ქინძი – კულტურა, გარემო, ძირითადი აგროწესები

ქინძი, ბოსტანი

ქინძი (ლათ. Coriandrum sativum) ქინძი ფართოდ გავრცელებული ეთერზეთოვანი კულტურაა. მისი თესლიდან გამოხდით მიღებული ზეთი გამოიყენება საპარფიუმერიო მრეწველობაში.

ქინძი გამოიყენება როგორც სამკურნალო მცენარე და სურნელოვანი ბოსტნეული სხვადასხვა საჭმლის საკმაზ-სანელებლად. საკვებად გამოიყენება ახალგაზრდა მცენარის ფოთლები -მცენარის აღერებამდე.

მის თესლს იყენებენ კულინარიული ნაწარმის პურის, ყველის, ძეხვის ვიტამინიზებისა და არომატიზაციისათვის; ფოთლები შეიცავენ ვიტამინებს (C, B1, B2), რუტინს, კაროტინს, ეთერზეთებს.

ქინძის სამშობლოდ მცირე აზია ითვლება, ეს კულტურა უძველესი დროიდან გამოიყენება და საქართველოში იგი თითქმის ყველა რეგიონშია გავრცელებული.

ბოტანიკური და ბიოლოგიური დახასიათება

ქინძი ერთწლიანი მცენარეა, ეკუთვნის ქოლგოსანთა ოჯახს. ფესვი თხელი აქვს თითისტარისმაგვარი. ღერო ცილინდრულია, წახნაგიანი, პირდაპირი ან მუხლთშორისებში გახრილი, მწვანე ფერის.

თესლის მომწიფების წინ ზოგიერთ ჯიშს ღერო თითქმის უშავდება (ანტოციანით). ღეროს სიმაღლე 10-დან 50 სმ-მდეა. ფოთლები მორიგეობით არის განლაგებული, ქვედა ფოთლები გრძელყუნწიანია, ფრთართული, მომრგვალო ფრთადდაჭრილი ფოთოლაკებით, ზემოთა ფოთლები მრგვალად არის დაყოფილი – ნაწილობრივ ვიწროხაზიანია, შუა ფოთლები კი ორმაგფრთისებრია.

ქინძის ფოთლებს უმწიფარ მდგომარეობაში აქვს სპეციფიკური სუნი. ქინძი სწრაფად ჭკნება და ამიტომ იგი გადარგვას ვერ იტანს.

ყვავილედი ქოლგაა, დიდი რაოდენობით თეთრ, მკრთალ-მწვანე ან ყვითელი ყვავილებით. ნაყოფი მრგვალია, ბურთისებრი, მუქი ყვითელი ფერის, შემდგომში ღია ყავისფერი. შედგება ორიწილნაყოფისგან, თითო თესლით. მომწიფებისას, ნაყოფი ადვილად ცვივა.

ჯიშები

ქინძი, როგორც ფართოდ გავრცელებული ეთერზეთოვანი კულტურა, გამოირჩევა ჯიშების დიდი რაოდენობით.

ყველა მათგანი მიეკუთვნება შემდეგ ჯგუფებს: ჩრდილო ეთიოპიის, მონღოლეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, დასავლეთ ევროპის, ვორონეჟის, კავკასიის.

საქართველოში ძირითადად გავრცელებულია ადგილობრივი პოპულაციების სამწვანილე ფართოფოთლიანი ჯიშები.

დამოკიდებულება გარემო პირობებთან

ქინძი სიცივის ამტანი მცენარეა. მისი თესლი გაღივებას იწყებს 5-70C სითბოს პიროებებში, ხოლო, აღმონაცენს შეუძლია დაუზიანებლად გადაიტანოს მცირე ხნიანი წაყინვები -4-50C ტემპერატურის ფარგლებში. უფრო მკაცრი ყინვები აზიანებენ ფოთლის ფირფიტებს, თვითონ მცენარე კი ცოცხალი რჩება.

