კულტურის ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება
ცერეცო (ლათ. Anethum graveolens) მიეკუთვნება ქოლგოსანთა ოჯახს. მისი სამშობლოა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროები.
ის ცნობილი იყო ძველ ეგვიპტეში. დღესდღეისობით ფართოდ არის გავრცელებული მთელ მსოფლიოში. იგი ახალგაზრდა მდგომარეობაში გამოიყენება მწვანილად, ხოლო აყვავებული მცენარეები მწნილების დამზადებისას.
ცერეცო ერთწლიანი მცენარეა. ფესვი მთავარღერძიანია, დატოტვილი. მისი ძირითადი მასა განლაგებულია ნიადაგის ზედა ფენაში 20 სმ-ის სიღრმეზე.
ცერეცოს თესლი შედარებით მსხვილია, ბრტყელი, მაგრამ მსუბუქი.1გრ. თესლში 700-1000 მარცვალია. აღმოცენების უნარს ინარჩუნებს 2-3 წელი. თესლი შეიცავს 2,5% ცერეცოს ზეთს და მაგარი გარეკანი აქვს, რის გამოც ნელა ღივდება. ღივები ღია გრუნტში 16-20 დღის შემდეგ ამოდიან. სათბურში თესვისას დათესვამდე 4-5 დღით ადრე ალბობენ, რათა მიიღონ ადრეული აღმონაცენი.
ღერო სწორმდგომია; სისქის მიხედვით ღერო არის მსხვილი (2სმ-ის) და წვრილი (0,5 სმ -ის). ცერეცოს ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული, მათი სიგრძე 15-25 სმ-ია, ფოთლები მწვანეა, ჯიშებიდან გამომდინარე სხვადასხვა რაოდენობის ცვილისებრი ნაფიფქით დაფარული, ყვავილი ქოლგაა.
ამჟამად ცერეცო ფართოდ გავრცელებული კულტურაა. საქართველოში თითქმის ყველა რაიონში მოჰყავთ. გვხვდება 1200 მ-მდე ზღვის დონიდან.
კულტურის ზოგადი დახასიათება
დამოკიდებულება აგროკლიმატური ფაქტორებისადმი
ცერეცო სიცივის ამტანი, ყინვაგამძლე მცენარეა. ღივები უძლებს -5°C -ს, რის გამოც ბარის რაიონებში კარგად ზამთრობს. ოპტიმალური ტემპერატურა ცერეცოს ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის არის 15-18°C.
ცერეცო განათების მიმართ მომთხოვნია. იგი გრძელი დღის მცენარეა. გრძელი დღის ხანგრძლივი განათების პირობებში, ის სწრაფად ღეროიანდება. შესუსტებული განათების პირობებში ცერეცოს მოყვანისას, საერთო მოსავალიც მცირდება და პროდუქციის ხარისხიც, განსაკუთრებით მისი არომატულობაა დაბალი. ამიტომ შესუსტებული განათების პირობებში მისი მოყვანა არასასურველია.
ნიადაგში ტენის ნაკლებობა მას ძლიერ ზიანს არ აყენებს. იგი მოითხოვს აგრეთვე ჰაერის შემცირებულ შეფარდებით ტენიანობას 60-70%-ის ფარგლებში. ცერეცო მოითხოვს კარგად განათებულ, განოყიერებულ, დრენირებულ და კარგი აერაციის ნიადაგებს (სუბსტრატს).
ქიმიური შემადგენლობა
ცერეცო თავისი ქიმიური შედგენილობით მაღალი კვებითი ღირებულების მქონე ბოსტნეულად ითვლება. იგი საშუალოდ შეიცავს: 83,8% წყალს, 3,5% აზოტოვან ნივთიერებებს, 7,3% ნახშირწყლებს, 2,1% უჯრედისს და 2,4% ნაცარს. ცერეცო შეიცავს აგრეთვე A (6,25 მგ%) ვიტამინს და C (135 მგ%) ვიტამინს.
ცერეცოს რამდენიმე გავრცელებული ჯიში
სავეგეტაციო პერიოდი
• საადრეო ჯიშები, მასიური აღმონაცენიდან მწვანილის მოსავლის აღებამდე- 32-38 დღე, ყვავილობამდე – 55-70 დღე;
• საშუალო ჯიშები, მასიური აღმონაცენიდან მწვანილის მოსავლის აღებამდე- 40-45 დღე, ყვავილობამდე – 70-86 დღე;
• საგვიანო ჯიშები, მასიური აღმონაცენიდან მწვანილის მოსავლის აღებამდე – 41-51 დღე, ყვავილობამდე – 110-115 დღე.
ალიგატორი
საშუალოდ-საადრეო ჯიშია (40-45 დღე აღმოცენებიდან მოსავლის მიღებამდე). შესაძლებელია მოსავლის მრავალჯერადი აღება. ღია გრუნტში ითესება აპრილის ბოლოდან.
