს თევზის მასის 17%. დეტრიტით მდიდარ წყალსატევებში (ხრამი) მას შეუძლია რაციონში 90%-მდე გამოიყენოს დეტრიტი (ორგანული შლამი, საპროპელი).

სქელშუბლა, თევზი

სწრაფად იზრდება, მწიფდება 3-4 წლის ასაკში, მისი სხეულის მასა ამ დროს 4-5 კგ-ს შეადგენს. ტოფობენ მაისის ბოლოდან აგვისტოს პირველ ნახევრამდე, ნაყოფიერება 400–600 ათასს აღწევს.

ცოცხლობს 25 წლამდე ორივე სახეობა 1 მეტრზე მეტი იზრდება, წონით 35-40 კგ-ს აღწევს (ჩვეულებრივი სქელშუბლა წონით უფრო ნაკლებია – აგროკავკასია).

სქელშუბლა ბუნებრივად ჩვენს პირობებში არ მრავლდება. მისი რეპროდუქცია და აღწარმოება ხორციელდება სპეციალურ თევზსაშენიდან გადმოყვანის გზით.

იგი მოთხოვნადია ქართულ ბაზარზე და აქედან გამომდინარე მისი მოშენება მომგებიანია.

სქელშუბლა, თევზი

დოდო აბრალავა /სულდის წყალსატევისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმა/

იხილეთ აგრეთვე: ზუთხი საქართველოში

თქვენი რეკლამა