ფრინველის ასკარიდიოზი-სიმპტომები, მკურნალობა, პროფილაქტიკა

ფრინველი, დაავადება, ასკარიდიოზი, მკურნალობა

ფრინველის ასკარიდიოზის გამომწვევია ნემატოდა Ascaridia galli. პარაზიტობს წვრილ ნაწლავებში. ავადდება ქათამი, ინდაური, ბატი, ციცარი, ფარშევანგი, ხოხობი, როჭო და სხვა ფრინველი.

დაავადების აღმძვრელი, ასკარიდია, მოყვითალო-მოთეთრო ფერის ნემატოდაა (ნემატოდები-მრგვალი ჭიები). მამრის სხეულის სიგრძე 25-70 მმ-ია, ხოლო მდედრი ასკარიდიასი – 65-110მმ. ასკარიდიას კვერცხი ოვალური ფორმისაა.

მდედრი ასკარიდია ნაწლავში გამოყოფს კვერცხებს, რომლებიც ფეკალთან ერთად გამოიყოფა გარემოში, სადაც სათანადო ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში, 15-20 დღეში ვითარდება ინვაზიური ლარვები.

ფრინველის დაინვაზირება ხდება საკვებთან, ან წყალთან ერთად, ინვაზიური კვერცხების გადაყლაპვისას. ფრინველის კუჭში ასკარიდიას კვერცხები იშლება და გამოთავისუფლებული ლარვები გადაინაცვლებენ ნაწლავის ხაოებში, სადაც 9 დღემდე რჩებიან. შემდეგ კი იჭრებიან ლორწოვანი გარსის სიღრმეში. მე-18 დღეს, ახალგაზრდა ასკარიდიები გამოდიან ნაწლავის სანათურში. ისინი უკვე ჩამოყალიბებული პარაზიტები არიან.

ფრინველის ორგანიზმში შეჭრიდან სქესმწიფე ინდივიდად ჩამოყალიბებამდე, მათ სჭირდებათ 28-56 დღე. ასკარიდიების სიცოცხლის ხანგრძლივობა 9-14 თვეა.

ეპიზოოტოლოგიური მონაცემები

ძირითადად ავადდებიან წიწილები და მოზარდეული 8-10 თვის ასაკამდე. მოზრდილი ფრინველები პარაზიტმტარებლები არიან. ფრინველის დაინვაზირება შესაძლებელია წელიწადის ყველა დროს, თუმცა უფრო ინტენსიურად – თბილ, ნესტიან სეზონში. დაავადების გავრცელებაზე დიდ გავლენას ახდენს ის, თუ როგორი სისტემით ვინახავთ ფრინველებს. გალიური შენახვის პირობებში, დაინვაზირება პრაქტიკულად გამორიცხულია.

ფრინველის ორგანიზმზე ასკარიდიების პათოგენური მოქმედება გამოიხატება პირველ რიგში ნაწლავის ლორწოვანი გარსისა და ჯირკვლების მექანიკური დაზიანებით. ასკარიდიები აზიანებენ ნაწლავის ხაოებს, რაც განაპირობებს სისხლჩაქცევებს და ანთებითი პროცესების წარმოშობას.

დიდი ოდენობით დაგროვილ ასკარიდიებს, შეუძლიათ ნაწლავის სანათურის დაცობა და ნაწლავის კედლის გასკდომა. დაავადებული ფრინველის ორგანიზმში იშლება ვიტამინური ციკლი, ვითარდება A ჰიპოვიტამინოზი, რაც იწვევს ორგანიზმის საერთო მდგომარეობის დაქვეითებას და დაავადებების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის უნარის დაკარგვას.

კლინიკური ნიშნები

კლინიკური ნიშნების გამოვლენა ხდება ფრინველის დაინვაზირებიდან 7-10 დღის შემდეგ. ფრინველი მოთენთილი და დაუძლურებულია, ნაკლებს მოძრაობს, ფრთებდაშვებული ზის. ხილული ლორწოვანი გარსები და ბიბილო ანემიურია.