ერთი მცენარის მწვანე მასის საშუალო მასა 30-დან 60 გრამამდეა, მოვლა-მოყვანის კარგი პირობების შემთხვევაში იძლევა მასა შეიძლება 100-150 გრამამდე გაიზარდოს. სიმაღლით 14-25 სმ-მდე აღწევს, საშუალო მოსავლიანობა შეადგენს 1,5-2,5 კგ-ს 12-ზე.
ამაზონი
საშუალოდ-საადრეო ჯიშია (40-45 დღე აღმოცენებიდან მოსავლის მიღებამდე). ღია გრუნტში ითესება აპრილის ბოლოდან. ძლიერ არომატულია. შესაძლებელია მისი წარმოება როგორც მწვანილად, ასევე სანელებლებისათვის (გადასამუშავებლად).
საშუალო მოსავლიანობა მწვანილად წარმოების შემთხვევაში შეადგენს 1,4-4,1 კგ-ს 12-ზე, ხოლო სანელებლად წარმოების შემთხვევაში კი 2,9-6,7 კგ-ს 12-ზე.
გრენადერი
საშუალოდ-საადრეო ჯიშია (მწვანილად წარმოებისას სჭირდება 40-45 დღე აღმოცენებიდან მოსავლის მიღებამდე, ხოლო სანელებლად წარმოებისთვის კი 70-90 დღე აღმოცენებიდან მოსავლის მიღებამდე). ღია გრუნტში ითესება აპრილის ბოლოდან.
მცენარის სიმაღლე 26-29 სმ-მდეა. ხასიათდება სტაბილური მოსავლიანობით. საშუალოდ, მისი მოსავალი შეადგენს მწვანილად წარმოების შემთხვევაში შეადგენს 1,4-3,1 კგ-ს 12-ზე, ხოლო სანელებლად წარმოების შემთხვევაში კი 2,9-5,7 კგ-ს 12-ზე.
ადგილი თესლბრუნვაში
→ ერთსა და იმავე ბოტანიკურ ჯგუფში შემავალი მცენარეები მოყვანის ერთნაირ პირობებს მოითხოვენ, გამრავლების წესების მიხედვითაც მსგავსნი არიან, ერთი და იგივე მავნებლითა და დაავადებით ზიანდებიან. ერთი რომელიმე კულტურის ხანგრძლივად იგივე ადგილას მოყვანა იწვევს მოსავლის შემცირებას.
→ ცერეცო, ისევე როგორც სტაფილო, ნიახური, ქინძი, ოხრახუში და კამა ქოლგოსანთა ოჯახს მიეკუთვნება. მისი თესვა რეკომენდირებულია სასუქებზე დიდი მოთხოვნილების მქონე ბოსტნეული კულტურების (კომბოსტო, კიტრი, ხახვი, ნესვი, საზამთრო, ისპანახი, სალათა და წიწმატი) მოყვანის მეორე წელს.
ნიადაგი
ცერეცო მოითხოვს კარგად განათებულ, განოყიერებულ, დრენირებულ და კარგი ჰაერაციის ნიადაგებს (სუბსტრატს).
ცერეცოს წარმოებისათვის საჭირო მჟავიანობის არე pH 5,5-დან 6,5-მდეა.
ნიადაგის ძირითადი დამუშავება
ნიადაგს ხნავენ 25-30 სმ-ის სიღრმეზე და ფარცხავენ. ეს ოპერაცია ისე უნდა ჩავატაროთ, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი, კარგად გაფხვიერებული ნიადაგი.
ამავდროულად ნიადაგს მიეწოდება მინერალურ სასუქი: ამიაკიანი გვარჯილა – 60-90 გრ/მ2; სუპერფოსფატი – 30-40 გრ/მ2; ქლოროვანი კალიუმი – 10-15 გრ/მ2. (ან შესაბამისი ორგანული საშუალებები-აგროკავკასია). ყველა კომპონენტს ერთმანეთში გულდასმით ურევენ.
აღმოსავლეთ საქართველოში საჭიროა მოიხნას შემოდგომაზე, 25-30 სმ. სიღრმეზე. ხოლო დასავლეთ საქართველოში კი მოხვნა შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე, ზამთარში, ან გაზაფხულზე. ამ არეალის ჭარბტენიან ნიადაგებზე მოხვნა გაზაფხულზე უნდა განხორციელდეს.
ნიადაგის თესვისწინა დამუშავება
ნიადაგი უნდა გასუფთავდეს წინამორბედი კულტურებიდან. გაზაფხულზე ხდება მზრალის თესვისწინა დამუშავება. დათესვამდე ტარდება 2 კულტივაცია 8-10 სმ სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით. თუ ნიადაგი მძიმეა, მზრალი უნდა გადაიხნას 15-16 სმ სიღრმეზე, დაიფარცხოს 2-3 ჯერ და შემდეგ დაითესოს.
