ლათინური დასახელება: Gallus domesticus
პოპულაცია: მეგრულა ქათამი
წარმოშობა: უძველესი დროიდან აშენებენ საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში – სამეგრელოში; გვხვდება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. ქათმის კულტურულ ჯიშებთან შედარებით დაბალპროდუქტიულია, მაგრამ გამძლეა და ადვილად ეგუება ცვალებად კლიმატს.
მოკლე აღწერა: ექსტერიერის ნიშნებიდან დამახასიათებელია: საშუალო ზომის თავი, გრძელი კისერი, განიერი გულმკერდი და შდარებით მოკლე ზურგი.
ორივე სქესის ფრინველის ფერი ზრდასრულ ასაკში ერთგვაროვანია: ბუმბული მთელ სხეულზე მოშავო-ნაცრისფერია, თეთრი წინწკლებით ან ფხაჭებით (მოკლე ზოლებით). ცალკეულ ეგზემპლარებში ფრთის ბუმბულს ოდნავ ოქროსფერი დაჰკრავს. კუდის ბოლოების სადა შავი შეფერილობა ამ პოპულაციისთვის არ არის დამახასიათებელი.
მამლებში ბიბილო დიდი ზომის, ფოთლისმაგვარი, წითელი ფერისა და ხშირად გადაკეცილია. ყურსუკანა ბიბილო დასაშვებია იყოს თეთრი ფერის. დედლებში სასურველია, ზედა ბიბილო იყოს ფოთლისებრი და გადაკეცილი. ნისკარტი და ფეხები ღია ყვითელი ფერისაა, მაგრამ დასაშვებია მუქი შეფერილობაც. ფეხები შებუმბლულია ტერფის სახსრამდე.
სხვადასხვა სქესის ახლად გამოჩეკილ წიწილის ბუმბული სხვადასხვაგვარი ფერისაა: სამამლეს თავზე აქვს თეთრი ბუმბული, სადედლეებში ასეთი ბუმბული თითქმის არ გვხვდება, სხეულის დანარჩენ ნაწილზე კი ორივე სქესის მოზარდში პიგმენტირებულია შავად.
ასეთი დიფერენცირებული შეფერილობა ერთდღიანი წიწილის სქესზე გადარჩევის საშუალებას იძლევა. აღსანიშნავია, რომ ორი კვირის ასაკიდან მოზარდი იღებს ზოლიან შეფერილობას.
მამლების საშუალო ცოცხალი მასა- 2,8-3,2 კგ, დედლებისა- 2,4-2,7 კგ.
ქართული პოპულაციის ქათმებს შორის ყველაზე მალმწიფადი და პროდუქტიულია: კვერცხის დებას იწყებს რამდენადმე უფრო ადრე -160-170 დღის ასაკიდან.
კვერცხდების პიკს აღწევს 265 დღის ასაკში და გამოირჩევა შედარებით უფრო მაღალი კვერცხმდებლობით; საშუალოდ წელიწადში გვაძლევს 55,3 გ მასის 160-165 ცალ კვერცხს.
კრუხობის ინსტინქტი ძლიერად აქვთ განვითარებული. ყოველი 100 ჩაწყობილი კვერცხიდან გამოჩეკილის ხვედრითი წილი კვერცხდების საწყის პერიოდში დადებული კვერცხიდან 80-82%-ს, ხოლო შუა პერიოდში მიღებულიდან 88-90%-ს შეადგენს. წიწილები იზრდებიან სწრაფად, მაგრამ ნელა იბუმბლებიან.
დღევანდელი მდგომარეობა: რაოდენობა მეტად შემცირებულია. ხალასი სახით პრაქტიკულად არ გვხვდება. აშენებენ საოჯახო მეურნეობებში, სხვა ქართული პოპულაციის ქათმებთან ერთად.
ფოტო: გიორგი ოქროპირიძე
წყარო: რ. მიტიჩაშვილი, ცხოველთა მომშენებლობა.რ. ნოზაძე, მ. ხუციშვილი, ვ. ზავრაშვილი, მეფრინველეობის პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების ტექნოლოგია. საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება.
სტატიას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი.