რა უნდა გავითვალისწინოთ ფუტკრის ოჯახის შეძენისას

ფუტკარი, ოჯახი, შეძენა

ფუტკრის ოჯახების შეძენისას უნდა კარგად დავათვალიერეოთ თითოეული ოჯახი, მისი ფიზიოლოგიური მდგომარეობა.

იმავდროულად ყურადღებას ამახვილებენ ბარტყების რაოდენობაზე, დედა ფუტკრის არსებობაზე და მის ხარისხზე, სკაში თაფლის რაოდენობაზე, აგრეთვე ფუტკრისა და ბარტყის დაავადებების ნიშნებზე.

ქართული ფუტკრის ნიშან -თვისებები

საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობს ენდემური ჯიშის – მთის რუხი ქართული ფუტკარი.

მისი ძირითადი მახასიათებელი მაჩვენებლებია:

  • შეფერილობა – რუხი;
  • პოპულაციის მიხედვით ხორთუმის სიგრძე 6.89 – დან – 7.20 მმ – მდე;
  • ფრთის სიგრძე – 9.45 მმ;
  • ფრთის სიგანე – 3.22 მმ;
  • პროდუქტიულობა -17.31 კგ;
  • საშუალო დღეღამური კვერცხმდებლობა – 1160 ც;
  • ზამთარგამძლეობა – საკმაოდ კარგი.

ფუტკრის ოჯახის შეძენა წელიწადის დროების მიხედვით

ფუტკრის ოჯახის შეძენა რეკომენდირებულია:

  • ოჯახის სახით – გაზაფხულის დასაწყისში, ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომაზე;
  • განაყოფი ოჯახის სახით – ზაფხულში;
  • ბუნებრივი ნაყრის – მაისის შუა რიცხვებში, ივნისის დასაწყისში;

ზამთარში და გვიან შემოდგომაზე ფუტკრის ყიდვა არ არის რეკომენდებული, რადგან ამ დროს შეუძლებელია ფუტკარის სრულფასოვანი დათვალიერება და ოჯახის ხარისხის განსაზღვრა.

ფუტკრის ოჯახის შეძენა, მისი ფიზიოლოგიური მდგომარეობისა და ხარისხის გათვალისწინებით

ა) თუ ფუტკრის ოჯახს შეიძენთ გაზაფხულის დასაწისში, სკაში უნდა იყოს:

  • 4-დან 8 კგ-მდე თაფლი, რაც ოჯახის სიძლიერეზე მეტყველებს;
  • 3 – 4 ბუდის ჩარჩო, ყველა ასაკის ბარტყებითა და კვერცხებით;
  • არა უმეტეს ორი წლის ასაკის დედა ფუტკარი;
  • ფუტკარი – მინიმუმ იგივე რაოდენობის ჩარჩოების ფარგლებში.

აპრილში სტანდარტულ ოჯახში მინიმუმ 1.5 კგ. ფუტკარი უნდა იყოს.

1 კგ. ნაყარში დაახლოებით 10 ათასი ფუტკარია.

ბ) იმ შემთხვევაში, თუ ფუტკარი შეძენილია ზაფხულში განაყოფი ოჯახის სახით:

  • ოჯახს უნდა ჰყავდეს იმ წელსვე დაბადებული, განაყოფიერებული დედა ფუტკარი და ყველა ასაკის ბარტყიანი 2 – 3 ჩარჩო;
  • ასეთ ოჯახში, შეძენის პერიოდის მიხედვით უნდა იყოს 3 – 4 ან 6 – 8 კგ. თაფლი და შესაბამისი რაოდენობის ფუტკარი;

ბუნებრივი ნაყრის სახით შეძენის შემთხვევაში – ადრეული ნაყარი შეიძლება იწონოდეს 1-1.5 კგ. უფრო გვიანი – მინიმუმ 2 კგ.

სანაყრეში ფუტკარი თუ მშვიდადაა იქ არის დედა და შეიძლება შეძენა, ხოლო თუ ხმაურიანია – ფუტკარი ცდილობს გამოსვლას, დედა ფუტკარი ამ ნაყარს არ გააჩნია.

გ) თუ ფუტკარს იძენთ გვიან ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისში, სკაში უნდა იყოს:

  • დაახლოებით 12- 17კგ. კარგად დალუქული თაფლი;
  • 3-4 ბუდე ჩარჩო ბარტყი;
  • ერთი წლის დედა ფუტკარი;
  • სათანადო რაოდენობის ფუტკარი (მინიმუმ 3კგ.)

წყარო: მეფუტკრეობის სახელმძღვანელო
შემდგენლები: მ.ნაკაშიძე, ვ. სტეფანიშვილი, ა. ეჯიბაძე.

თქვენი რეკლამა