დაცული გრუნტის შემთხვევაში ნიადაგის მიწას შემოდგომაზე ამზადებენ, რათა ორგანულმა სასუქმა და გამაფხვიერებელმა მასალებმა დაშლა მოასწროს, ზამთრისთვის მომზადებული მავნებლები კი დაიღუპოს.
კარგად გაფხვიერების მიზნით, შესაძლებელია ნიადაგს დასჭირდეს დაფრეზვა. დასათესად გამზადებული ნიადაგი სწორი ზედაპირის და ფხვიერი უნდა იყოს.
სათბურებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად 1 ჰა-ზე შეგვაქვს 20 ტონა გადამწვარი ნაკელი. (დაცული უნდა იყოს ნაკელის შენახვის პირობები) აზოტიანი, კალიუმიანი და ფოსფორიანი სასუქები.
თესვა
→ დახურულ გრუნტში ცერეცოს თესვა შეიძლება წელიწადის სხვადასხვა ვადებში. ხშირ შემთხვევაში ითესება პამიდორის, ბადრიჯნის, კიტრისა და წიწაკის მოსავლის აღების შემდეგ.
→ ცერეცოს თესავენ მობნევით ან მწკრივად. დათესვამდე 4-5 დღით ადრე მიმართავენ თესლის დალბობას. წყალს 3-4-ჯერ უცვლიან. დათესვის წინ თესლს შეაშრობენ, რომ შესაძლებელი იყოს მობნევა.
→ ღია გრუნტში წარმოებისათვის განსაზღვრული ცერეცო კი ითესება უმთავრესად აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში.
→ თესვის ნორმა. მწკრივთაშორის მანძილი 18-20 სმ, ხოლო მწკრივში მცენარეთა შორის 10 სმ. ჩათესვის სიღრმე 1,5-2 სმ, თესვის მორმა – 12-15 კგ/ჰა-ზე (1,2-1,5 გრ 1მ2).
→ გასათვალისწინებელია რომ ინტენსიურ (გახშირებულ) ნათესებში ცერეცოს ზრდა ფერხდება.
ნიადაგის განოყიერება და მცენარის კვება
მოხვნის წინ ორგანული სასუქი შეაქვთ 20 ტონა. ერთ ჰექტარზე საჭიროა აზოტიანი სასუქი (ამონიუმის გვარჯილა) 600 კგ ვეგეტაციის პერიოდში, ფოსფორიანი სასუქი (სუპერფოსფატი) 280 კგ/ჰა ვეგეტაციის განმავლობაში. (ან შესაბამისი ორგანული სასუქები).
უშუალოდ ვეგეტაციის განმავლობაში კარგ შედეგს იძლევა ორგანულ-ბაქტერიული სასუქით, ორგანიკათი ნათესების საშუალოდ 2-3 ჯერ დამუშავება (0,5 ლ/ჰა-ზე).
კონკრეტული ნაკვეთისათვის შესატანი სასუქების ზუსტი დოზების დადგენა ხდება ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.
მცენარის ტენით უზრუნველყოფა
→ ცერეცოს კულტურა ტენის მოყვარულია, რეგულარული მორწყვა მნიშვნელოვნად გაზრდის მოსავალს. გარდა ამისა, ტენის ნაკლებობა იწვევს მცენარის გაყვითლებას. თუმცა გადაჭარბება იწვევს ეთერზეთების შემცველობის შემცირებას და ამასთან იზრდება დაავადებების რისკი.
→ მორწყვა აუცილებელია კვირაში 1-2, რაოდენობით – 6 ლიტრი 1მ²-ზე.
მოსავლის აღება-შენახვა
მწვანილად ცერეცოს იღებენ დათესვიდან 35-50 დღეში, როდესაც მცენარე მიაღწევს 10 სმ სიმაღლეს.
მწნილების დასამზადებლად კი ცერეცოს იღებენ დათესვიდან 85-90 დღის შემდეგ, როდესაც მცენარე ყვავილობს ან დაყვავილებულია.
მოსავალს იღებენ მთელ მცენარის ძირზე შეჭრით ან ფოთლების მოკრეფით. კრავენ პატარა კონებად და ისე აგზავნიან დანიშნულებისამებრ. მწნილების დასამზადებლად იღებენ დათესვიდან 85-90 დღის შემდეგ, როდესაც მცენარეები უკვე ყვავილობენ ან დაყვავილებული არიან.
შემდგენლები
ნუნუ ჩაჩხიანი-ანასაშვილი – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი;
მაკა ყუბანეიშვილი – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.
მომზადებულია USAID/REAP პროექტის ფარგლებში.
იხილეთ აგრეთვე: ქინძი – კულტურა, გარემო , ძირითადი აგროწესები