ღორის კლასიკური ჭირი

ღორი, ჭირი, ვეტრინარია

ღორის კლასიკური ჭირი (Pestis suum) _ ბუნებრივ პირობებში, ამ დაავადებით ავადდება ყველა ასაკის შინაური და გარეული ღორი. დაავადება სპეციფიურია და ამ ვირუსით მხოლოდ ღორები ავადდებიან.

ღორის კლასიკური ჭირი მაღალკონტაგიოზური დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული ფორმით.

დაავადების მწვავე ფორმით მიმდინარეობის დროს, ადგილი აქვს სეპტიცემიურ მოვლენებს, ხოლო ქვემწვავე და ქრონიკული მიმდინარეობისას ვითარდება ნაწლავების, განსაკუთრებით კი მსხვილი ნაწლავის კრუპოზულ-დიფტერიული ანთება. ქვემწვავე მიმდინარეობისთვის ასევე დამახასიათებელია კრუპოზული პნევმონია.

დაავადების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან კარგი ჯიშის, მაღალპროდუქტიული ღორები. რაც შეეხება გარეულ ღორებს, მათ ორგანიზმს მეტი რეზისტენტობა გააჩნიათ შინაურ ღორებთან შედარებით.

ახალშობილი გოჭები არ ავადდებიან ჭირით, თუმცა არიან ვირუსმტარებელნი, რაც საშიშროებას ქმნის ზრდასრული ღორებისთვის.

ინფექციის წყარო შეიძლება იყოს დაავადებული, ან დაავადებაგადატანილი, მაგრამ ვირუსმტარებელი ცხოველი. ინფექცია ვრცელდება შარდით, ფეკალური მასებით, ცხვირიდან ან თვალიდან გამონადენი ექსუდატით, ასევე, – სპერმით.

დაინფიცირებული ცხოველი, სხვა, ჯანმრთელი ცხოველებისთვის დაავადების გავრცელების წყაროა ჯერ კიდევ მაშინ, როცა დაავადების კლინიკური ნიშნები არ აქვს გამოვლენილი და მის ორგანიზმში დაავადება ინკუბაციურ პერიოდშია. ასეთი ცხოველი განსაკუთრებით საშიშია ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, რადგან კოლტში არ გამოირჩევა სხვა, ჯანმრთელი ცხოველებისგან.

ინფექციის აღმძვრელის გადაცემა შასაძლებელია ასევე დაინფიცირებული წყლით, საკვებით, ქვეშსაფენით, ნაკელით, ნიადაგით, იძულებით დაკლული ცხოველის ტანხორცით, სუბპროდუქტებით, სასაკლაოს ნარჩენებით, თუ იქ დაიკლა დაავადებული ცხოველი და ნარჩენები არ გააუვნებლეს.

დაინფიცირება შესაძლებელია ასევე ავადმყოფი ცხოველის დაზიანებული კანიდან, ლორწოვანი გარსებიდან და ჰაერიდანაც, რადგან ღორის კლასიკური ჭირი მიეკუთვნება აირწვეთოვანი დაავადებების რიცხვს და შესაძლებელია, ჰაერში, სადაც ავადმყოფი ცხოველები იმყოფებიან, არსებობდნენ დაავადების აღმძვრელი ვირუსები. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს ხორცპროდუქტებით უკონტროლო ვაჭრობაც.

ვირუსმტარებელი ცხოველის ჯანმრთელ ცხოველთა გარემოში მოხვედრისას, თავდაპირველად, ცხოველთა მცირე რაოდენობა ავადდება, ხოლო 10-14 დღის შემდეგ, პრაქტიკულად, იქ მყოფი ღორების მთელი სულადობა დაავადებულია.

თუ დაავადების აღმძვრელის შეტანა მოხდა საკვების მეშვეობით (დაინფიცირებული საკვებით), მაშინ 2-3 დღეში ავადდება ცხოველთა თითქმის 95-100%. ვირუსის ორგანიზმში მოხვედრა ძირითადად ხდება ალიმენტარული ან აეროგენული გზებით.

