საშემოდგომოდ ნათესი ხახვის უპირატესობა საგაზაფხულო ხახვთან შედარებით

ხახვი

საშემოდგომოდ ნათესი ხახვის უპირატესობა საგაზაფხულო ხახვთან შედარებით აღმოსავლეთ საქართველოს მებოსტნეობის მეორე ზონის პირველ ქვეზონაში.

ცდის მიზანს წარმოადგენდა აღმოსავლეთ საქართველოს მებოსტნეობის მეორე ზონისთვის ზღვის დონიდან 560-600 მეტრ სიმაღლეზე საშემოდგომოდ ნათესი ხახვის თესვის ვადების შესწავლა, სამწვანილე (საფოჩე ) ხახვის მიღება გვიან შემოდგომაზე, ადრე გაზაფხულზე, ბოლქვის საადრეო მოსავლის მიღება და ჯიშების შერჩევა, როგორც ადგილობრივის ასევე შემოტანილის, საშემოდგომოდ თესვითვის. ნიადაგის თანმიმდევრული და დროული დამუშავება, ჩათესვის სიღრმის დაცვა (საგაზაფხულო თესვის დროს ჩათესვის სიღრმე 1-2 სმ-ია, ხოლო საშემოდგომოდ თესვის დროს 3-4 სმ.), რათა მიღებულ ყოფილიყო თანაბარი და ჯანსაღი აღმონაცენი.

თავიანი ხახვი „Allium cepa“ ხახვნაირ მცენარეთა ოჯახს ეკუთვნის, სამშობლოდ შუა აზია (ავღანეთი, თურქმენეთი, ირანის ჩრდილოეთი)  ითვლება, სადაც ამჟამად ველურ სახით გვხვდება, იგი ერთლებნიანი მრავალწლოვანი, ჯვარედინ მტვერია  მცენარეა, კულტურაში მას ვამრავლებთ, როგორც ორწლოვანს.

თავიანი ხახვი ძალიან ძვირფასი ბოსტნეული კულტურაა, ხახვნაირი მცენარეებიდან ყველაზე ფართო გამოყენება და გავრცელება აქვს (ამ ჯგუფის კულტურებიდან  ნათესი ფართობების 95 %-ზე მეტი უკავია),  ადამიანისთვის ვიტამინების წყაროს  წარმოადგენს, იგი უძველესი კულტურაა, საქართველოში მას მოიხმარდნენ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე და ბოსტნეულ კულტურებს შორის  ხახვს ერთ-ერთი ძირითადი ადგილი უკავია არა მარტო ჩვენში, არამედ მთელ მსოფლიოში.

თავიან ხახვს ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს დროიდან იყენებდნენ  ხალხურ და კლასიკურ მედიცინაში მრავალი დაავადებების (კუჭნაწლავის დისბაქტერიოზის, კოლიტის ჰიპერტონიის, სკლეროზი და სხვა) პათოლოგიების სამკურნალოდ და ჭრილობების დასამუშავებლად. ხახვში შედის ფიტონციდური ნივთიერება ალიცინი, რომელსაგ გააჩნია ძლიერი გაუსნებოვნების უნარი, ამიტომ მას იყენებენ, როგორც ანტისეპტიკური ანტივირუსულ საშუალებას.

ხახვი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, შაქარს, საუკეთესოა გულსისხძარღვთა დაავადებების დროს. სანელებლის სახით გამოყენების დროს აძლიერებს კუჭის წვენის გამოყოფას და საკვების შეთვისებას. წვენი გამოიყენება თმის ცვენის საწინაამღდეგოდ. ხახვს სუნს და გემოს აძლევს სურნელოვანი ეთერზეთები.

ანსხვავებენ ცხარე, ნახევრად  ცხარე და ტკბილ ხახვს. ხახვის ბოლქვი შეიცავს შაქრებს, ვიტამინებს, ეთერზეთებს, აზოტოვან ნივთიერებებს, ფოთოლი მდიდარია  C ვიტამინით, კაროტინით ანუ A ვიტამინის პროვიტამინით, აგრეთვე B1 და B2  ვიტამინებით.  შეიცავს აგრეთვე უჯრედისს, ხოლო მინერალური მარილებიდან კი კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს.

თავიანი ხახვი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტია, იყენებენ, როგორც მწვანილად მწვანე სახით, ასევე ბოლქვს სანელებლად სხვადასხვა კერძის მომზადების დროს, გამოიყენება საკონსერვო მრეწველობაშიც.

