ხეხილოვანი კულტურები, მრავალი წლის განმავლობაში იზრდებიან ერთსა და იმავე ნაკვეთზე და ყოველწლიურად გამოაქვთ დიდი რადენობით საკვები ელემენტები, რითაც აღარიბებენ ნიადაგს აზოტით, ფოსფორით, კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით და სხვა ნივთიერებებით და საგრძნობლად ამცირებენ ნიადაგის ეფექტურ და პოტენციალურ ნაყოფიერებას.
ხეხილოვანი მცენარეები თავიანთი არსებობის მრავალი წლის განმავლობაში გადიან სამ ასაკობრივ ცვლილებას, რომლებიც არსებითად განსხვავდებიან კვების პირობებისადმი მოთხოვნილებით, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას განოყიერების სისტემის შედგენის დროს.
პირველი პერიოდი იწყება დარგვიდან და გრძელდება 4-8 წელი (ჯიშების მიხედვით) მსხმოიარობაში შესვლამდე.
ეს პერიოდი ხასიათდება ვეგეტაციური ორგანოების, ფესვთა სისტემის და ფოთლის აპარატის გაძლიერებული ზრდით. ზრდა-განვითარება იმდენად სწრაფად მიმდინარეობს, რომ შეთვისებული მინერალური ნივთიერებები მთლიანად გამოიყენება და არ ხდება მათი მარაგად გადადება.
ამ პერიოდისათვის ახალგაზრდა მცენარეები ძალიან მგრძნობიარენი არიან საკვები ელემენტების როგორც სიმცირის, ისე სიჭარბის მიმართ. ამიტომ მათი ნორმალური განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც დარგვამდე, ისე დარგვის შემდგომ განოყიერებას.
მეორე პერიოდი მსხმოიარობის პერიოდია, რომლის დროსაც წარმოებს ყლორტების შენელებული ზრდა და სანაყოფე ყლორტებისა და კვირტების გაძლიერებული წარმოქმნა. ჩონჩხის ტოტების ზრდა სუსტად მიმდინარეობს, რის გამოც ვარჯის ზომა მნიშვნელოვნად იზრდება.
ეს პერიოდი ხასიათდება მაქსიმალური პროდუქტიულობით, ამიტომ აუცილებელია ხემცენარეებისათვის შეიქმნას ოპტიმალური კვების პირობები მინერალური და ორგანული სასუქების სისტემატური შეტანით.
აუცილებელია აგრეთვე სასუქების ნორმების, შეტანის ვადების, ხერხებისა და ტექნიკის სწორად შერჩევა ნარგაობის სახეობების, ჯიშების, კლიმატურ-ნიადაგური პირობების და მოშენების პირობების მიხედვით.
მესამე პერიოდი ხასიათდება ნაყოფმსხმოიარობის შემცირებით, ჩონჩხის ტოტების მასიური ხმობით და ვარჯის შიგნიდან მოზვერა ყლორტების განვითარებით, რითაც მნიშვნელოვნად მცირდება პროდუქტიულობა, რის გამოც საჭიროა სასუქების შესატანი ნორმები საგრძნობლად შემცირდეს.
ამ პერიოდში მთავარ ამოცანას წარმოადგენს ვარჯის ხმობადი ნაწილების დროული შეცვლა და გაახალგაზრდავების მეთოდების გამოყენება: გასხვლა, ვარჯის გამეჩხერება.
თავისი ზრდა-განვითარების პერიოდში ხეხილოვანი მცენარეების გადიან თანამიმდევრულად განმეორებად სეზონურ ცვლილებებს, ანუ ფენოლოგიურ ფაზებს, რომლთაგან მთავარია: კვირტები გაშლა და ყვავილობა, ყლორტების ზრდა, კვირტების ჩასახვა და საყვავილე კვირტების დიფერენციაცია, ნაყოფის ზრდა და შევსება, ყლორტების მომწიფება, სამარაგო პლატიკური ნივთიერებების დაგროვება და ფოთოლცვენა.
მცენარის ერთი ფენოფაზიდან მეორეში გადასვლას თან სდევს ფიზიოლოგიური პროცესების ცვლილება, რაც განსაზღვრავს მცენარის განსხვავებულ რეაქციას კვების პირობების მიმართ.
ხეხილოვან მცენარეთა კვებაზე დიდ გავლენას ახდენს ფესვთა სისტემის გავრცელების სიღრმე, რომელიც თავის მხრივ დამოკიდებულია მცენარის ბიოლოგიურ თავისებურებაზე, ნიადაგის თვისებებზე, ტენით უზრუნველყოფაზე და სხვა.
მძიმე მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე და ტენიან პირობებში ფესვები ვითარდება უფრო ნაკლებ სიღრმეზე. მსუბუქ, ტენით ნაკლებად უზრუნველყოფილ ნიადაგებზე – ღრმად. მსხლის ფესვთა სისტემა ვრცელდება უფრო ღრმად, ვიდრე ვაშლის. ალუბლის, ბლის და ქლიავის ფესვები ზედაპირულად ვითარდება.
აღნიშნული თვისებები უნდა გავითვალისწინოთ ხეხილოვანი კულტურების განოყიერების სისტემის შედგენისას.
ავტორები: ა. თხელიძე; ც. სამადაშვილი; ხ.დობორჯგინიძე /ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების განოყიერების სისტემა/