დაავადების პათოგენეზი

ღორის ორგანიზმში მოხვედრისას, ვირუსი რეპროდუცირდება (მრავლდება) ლიმფოიდურ-რეტიკულარულ ქსოვილებში და ძალიან მალე, უკვე 6 საათის შემდეგ შეაღწევს ლიმფურ კვანძებში, ერთ დღე-ღამეში კი უკვე ცირკულირებს სისხლში. მათი ძირითადი ლოკალიზაციის ადგილებია: ელენთა, ლიმფური ჯირკვლები, ძვლის ტვინი და ღვიძლი.

კლინიკური ნიშნები

დაავადების ინკუბაციური პერიოდი 5-8 დღეა, იშვიათად მეტ ხანსაც გრძელდება და 2-3 კვირას გასტანს. აქვს მიმდინარეობის მწვავე, ქვემწვავე, ქრონიკული, იშვიათად კი ზემწვავე ფორმაც. დაავადების ზემწვავე მიმდინარეობის დროს, ცხოველს აქვს მაღალი ტემპერატურა (410 და მეტი), გახშირებულია პულსი და სუნთქვა, კანზე ჩნდება ღია წითელი ფერის ლაქები. აღინიშნება საერთო სისუსტე, უმადობა. ცხოველი კვდება 1-2 დღეში.

ეს დაავადება, ყველაზე ხშირად, მწვავე ფორმით მიმდინარეობს. განსაკუთრებით დაავადების გავრცელების პირველ სტადიაში. სხეულის ტემპერატურა იმატებს 410-მდე, ცხოველი მოდუნებულია, აღენიშნება უმადობა, დასუსტებულია.

მე-2, მე-3 დღეს აღენიშნება ციება, პირღებინება, ყაბზობა, რომელიც შემდეგ იცვლება ფაღარათით, ზოგჯერ სისხლიანით; ცხოველს უვითარდება კონიუნქტივიტი, თვალებიდან გამოიყოფა სერიოზული, შემდეგ კი ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი, რომელიც გაშრობის შემდეგ თვალის ზედა კუთხეში წარმოქმნის ქერქებს. თვალის ქუთუთოები შეშუპებული და შეწებებული აქვს. ცალკეულ ინდივიდებში ადგილი აქვს ცხვირიდან სისხლდენას.

ცხოველი დაუძლურებულია, უმეტესად წევს, უჭირს ადგომა და თავის აწევაც კი. აქვს გაძლიერებული წყურვილი. უკანა კიდურების სისუსტის გამო ბარბაცებს, მოკუზულია, კუდი ეგრიხება. ყურის ნიჟარის ქვეშ, კისრის, ბარძაყის და მუცლის შიგნითა ზედაპირზე ჩნდება მოყვითალო სითხით სავსე პუსტულები, მოგვიანებით კი წერტილოვანი სისხლჩაქცევები, რომლებიც ერთიანდებიან და კანზე ჩნდება მუქი წითელი ფერის ლაქები. ხელის დაჭერისას ისინი არ ფერმკრთალდება.

ძლიერ სისუსტეს ახლავს აჩქარებული და გაძლიერებული სუნთქვა, გულის უკმარისობა (ჟანგბადის მიწოდების ნაკლებობის გამო). ცხოველის დინგი, ყურის ნიჟარები, მუცლის და კიდურების კანი იღებს მოლურჯო ფერს. ცხოველის სიცოცხლის ბოლო სტადიაში ტემპერატურა ნორმის ქვემოთ ჩამოდის (350-360) მე-7, მე-10 დღეს ცხოველი კვდება.

ქვემწვავე მიმდინარეობის დროს ავადმყოფობა მიმდინარეობს 2-3 კვირის განმავლობაში. დაავადების კლინიკური ნიშნები შედარებით სუსტადაა გამოხატული, ვიდრე მწვავე მიმდინარეობისას.