შესაძლებელია განვითარდეს ყაბზობა, რომელიც შემდეგ ფაღარათით იცვლება. ნისკარტიდან მოსდის ლორწოვანი გამონადენი. წიწილები ჩამორჩებიან ზრდაში.

პათანატომიური ცვლილებები

პათანატომიური ცვლილებების ნახვა, დაინვაზირებიდან უკვე მე-4, მე-5 დღესაა შესაძლებელი. ნაწლავები გაგანიერებულია, ნაწლავის ლორწოვანი გარსები შეშუპებული, ჰიპერემული, ზოგჯერ სისხლჩაქცევებით. ჩოჩხის კუნთებსა და პარენქიმულ ორგანოებში ატროფიაა, ღვიძლში განვითარებულია შეგუბებითი მოვლენები. ძლიერი დაინვაზირების დროს, შესაძლებელია ნაწლავის კედლის გასკდომა.

ასკარიდიების ნახვა ზოგჯერ კვერცხშიც შეიძლება. სავარაუდოდ, აქ ისინი ხვდებიან მაშინ, როცა ხდება კვერცხის ფორმირება და ასკარიდიები, ამ დროს, ნაწლავიდან კლოაკის გავლით გადაინაცვლებენ კვერცხსავალში.

დიაგნოზი

ფრინველის სიცოცხლეში ისმება კლინიკური ნიშნებისა და კოპროლოგიური გამოკვლევის საფუძველზე.

მკურნალობა

ასკარიდიოზის სამკურნალოდ გამოიყენება პიპერაზინის ჰიდრატი, ან მისი მარილები (სულფატი,ადიპინატი,ფოსფატი), რომელსაც ფრინველებს აძლევენ ჯგუფური მეთოდით, საკვებთან ერთად, დილით, უზმოზე.

ერთჯერადი დოზებია: 2-3 თვის წიწილებისთვისა 0,1 გრამი, მოზარდეულისთვის 4 თვის ასაკიდან და მოზრდილი ფრინველისთვის – 0,25 გრამი ერთ ფრთაზე, ორი დღის განმავლობაში.

ასევე, სამკურნალოდ უნიშნავენ ნილვერმს, დოზით 0,04 გ/კგ -ზე, ერთჯერადად, დანამულ საკვებთან ერთად, რომელსაც უმატებენ რძეს, ხორცის ნახარშს, ან დაკეპილ ბალახს. თავდაპირველად პრეპარატს ხსნიან წყალში, რომლითაც ნამავენ ჩვეულებრივი საკვები ულუფის დოზის ნახევარს.

პროფილაქტიკა და ბრძოლის ღონისძიებები

რეკომენდებულია მოზარდეულის იზოლირებულად გაზრდა. გამოყენებული უნდა იქნას ის ტერიტორია, სადაც წინა წელს არ იმყოფებოდა ასკარიდიოზით დაავადებული ფრინველი.

ასკარიდიოზის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, რეგულარულად უნდა განხორციელდეს ზოგადსანიტარული ღონისძიებები. სადედე გუნდში მოზარდეულის გადაყვანამდე, შენობებსა და სეირანებს გულდასმით ასუფთავებენ და ატარებენ დეზინვაზიას ქსილონაფტის 5%-იანი ხსნარით, ან რომელიმე ანტიჰელმინთური საშუალებით.

ბოლო წლებში ასკარიდიოზთან საბრძოლველად ტარდება ქიმიოპროფილაქტიკაც. ამ მიზნით გამოიყენება ფენოთიაზინი და პიპერაზინი. ფენოთიაზინს აძლევენ ფრინველს ყოველდღიურად, საკვებთან ერთად, 0,2-0,3 გ/კგ. ჯგუფური კვების მეთოდით, 25-35 დღის განმავლობაში. შესაძლებელია ფენოთიაზინისა და პიპერაზინის ნაზავის გამოყენებაც.

ავტორი: ამირან კოჩალაძე /ცხოველთა ინვაზიური დაავადებები/.

თქვენი რეკლამა