თავიანი ხახვი კარგად ვითარდება ნეიტრალურ, მსუბუქ , ფხვიერ, სარეველებისგან სუფთა, ორგანული სასუქით გამდიდრებულ ნიადაგზე. ხახვს ფუნჯა ფესვთა სისტემა აქვს, ფესვები ნიადაგის ზედა ფენაში იშლება, ამიტომ მოითხოვს მაღალ ნაყოფიერ ნიადაგს სოლო გვალვებისადმი კი ნაკლებად გამძლეა. დადგენილია, რომ სხვა ბოსტნეული კულტურებისაგან განსხვავებით ხახვი და ნიორი უკეთ იყენებს ორგანულ სასუქებს ვიდრე მინერალურს. ორგანული სასუქებიდან რეკომენდირებულია კარგად გადამწვარი 30-40 ტონა  ნაკელის შეტანა ჰექტარზე ნიადაგის ძირითადი დამუშავების წინ. ახალი ნაკელის შეტანა დაუშვებელია. საუკეთესოა ერთ ჰა-ზე 8-10 ტონა ბიოჰუმუსის შეტანა. ხახვი ძლიერ მომთხოვნია წყლის მიმართ, განსაკუთრებით თესლის გაღივების პროცესში და თავის ფორმირების დროს, მოსავლის აღებამდე 20-25 დღით ადრე უნდა შევწყვიტოთ მორწყვა. ვეგეტაციის პერიოდში მოითხოვს 6-7 მორწყვას.

ხახვი სხვა ბოსტნეულ კულტურებთან შედარებით ყინვა გამძლეა, მაგრამ 2-3 კვირის (ახალი) აღმონაცენი ნაკლებად  იტანს ყინვას. -3-40C-ზე ნათესი შეიძლება მთლიანად დაიღუპოს, ხოლო მომძლავრებული მცენარე უფრო მაღალი ყინვების დროსაც არ ზიანდება.

როგორც ავღნიშნეთ ჩვენი ცდის მიზანი იყო არამარტო თესვის ვადების დადგენა აღმოსავლეთ საქართველოს მებოსტნეობის მეორე ზონის პირველი ქვეზონისთვის, არამედ მიმდინარეობდა როგორც შემოტანილი, ასევე ადგილობრივი ჯიშების და ფორმების შერჩევა, რომელიც საუკეთესო იქნებოდა საშემოდგომოდ თესვისთვის.

ამ მიზნით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე ხახვის თესლის თესვა მიმდინარეობდა ხუთ ვადაში: პირველი ვადა 20-25 აგვისტო,  მეორე ვადა 25-15 სექტემბრი, მესამე ვადა 15-25 სქტემბრი, მეოთხე ვადა  25-30 სექტემბრი,  მეხუთე ვადა 5-15 ოქტომბერი. ოთხი წლის განმავლობაში  სამ განმეორებაში შესწავლილი იქნა  თესვის ვადები, საუკეთესო გამოდგა მეორე ვადა, თესვა  სექტემბრის 5-15. ამ ვადაში თესვის შემთხვევაში ვიღებდით საგაზაფხულო ხახვთან შედარებით საადრეო მოსავალს, მოსავალი აღებული უნდა იქნეს ივნინის ბოლოს , ეს ის პერიოდია, როდესაც ბაზარში ხახვის ბოლქვის დეფიციტია, ესე იგი კომერციული თვალსაზრისითაც საუკეთესოა. აღმოშნული თესვის ვადა საშუალებას იძლევა ადრე გაზაფხულზე ხახვი გამოყენებულ იქნეს სამწვანილედ.

მებოსტნეობის მეორე ზონის პირველ ქვეზონაში (ზღვის დონე 560 -600მ. სიმაღლე)   საშემოდგომოდ ნათესი ხახვის უპირატესობა საგაზაფხულო ხახვთან შედარებით შემდეგია:

1. ნათესი მოითხოვს ნაკლები აგროტექნიკური ღინისძიებების ჩატარებას ( თოხნა, მარგვლა), ესე იგი მკვეთრად მცირდება შრომითი დანახარჯები ერთეულ ფართობზე;
2. მორწყვა ვეგეტაციის პერიოდში შეიძლება დაჭირდეს 2-ჯერ, როცა საგაზაფხულო ხახვი მოითხოვს 5-6 მორწყვას, ხდება წყლის რესურსის დაზოგვა;
3. ვიღებთ საადრეო (მაისის თვე)  და საუკეთესო ხარისხის ბოლქვს, რაც კომერციული თვალსაზრისით ხელსაყრელია;
4. ადრე გაზაფხულზე ხახვის გამოყენება შეიძლება სამწვანილედ;
5. ნათესი არ მოითხოვს წამლობას პესტიციდებით, ეს კი დადებითად მოქმედებს ხახვის ხარისზე;
6. პერსპექტიული ფორმები გამძლეა, როგორც ბიოტური ასევე აბიოტური გარემო ფაქტორების მიმართ;
7. გამოირჩევა საუკეთესო შენახვისუნარიანობით.

ავტორები:

ელენე მოთიაშვილი-სიჭინავა სოფლის მეურნეობის დოქტორი;
გიორგი ბადრიშვილი სოფლის მეურნეობის დოქტორი;
თეონა ვახტანგაძე.

იხილეთ აგრეთვე: ბოსტნეული კულტურების თესვა-რგვის და მოსავლის აღების ვადები

თქვენი რეკლამა