ვაზის გასხვლის მიზანი
ცნობილია, რომ გაუსხლავად ნაზარდ ვაზს ბევრი და გრძელი რქა უვითარდება, ახასიათებს არათანაბარი მოსავალი, დაბალი სიმწიფე, ნაკლები სიტკბო და მეტი მჟავიანობა; მარცვალი წვრილი და უხარისხოა. გასხვლით ეს უარყოფითი მხარეები დადებითად იცვლება.
ამიტომ გასხვლისას შემდეგ მიზნებს უნდა ვისახავდეთ:
- გავაუმჯობესოთ ხარისხი და გავზარდოთ მარცვლისა და მტევნის სიდიდე;
- ყოველწლიურად მივიღოთ მაღალხარისხოვანი და თანაბარი მოსავალი;
- მივაღწიოთ რქის დროულ და მთლიან მომწიფებას;
- ვაზის ზრდა-განვითარებას შეექმნას უკეთესი პირობები;
- შევქმნათ უკეთესი პირობები ვაზის მიერ სითბოს, სინათლისა და ჰაერის მაქსიმალური გამოყენებისათვის.
როგორც ცნობილია, ვაზის მსხმოიარობა მით უკეთესია, რაც უფრო მეტი კვირტია დატოვებული მასზე გასხვლის დროს, მაგრამ რქას უკეთესს ვიღებთ, რაც უფრო ცოტა კვირტია დატოვებული; ამრიგად უხვი მოსავლის მისაღებად ვაზის გადაჭარბებით დატვირთვა რქების სუსტად განვითარებას იწვევს.
გასხვლის ძირითადი მიზანი ის არის, რომ ერთის გადიდებამ მეორის ისეთი შემცირება არ გამოიწვიოს, რომ ამას ვაზის საბოლოო დაკნინება მოჰყვეს.
ამის მისაღწევად მსხვლელმა ორ ძირითად გარემოებას უნდა მიაქციოს ყურადღება:
- რქის ზრდა მით უფრო მეტია, რაც უფრო მცირეა მისი რაოდენობა ვაზზე;
- ვაზის ზრდა და ნაყოფიერება ერთმანეთისგან განსხვავებული მოვლენებია.
ვიდრე ვაზის გასხვლას შეუდგებოდეს, მსხვლელმა თვალით უნდა განსაზღვროს ვაზის სიმძლავრე, განსაზღვროს, წინა გასხვლით რამდენად ყოფილა დაცული თანასწორობა მოსავლიანობასა და ზრდას შორის.
ეს ადვილი შესამჩნევია სანაყოფე რქაზე არსებული რქების სიმძლავრით. თუ ეს რქები სუსტად არის განვითარებული და თუ განსაკუთრებით შემცირებულია კვირტებშორის მანძილი, ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ვაზი გადატვირთული ყოფილა და წლევანდელი სხვლით საჭიროა, უფრო ნაკლებად დაიტვირთოს იგი.
პირიქით — თუ ნაზარდი რქები მსხვილია, კვირტებშორის მანძილი დიდია და შტამბსზე ბევრი ამონაყარი აქვს, ეს იმის მანიშნებელია, რომ ვაზი ნაკლებად იყო დატვირთული წინა წელს, ხოლო თუ შტამბზე ძლიერი ამონაყარია, ფორმირების ელემენტებზე კი მცირე, ეს მოწმობს იმას, რომ გაძნელებულია წვენის მოძრაობა შტამბზე დაკოჟრების გამო, ამიტომ ვაზი საჭიროებს გაახალგაზრდავებას.
დატვირთვის რაიმე რეცეპტის გამომუშავება წინასწარ მოუხერხებელია და საჭიროა, ცალკე ვიფიქროთ თითოეული ვაზის გასხვლის დროს.
იმისათვის, რომ ვაზს მივანიჭოთ ხანგრძლივი სიცოცხლე, მომავალი წლისთვის საჭირო ფორმის ელემენტები, შევუქმნათ ზრდის საუკეთესო პირობები და მოვიწიოთ უდიდესი მომავალი, უნდა დავიცვათ შემდეგი ძირითადი წესები:
- სანაყოფე რქა ყოველთვის ორწლიან რქაზე უნდა მდებარეობდეს;
- სამამულე რქა სანაყოფეზე დაბლა გავუშვათ;
- ჭრილობები, შეძლებისდაგვარად, ყოველ წელს ერთ მხარეს უნდა მოხვდეს;
- შტამბის დადაბლებას მივმართოთ უკიდურეს შემთხვევაში;
- სამამულე და სანაყოფე რქები ერთმანეთის გაგრძელებას კი არ წარმოადგენდეს, არამედ ერთმანეთის მოწინააღმდეგე მხარეს უნდა მდებარეობდეს;
- ვაზის ყველა ჭრილობა გლუვი უნდა იყოს.