სხეულის ტემპერატურა პერიოდულად მატულობს, თუმცა არა აქვს მუდმივი მაჩვენებელი, ხან მაღალია, ხანაც დაბლა ჩამოდის. დაავადების ამ ფორმით მიმდინარეობას ახასიათებს სასუნთქი სისტემის ორგანოების დაზიანება (გულმკერდის ფორმა), რაც გამოვლინდება კრუპოზულ პნევმონიაში. აღინიშნება კრუნჩხვითი ხველება, გაძნელებული სუნთქვა და ტკივილი გულმკერდის არეში.

ასევე, ზიანდება საჭმლის მომნელებელი სისტემა (ნაწლავების ფორმა). ამ დროს ადგილი აქვს კრუპოზულდიფტერიულ ენტეროკოლიტს. იწყება ყაბზობა, რომელსაც შემდეგ მოსდევს ფაღარათი. ცხოველს არა აქვს მადა, ხდება, უძლურდება და უჭირს მოძრაობა. ხშირად წევს. გამოსავალი უფრო ხშირად ლეტალურია, მაგრამ თუ ცხოველი გადარჩება, ძალიან დიდხანს, 10 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ვირუსმტარებელი ხდება.

დაავადების ტიპიური ფორმა გვხვდება გოჭებში, რომელთაც იმუნიტეტი გადაცემული აქვთ დედისგან. ამ დროს დაავადება მიმდინარეობს ქვემწვავე ან ქრონიკული ფორმით და გრძელდება 2-3 კვირის განმავლობაში.

დამახასიათებელი კლინიკური ნიშნებია: უმადობა, უვითარდება კონიუნქტივიტი, კანზე ჩნდება სისხლჩაქცევები, აქვთ ზოგადი ჰიპერთერმია (სხეულის მაღალი ტემპერატურა). ორგანიზმის საერთო მდგომარეობა დამძიმებულია.

ამათგან ზოგიერთი გამოჯანმრთელდება, ზოგ ცხოველში კი რთულდება მეორადი ბაქტერიული ინფექციით, რა დროსაც მასიურად ავადდებიან პნევმონიით და გასტროენტეროკოლიტით.

ღორის კლასიკური ჭირი ხშირად რთულდება ისეთი ბაქტერიული დაავადებით, როგორიცაა: სალმონელოზი, პასტერელოზი, წითელი ქარი და სხვა.

პათანატომია

დაცემული ცხოველის გაკვეთისას, დამახასიათებელი პათომორფოლოგიური ცვლილებებია იმუნური სისტემის ორგანოებში: ლიმფურ კვანძებში, ელენთაში, ძვლის ტვინსა და თიმუსში. ცვლილება ყველა ლიმფურ კვანძშია, თუმცა უფრო მეტადაა გამოხატული ყბისქვეშა, ხახის უკანა, კისრის, შუასაყარის, ბრონქებისა და მსხვილი ნაწლავის მეზენტერულ ლიმფურ კვანძებში. ძირითადად აქ ვითარდება ჰემორაგიული ანთება. ლიმფური კვანძები ზომაში 2-3 ჯერ გადიდებულია, მათი ზედაპირი მუწი წითელი, ალუბლის ფერია. განაჭერზე მუქი წითელი სისხლჩაქცევების და მონაცვლეობით თეთრი კერების არსებობა, ორგანოს აძლევს მარმარილოს მსგავს შესახედაობას.

ელენთა ნორმალური ზომისაა, ან უმნიშვნელოდაა გადიდებული. მისი პულპა მოწითალოა და აქვს მარცვლოვანი სტრუქტურა. 40-50% შემთხვევაში ელენთის კიდეებზე შეიმჩნევა ჰემორაგიული ინფარქტები, რაც წარმოდგენილია მოწითალო-მოშავო ფერის სოლისებური, ან არასწორი ფორმის, ზედაპირზე ამოწეული უსწორმასწორო ქსოვილით. ინფარქტის ცენტრი განაკვეთზე მოყვითალო ფერისაა, ხოლო მის ირგვლივ არის მუქი მოწითალო ზოლი. ეს ნიშნავს, რომ ცენტრში არის ნეკროზული ზონა, ხოლო მის ირგვლივ ჰემორაგიული ინფილტრაციაა. ძვლის ტვინი ჰიპერემიულია, მასში გვხვდება სისხლჩაქცევები. თიმუსი მოცულობაში შემცირებული და ატროფირებულია.

