თურქული მწვავედ მიმდინარე, ინფექციური, გადამდები დაავადებაა. თურქულის მიმართ ამთვისებელი ცხოველი ყველა ასაკში ადვილად სენიანდება. დაავადება მძიმედ მიმდინარეობს 2-3 თვის მოზარდებში.
ამთვისებელი ცხოველის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი სისტემიდან ან კანის საფარველიდან მოხვედრილი ვირუსი ფიქსირდება ეპითელურ ქსოვილებში და იწყებს გამრავლებას, ვირუსის გამრავლება იწვევს ორგანიზმში საპასუხო რეაქციებს, რომლებიც გამოიხატება:
* ცხოველის ორგანიზმში სერიოზული ანთებითი პროცესით. იწყება მწვავე ცხელებითი რეაქცია.
* ვირუსი მრავლდება ეპიდერმისში – წარმოიქმნება მეორადი მრავლობითი აფთები პირის ღრუში, ჩლიქთა შორის ნაპრალში, ჩლიქის გვირგვინსა და ცურის კანზე.
* ცხოველს უქვეითდება მადა, ნერწყვისდენა ძლიერდება, ცოხნა შეიძლება შეწყდეს, იწყება ცხელება – სხეულის ტემპერატურა 40,5 – 41,5 0C – მდე აღწევს.
* ზედა და ქვედა ტუჩებზე, ყბების უკბილო მიდამოში ლორწოვან გარსზე, ენაზე, ლოყების შიგნით ჩნდება აფთები.
* დაავადებიდან 12-24 საათში აფთის კედელი სკდება, მათ ადგილზე, ახალი ეროზია წარმოიქმნება.
* დაავადებული ცხოველი იწყებს უხვ ნერწყვდენას.
* პროცესი რთულდება მეორადი ინფექციით.
*დაზიანებული კიდურების გვირგვინში, სირბილეში და ჩლიქთაშორისი ხვრელის არეში ჩნდება, მტკივნეული შესივება, ცხოველი კოჭლობს და წევს.
* შესიების ადგილებში წარმოიშობა აფთები, რომლებიც სკდება, მათში არსებული სითხე გარეთ გადმოიღვრება.
* შეიძლება განვითარდეს ჩლიქის გვირგვინის ფლეგმონა, ღრმა ჩირქოვანი პოდოდერმატიტი, ჩირქოვანი ართრიტი, რქოვანი ბუნიკის მოვარდნა.
* ზიანდება ცური, დვრილებზე წარმოიქმნება სხვადასხვა ზომის აფთები.
* ანთებითი პროცესი აფთის გასკდომის შემდეგ ვრცელდება დვრილის ფუძისკენ და დვრილის რძის გამომტან მილში, რასაც მოყვება მასტიტი.
* ლაქტაცია მკვეთრად მცირდება, ზოგჯერ სრულიად წყდება, აღდგენას ესაჭიროება თვე და მეტი ხანი.
* ორ თვემდე ასაკის ხბოში თურქულის დროს აფთი არ წარმოიქმნება, დაავადება ვითარდება მწვავე გასტროენტერიტით, ზოგჯერ ბრონქოპნევმონიით.
რამდენ ხანში ვლინდება თურქული
თურქულით ცხოველის დასნებოვნებისას 24 საათში აქვს ორგანიზმს რეაქცია, სისხლში მატულობს ბეტა და გამა გლობულინის რაოდენობა. მისი გამოვლენის სისწრაფე დამოკიდებულია ცხოველის მგრძნობელობაზე. ინკუბაციური პერიოდი 1-3 დღეა. მაგრამ შეიძლება 7 დღემდეც გაგრძელდეს, ზოგჯერ კი 14-21 დღე. გამოვლენის შემდეგ მკურნალობა გვიანი არ არის.
როგორ ვუმკურნალოთ დაავადებულ პირუტყვს
შევუქმნათ მშვიდი გარემო, სადგომი გავანიავოთ, რბილი ქვეშაგები დავუფინოთ, რომ არ დაზიანდეს ჩლიქთაშორისი ნაპრალი. ცხოველმა უნდა მიიღოს წყალი ნებაზე.