ზემოაღნიშნულთაგან განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჭრილობების ცალ მხარეს მოქცევას წვენის შეუფერხებელი მოძრაობისათვის. ჭრილობები რომ ერთ მხარეს მდებარეობდეს, ამისათვის საჭიროა, გასხვლის დროს სამამულეზე დატოვებული ქვედა კვირტი ყოველ წელს ერთსა და იმავე მხარეს იყოს მოქცეული, ორმხრივი «გუიოს» დროს, სასურველია, შიგნით იყოს მოქცეული.
საქართველოში გასხვლა-ფორმირების მრავალი მეთოდი არსებობს, მათგან ყველაზე მეტად გავრცელებული «გუიოს» და «ორმხრივი გუიოს» გამოყვანაა.
გავეცნოთ 2-3-წლიანი ვაზის სხვლას. იგი ყველა ფორმისთვის თითქმის ერთნაირია. შტამბი ეწოდება ღეროს ნიადაგის ზედაპირიდან განშტოებამდე; მისი სიმაღლე 50-70 სმ-ია.
ახალგაზრდა ვაზი ადრე გაზაფხულზე ისხვლება. დარგვის მეორე წელს ვაზს ვსხლავთ კარგად განვითარებულ ქვედა ორ კვირტზე, ჭიგოს არ ვუდგამთ, ვაძლევთ თავისუფალი ზრდის საშაულებას.
ზაფხულის განმავლობაში არც გაფურჩქვნა უნდა, არც წვერების წაჭრა, რაც ხელს უწყობს ფესვთა სისტემის ძლიერ განვითარებას.
მეორე გასხვლის დროს შევარჩევთ უფრო სწორად განვითარებულ რქას და ვსხლავთ 3-4 კვირტზე. ვაზს ვუდგამთ ჭიგოს და ვამაგრებთ ზედ. ოთხივე კვირტის განვითარების შემთხვევაში მწვანე ოპერაციის დროს ვაცლით ქვედა ორ ყლორტს, ზედა ყლორტებს კი ვტოვებთ. წვეროებს არც ამ წელს ვაჭრით.
მესამე წელს ვაზი, ფორმირების წესის მიხედვით, შეიძლება გაისხლას შტამბის გამოსაყვანად, რისთვისაც ვარჩევთ კარგად განვითარებულ რქას და ვსხლავთ შტამბის სიმაღლეზე. თუ ვაზი სუსტია, შტამბის გამოყვანა შემდეგი წლისათვის უნდა გადაიდოს.
შტამბის გამოყვანის შემდეგ ვტოვებთ ორ რქას, ერთს ვსხლავთ მოკლედ, 2-3 კვირტზე. ამ რქას ეწოდება ნეკი ან სამამულე, რადგა მასზე უნდა განვითარდეს მომავლისათვის ფორმირების ელემენტები, ხოლო მეორე რქას ვსხლავთ გრძლად, 8-10 კვირტზე, მას ეწოდება სანაყოფე, რადგა იგი ძირითადად ნაყოფის მომცემი რქაა.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჭრილობების ცალ მხარეს მოქცევას წვენის შეუფერხებელ მოძრაობისათვის. ამისათვის საჭიროა, სამამულეზე დატოვებული ქვედა კვირტი ყოველთვის ერთსა და იმავე მიმართულებით იყოს მოქცეული, ორმხრივი გუიოს დროს სასურველია — შიგნით.
ორ კვირტზე გასხვლის დროს ამის შესაძლებლობა ყოველთვის არ იქნება, რადგან ზოგჯერ რქა მოწინააღმდეგე მხარეს იმყოფება. ამიტომ სამამულე რქა უნდა გავსხლათ 3 კვირტზე და ქვედა კვირტი დავაბრმაოთ.
ვაზის დაუზიანებელი გასხვლა შეიძლება ზამთარ-ზაფხულის განმავლობაში, ზამთრობით — ფოთლის ჩამოცვენიდან 2 კვირის შემდეგ, გაზაფხულზე — კვირტების დაბერვამდე.
წყარო: vinoge.com
იხილეთ აგრეთვე: ვაზის გასხვლა-ფორმირების სხვადასხვა მეთოდები და ხერხები
დააზღვიეთ მოსავალი, გამოიყენეთ ბიოლოგიურად სუფთა პრეპარატები, სადაც ეს შესაძლებელია!
იხილეთ (დაკლიკეთ) აგრეთვე: ვაზის სხვლა – ფორმირება, ვადები, ტექნიკა, ვიდეორჩევა