ღვიძლი, თირკმლები და მიოკარდიუმი ანემიურია; ფილტვები ჰიპერემიულია. ზოგჯერ ვითარდება კეროვანი სეროზულ-ჰემორაგიული, ან კრუპოზული პნევმონია და სეროზულ-ჰემორაგიული პლევრიტი. კუჭნაწლავში აღინიშნება მწვავე სეროზულ-კატარული ანთება მრავლობითი წერტილოვანი და ხაზოვანი სისხლჩაქცევებით.

დიაგნოზი

ღორის კლასიკურ ჭირზე დიაგნოზი ისმება კლინიკური, ეპიზოოტოლოგიური, სეროლოგიური, ვირუსოლოგიური, პათანატომიური გამოკვლევებისა და ბიოცდის საფუძველზე.

დაავადების ტიპიურად მიმდინარეობის დროს, ძნელი არაა კლინიკური ნიშნებისა და პათანატომიის საფუძველზე დიაგნოზის დადგენა.

დიფერენციული დიაგნოზი

დიფერენციული დიაგნოზი აუცილებელია ღორის აფრიკულ ცხელებასთან, პასტერელოზთან, სალმონელოზთან, წითელ ქართან, ბალანტიდიოზთან, ვირუსულ გასტროენტერიტთან, ვირუსულ გრიპთან, ვირუსულ პნევმონიასთან, ენტეროტოქსემიასთან და აუესკის დაავადებასთან.

ღორის კლასიკური ჭირი ძალიან ჰგავს აფრიკული ცხელებას, თუმცა აფრიკული ცხელება უფრო კონტაგიოზურია, ჰემორაგიული დიათეზი სუსტადაა გამოხატული, ელენთა ძლიერ გადიდებულია, მისი პულპა კი დარბილებული, რაც არ გვხვდება კლასიკური ჭირის დროს.

აფრიკული ცხელების შემთხვევაში, ელენთაზე ინფარქტები იშვიათად გვხვდება. თირკმელები სისხლსავსეა. სალმონელოზით ავადდებიან ძირითადად გოჭები და დიფერენციის დროს ეს გასათვალისწინებელია.

წითელი ქარისგან განვასხვავეთ იმით, რომ წითელი ქარი ძირითადად გაზაფხულ-ზაფხულსა და შემოდგომაზე გვხვდება. ბალანტიდიოზისთვის დამახასიათებელია მსხვილი ნაწლავის დაზიანება კატარულ-ჰემორაგიული ან ნეკროზული ანთებისსახით. ელენთა არ დიდდება და მასზე ინფარქტები არ აღინიშნება.

ვირუსული გასტროენტერიტი ხასიათდება კუჭსა და ნაწლავების კატარულ-ნეკროზული ანთებით, ჰემორაგიული დიათეზით და ჰემორაგიული ლიმფადენიტით, ელენთაზე ინფარქტები არ აღინიშნება. გრიპისთვის დამახასიათებელია ცხვირის ღრუს, ტრაქეისა და ბრონქების ლორწოვანი გარსის სეროზულ-კატარული ანთება.

მკურნალობა

მკურნალობა მომგებიანი არ არის, რადგან გამოჯანმრთელებული ცხოველი ვირუსმტარებელია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. რეკომენდებულია დაავადებული ცხოველის დაკვლა.

იმუნიტეტი

ამ დაავადების შემდეგ, თუ ცხოველი გადარჩა, გამოუმუშავდება მყარი იმუნიტეტი, რომელიც გრძელდება ცხოველის სიცოცხლის ბოლომდე.

