მოსავლის გაუმჯობესებისთვის გარდა ნაკელისა, კარგ ეფექტს იძლევა ორგანული სასუქის სხვა ფორმებიც, განსაკუთრებით ტორფი.
ნიადაგის დამუშავება
ხშირ შემთხვევაში კარტოფილის მოსავლის დიდი ნაწილის დაკარგვა ნიადაგის არასწორი დამუშავების შედეგია.
ვინაიდან კარტოფილი ნიადაგის ფიზიკურ მდგომარეობას (ფხვიერება, ტენიანობა) დიდ მოთხოვნებს უყენებს, ყველა იმ აგროტექნიკური საშუალებიდან, რომელიც ხელს უწყობს ამ კულტურის მოსავლიანობის ზრდას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ნიადაგის დამუშავებას ენიჭება;
კარტოფილს ახასიათებს მცირე სიმძლავრის ფესვთა სისტემა. ამიტომ, ნიადაგი ისე უნდა დამუშავდეს, რომ მასში მიმდინარე ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ პროცესებს ხელსაყრელი პირობები შეექმნას. კარტოფილის სტოლონი (მიწისქვეშა ყლორტი, რომელზეც იზრდება ტუბერი) შედგება ფხვიერი უჯრედებისაგან და მათი ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელია ნიადაგის სიფხვიერე.
ნიადაგის დამუშავებამ ხელი უნდა შეუწყოს წყლის ინფილტრაციას (გაწოვა) და ნიადაგის აერაციას (ნიადაგსა და ატმოსფეროს შორის მუდმივად ჰაერის ცვლის უზრუნველყოფა). რის შედეგადაც ძლიერდება კარტოფილის ფესვთა სისტემა და ტუბერწარმომქმნელი სტოლონები.
კარტოფილის აგროღონისძიებები მოიცავს მზრალად ხვნას და ნიადაგის დარგვისწინა დამუშავებას. მზრალად ხვნა ხდება ზაფხულ-შემოდგომის პერიოდში. და მოიცავს ნიადაგის აჩეჩვას, მოხვნას, კულტივაციას და ფარცხვას. ყველა ნიადაგურ-კლიმატურ ზონაში ნიადაგის მზრალად დამუშავება მნიშვნელოვანი აგროტექნიკური ღონისძიებაა კარტოფილის მაღალი მოსავლის მისაღებად.
საქართველოში მზრალად ხვნა უმჯობესია ჩატარდეს ივლისის ბოლოდან (სამხრეთის რაიონები) სექტემბრამდე. ასე ნაადრევად მზრალად ხვნის ჩატარება ხელს უწყობს დიდი რაოდენობით სარეველების აღმოცენებას, რომლებიც შემდგომ ნადგურდებიან კულტივაციის მეშვეობით.
რაც გვიანი მზრალად ხვნის შემთხვევაში (გვიანი შემოდგომა) გამორიცხულია. გვიანი ხვნა, უმეტეს შემთხვევაში, ტარდება ნიადაგის მაღალი ტენიანობის პერიოდში, რის გამოც წარმოიქმნება დიდი, დაუშლელი ბელტი და თვით ნიადაგი ძლიერ იტკეპნება. მცირენალექიან რაიონებში მზრალად ნახნავის გათანაბრება ხდება კულტივაციის გზით, ფარცხვასთან ერთად. მზრალად ხვნის სიღრმე კარტოფილისათვის უნდა იყოს 30_35 სმ.
კარტოფილის მოსავლიანობის გაზრდისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მზრალად მოხნული ნიადაგის საგაზაფხულო გადახვნას. დარგვისწინა დამუშავების აუცილებელი მოთხოვნაა ნიადაგში ღრმა გაფხვიერებული ფენის შექმნა.
ოპტიმალური გაფხვიერების მიღწევა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გადახვნა ხდება ნიადაგის 50%-იანი ტენიანობის დროს. (თუ ტენიანობა მცირეა, გადახვნისას წარმოიქმნება დიდი ბელტები, ხოლო თუ ტენიანობა დიდია — ირღვევა ფორიანობა და ხდება ნიადაგის დაგოზვა).
მსუბუქი თიხნარიანი ნიადაგები ხარისხიანად დამუშავდება ნიადაგის 40-60%-იანი ტენიანობის დროს, ხოლო ქვიშნარი ნიადაგები შეიძლება დავამუშაოთ მაშინვე, როდესაც შესაძლებელი გახდება ტრაქტორის გადაადგილება.
სასუქები
ნაკელი ეფექტური სასუქია კარტოფილისათვის. როგორც წესი, 40ტ ნაკელი 1 ჰა-ზე ოპტიმალური ნორმაა, თუმცა ნაკელის შეტანისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ნიადაგში უკვე არსებული ორგანული აზოტოვანი ნაერთების რაოდენობა, რადგანაც ნაკელის ზედმეტმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ნიადაგში მცენარისათვის ათვისებადი აზოტის ჭარბი ოდენობის, ხოლო კარტოფილში კი ნიტრატების დაგროვება.
ნაკელის ეფექტურად გამოყენებაზე არსებით გავლენას ახდენს მოფანტვის შემდეგ მისი დროულად ჩახვნა, ვინაიდან გაშრობისას იკარგება მასში არსებული აზოტი ამიაკის აორთქლების გზით.გარდა ნაკელისა, კარგ ეფექტს იძლევა ორგანული სასუქის სხვა ფორმებიც, განსაკუთრებით ტორფი.
კარტოფილისათვის ყველაზე კარგია დაბლობი მდელოს კარგად გახრწნილი ტორფი (გახრწნის ხარისხი 20_25 %, ნაცრიანობა 15_20 %, ტენიანობა არა უმეტეს 60%-ისა.)
კარტოფილის მოსავლიანობის გაზრდისათვის კარგია სიდერაცია (მწვანე მასის ჩახვნა ნიადაგში), რაც აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და ამდიდრებს მას საკვები ნივთიერებებით.
კარტოფილისათვის საუკეთესო სიდერალური მცენარეა ხანჭკოლა (იგი ჰაერიდან ითვისებს აზოტს და ნაცრიან ელემენტებს — ძნელად ხსნად მარილებს), ხანჭკოლას მწვანე მასის გახრწნის შემდეგ საკვები ნივთიერებები ადვილად გადადის მცენარისათვის ასათვისებელ ფორმებში.
აგროღონისძიებების თანმიმდევრულად და ვადების მიხედვით ჩატარება, ნიადაგის სწორად და დროულად დამუშავება, ორგანული სასუქების ეფექტურად გამოყენება ერთიორად გაზრდის კარტოფილის მოსავალსა და ხარისხს.
ნუკრი მემარნიშვილი. „ელკანას“ კონსულტანტი მებოსტნეობის დარგში.
იხილეთ გარეთვე: კარტოფილის წამლობათა სქემა ბიო (ორგანული) მეურნეობისთვის