დაავადებულ მცოხნავს, პირის ღრუ გამოვურეცხოთ იოდზეფის ხსნარით ან სხვა დასაშვები სადეზინფექციო ხსნარით, დღეში 2-3- ჯერ, 3-5 დღე, შემდეგი განზავებით: 10-20 მლ-1ლ. ხსნარში და ნარევი გავხარჯოთ 40-60 წუთში. იოდზეფის ხსნარის შემდეგ სასურველია პირის ღრუში გამოვავლოთ გადადუღებული თბილი რძე.
კიდურების დაზიანების თავიდან ასაცილებლად ჩლიქები გავასუფთაოთ იოდზეფის ანტისეპტიკური ხსნარით (30მლ-1ლ წყალში) 2 დღეში ერთხელ, დაზიანების შემთხვევაში კი – განზავება 30-50 მლ-1ლ. წყალში, დამუშავება დღეში 2-ჯერ 3-5 დღე.
სანამ სახელმწიფო პირუტყვს აცრის
ვეტერინარულ აფთიაქებში შესაძლებელია თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინის შეძენა (აუცილებელია იყოს რეგისტრირებული საქართველოში და შენახვის პირობები დაცული). საერთოდ საქართველოში არსებული ვაქცინებით გათვალისწინებულია შემდეგი დოზირება: მრპ – 2 მლ კანქვეშ, წრპ. 1 მლ –კანქვეშ.
ცხოველის ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს იმ სქემით, რასაც ითვალისწინებს ინსტრუქცია, კონკრეტულად მოზარდი (არსებული ვაქცინებით) იცრება 3 თვიდან, ყოველ 3 თვეში, ვიდრე არ შეუსრულდება წელიწადი და 8 თვე, შემდეგ კი 5-6 თვეში ერთხელ.
მკურნალობა შინაური მეთოდით
პირის ღრუს და ჩლიქების დამუშავება შეიძლება მარილიანი და სოდიანი წყლით, ოღონდ, პირის ღრუს დამუშავების შემდეგ აუცილებელია საქონელს პირის ღრუში გამოვავლოთ ოთახის ტემპერატურის ანადუღარი რძე. მკურნალობის დროს მთავარია ცოხნის სწრაფად აღდგენა.
დაავადება ჯანმრთელ პირუტყვსაც რომ არ გადაედოს
ამისათვის პირველ რიგში, აცრილი უნდა იყოს ყველა ცხოველი. თორემ დაავადებისაგან დაცვა ძალიან ძნელია. ელემენტარულად ფრინველმაAშეიძლება გადაიტანოს დაავადება 20 კმ-ზე და მეტ რადიუსში. აღარ ვამბობთ ავადმყოფი ცხოველის ჯანმრთელთან პირდაპირი კონტაქტით. ასევე, ვირუსით დასვრილი საკვებით, წყლით, ქვეშსაფენით, ნაკელით, ტრანსპორტით, მოვლის საგნებით და სხვა გარემოებებით.
საერთოდ თურქულის გაჩენის შემთხვევაში აუცილებელია დაავადების ლოკალიზაცია თურქულის კერაში და მის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილება. ამისთვის საჭიროა:
1) ადგილის დაკარანტინება.
2) ავადმყოფი ცხოველის იზოლაცია და მკურნალობა.
3) ყველა დანარჩენი თურქულის მიმართ ამთვისებელი ცხოველის პასიური და აქტიური იმუნიზაცია.
4) ყოველდღიური დეზინფექციის ჩატარება 2-3 დღის განმავლობაში იქ, სადაც იმყოფება ავადმყოფი ცხოველი და ამთვისებელი ცხოველი.
5) ნაკელის გაუვნებლობა (ბიოთერმულად).
დასაშვებია თუ არა დაავადებული პირტუყვის რძის პროდუქტების მიღება
რძის მიღება დასაშვებია მხოლოდ ადუღებული ფორმით მაგრამ არ არის სასურველი (თურქული ადამიანსაც შეიძლება გადაედოს დაავადებული ცხოველის მოვლის დროს და უმი რძით).
“ასოციაცია მომავლის ფერმერის” მთავარი ვეტკონსულტანტი, ბიოლოგიის დოქტორი მიხეილ ჭიჭაყუა