ეკონომიკური ზარალი

ღორის ჭირი ძალიან დიდ ეკონომიკურ ზარალს აყენებს მეურნეობას,რადგან ლეტალობა მერყეობს 60-100%-ის ფარგლებში.

დაავადების პროფილაქტიკა და მასთან ბრძოლის ღონისძიებანი

უპირველესი და ყველაზე მთავარია, დავიცვათ მეურნეობა ღორის კლასიკური ჭირის ვირუსის შეტანისგან და დროულად ჩავატაროთ გეგმიური პროფილაქტიკური აცრა.

აუცილებელია, ყოველი ახლადშეძენილი ცხოველი შემოყვანილ იქნას მხოლოდ ღორის კლასიკურ ჭირზე კეთილსაიმედო ეპიზოოტიური ზონიდან.

ახლადშეძენილი ცხოველი, ღორების კოლტში დაიშვას მხოლოდ სავალდებულო, 30 დღიანი პროფილაქტიკური კარანტინის შემდეგ.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ ვაქცინაცია ვერ დაიცავს ღორებს დაავადებისგან, თუ ისინი არ უზრუნველვყავით კარგი მოვლით, ზოოჰიგიენური პირობებით და კვებით.

ვაქცინაცია

ვაქცინა, რომელიც ბოლო პერიოდში წარმატებით გამოიყენება ღორის კლასიკური ჭირის პროფილაქტიკისთვის, არის ,,ერიპესტინი“. იგი განეკუთვნება კომპლექსურ ვაქცინათა ჯგუფს და ერთდროულად უზრუნველყოფს ღორის კლასიკური ჭირის და ღორის წითელი ქარის პროფილაქტიკას. ამ ვაქცინის გამოყენება არ შეიძლება 8-9 კვირის ასაკამდე მოზარდეულში. ასევე, არ შეიძლება მისი გამოყენება დაავადებულ და დასუსტებულ ცხოველებში.

აუცილებელია ვიცოდეთ, რომ იმ ცხოველებში, რომლის ვაქცინაციასაც ვაპირებთ, ვაქცინაციამდე 7 დღით ადრე მათ სამკურნალოდ არ უნდა იყოს გამოყენებული ანტიბიოტიკები. ანტიბიოტიკებს არ ვიყენებთ ასევე ვაქცინაციის შემდეგ, სანამ არ გავა 7 დღე. ვაქცინას თან ერთვის თავისი გამხსნელი და მისი გამოყენება დასაშვებია გახსნიდან სამი საათის განმავლობაში. კეთდება კანქვეშ შემდეგი დოზებით: 2 მლ. ყველა ასაკისა და წონის ცხოველისთვის (ვითვალისწინებთ, რომ 8-9 კვირის ასაკამდე ცხოველები არ იცრება).

თუ ვაქცინაცია მიმდინარეობს სუქებაზე დაყენებულ ღორებში, ერთჯერადი აცრა საკმარისია, ხოლო თუ სანაშენე ღორებს ვცრით, მაშინ აუცილებელია რევაქცინაცია 5-6 თვის ასაკში, რათა ორგანიზმმა გამოიმუშაოს სრული იმუნიტეტი. აუცილებელია, რომ ვაქცინაციის დროს არ დარჩეს აუცრელი არცერთი შესაბამის ასაკს მიღწეული ღორი.

მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის ეფექტურობას ასევე განსაზღვრავს მისი მასშტაბურობა. ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთ მეურნეობაში, ან ერთ ფერმაში ჩატარებული ვაქცინაცია შედეგს კი იძლევა, მაგრამ მეტი გარანტიისთვის, აუცილებელია ვაქცინაცია ჩატარდეს სოფლის და რეგიონის მასშტაბით, რათა მეტი გარანტია იყოს დაავადების შემდეგი გაუვრცელებლობისა.

ავტორი: ამირან კოჩალიძე /ღორის დაავადებები/

იხილეთ აგრეთვე: ღორის წითელი ქარი – ფორმები, სიმპტომები, მკურნალობა, პროფილაქტიკა

თქვენი რეკლამა