ამის გამო ქინძი აღმოსავლეთ საქართველოს ბარის რაიონებში და დასავლეთ საქრთველოს ღია გრუნტის პირობებშიც კარგად ზამთრობს. სითბოს დიდი რაოდენობა სჭირდება ყვავილობისა და თესლის მომწიფების ფაზაში.

მცენარის სრული სავეგეტაციო პერიოდი 90-110 დღეა.

ქინძს შეუძლია გაიზარდოს თიტქმის ყოველგვარ ნიადაგზე, ვერ იტანს მძიმე თიხნარ, ზედმეტად მშრალ და ჭაობიან ნიადაგებს. განსაკუთრებით კარგად ხარობს კირით მდიდარ კარბონატულ ნიადაგებზე.

ქინძი განვითარების პირველ პერიოდში წყლის ნაკლები რაოდენობით კმაყოფილ- დება, მაგრამ მწვანე მასის განვითარებასთან ერთად, დატოტვისა და ყვავილობის ფაზაში, წყლის მიმართ მოთხოვნილება მკვეთრად იზრდება.  ნიადაგის ტენის ნაკლებობამ შეიძლება ყვავილობის ფაზის ნაადრევი დადგომა გამოიწვიოს.

მცენარე საკმაო რაოდენობით ითვისებს ნიადაგიდან საკვებ ელემეტებს. კარგ მოსავალს იძლევა ნოყიერ, შავმიწა ნიადაგებზე, აზოტოვანი და ფოსფოროვანი მინერალური სასუქების შეტანით.

ძირითადი აგროწესები

ქინძის განოყიერება მოიცავს ჰექტარზე 20ტ ნაკელისა და 50-100 კგ აზოტ-ფოსფორიანი მინერალური სასუქების შეტანას. სასუქები შეაქვთ შემოდგომაზე, მზრალად ხვნის წინ.

4-5 ფოთლის ფაზაში აწარმოებენ ნათესის გამოკვებას აზოტოვან-ფოსფოროვანი სასუქებით – 20-30 კგ/ჰა.

ქინძის დასათესად ნიადაგის მომზადება მოიცავს მზრალად ხვნის მთელ სისტემას, მოხვნას 22-25 სმ-ის სიღრმეზე, საგაზაფხულო ფარცხვას, თესვისწინა კულტივაციას, დაფარცხვას.

თესვას ჩვეულებრივ აწარმოებენ მშრალი თესლით. გაღივება რომ დაჩქარდეს, თესლს ასველებენ დათესვამდე 3-4 დღის განმავლობაში და ჰაერზე ოდნავი შეშრობის შემდეგ თესავენ.

დიდ ფართობებზე თესვა უმჯობესია ჩატარდეს მწკრივად – ზოლებრივად. ინტერვალი მწკრივთაშორის 15 სმ, ხოლო, ფართო მწკრივებად თესვისას 45 სმ უნდა იყოს, თესლის ჩათესვის სიღრმე კი 1-2 სმ.

1000 თესლის მასა 7-10 გრ-ს უდრის. თესლი აღმოცენებას იწყებს დათესვიდან მე-12-მე-14 დღეს. დასათესად უკეთესია 1-2 წლიანი თესლი, რადგან ის ადრე კარგავს აღმოცენების უნარს.

ჰექტარზე სათესი ნორმა შეადგენს 18-24 კილოგრამს.

ქინძის მოვლა მოიცავს სარეველების მოცილებას, გაფხვიერებასა და საჭიროების მიხედვით მორწყვას. ვეგეტაციის პერიოდში საჭიროა 1-2-ჯერ გამარგვლა და მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენება.

გზა ფერმერობისკენ/საქართველოს ფერმერთა ასოცოაცია.

იხილეთ აგრეთვე: ცერეცო – წარმოების აგროტექნოლოგია

თქვენი რეკლამა