რევანდი (ლათ. Rheum) წიწიბურასებრთა ოჯახის, მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა.
რევანდი მოჰყავთ ძლიერ განვითარებული, ფოთლის ყუნწებისათვის, რომელიც გამოიყენება საოჯახო კულინარიაში, ისევე როგორც ნედლეული საკონსერვო, საკონდიტრო მრეწველობაში და მეფრინველეობაში.
რევანდი წარმოადგენს ყუათიან, სამკურნალო და დიეტურ ბოსტნეულს. რევანდის ყუნწები შიცავს 94 % წყალს, 6% მშრალ ნივთიერებას, შაქრებს (2%-მდე) და ორგანულ მჟავეებს (3,5%-მდე).
რევანდი ყინვაგამძლე, ჩრდილის ამტანი მცენარეა რომელიც იძლევა პროდუქციას ადრე გაზაფხულზე. რევანდის ფესურები იტანენ 300C –მდე ყინვებს.
გაზაფხულზე რევანდის ფოთლები იწყებენ ზრდას ჯერ კიდევ თოვლის დადნობამდე და 20-30 დღის შემდეგ მზადაა მოსახმარებლად, მაშინ როცა ამ დროს სხვა ბოსტნეული ძალზე მცირეა.
რევანდის თესლები გაღივებას იწყებს 2-30 C. რევანდი დიდ მოთხოვნილებას უყენებს ნიადაგის ტენს, განსაკუთრებით ფოთლების ფორმირების პერიოდში, ამიტომ გვალვიან ამინდებში აუცილებელია მორწყვა.
რევანდი მრავლდება ვეგეტატიურად (ფესურების დაყოფით) და თესლით ( ჩვეულებრივი ჩითილით ან ზოგჯერ თესლის უშუალოდ გრუნტში თესვით).
თესლით თესვისას რევანდის მოსავალს ერთი წლით გვიან იღებენ, ვიდრე ვეგეტატიური გამრავლებისას და ამასთანავე, არაერთგვაროვანი ხარისხისაა.
რევანდის სამრეწველო წარმოებისათვის დიდ ფართობებზე უპირატესობას აძლევენ (თესლით) ჩითილით გამრავლებას, ვიდრე ვეგეტატიურს.
ჩითილები გამოყავთ საჩითილეებში გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში. 1 ჰა-ზე საჩითილედ თესავენ 2,5-3 კგ თესლს 2-3 მწკრივიან ზოლად 20X50 სმ ან 55 X 55 X 70 სმ.
აღმოცენების შემდეგ ამეჩხერებენ და მცენარეებს შორის ტოვებენ 15-20 სმ მანძილს.
შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე ჩითილებს ამოიღებენ, დაჭრიან ფოთლებს და გადარგავენ მუდმივ ადგილზე.
1 ჰა ფართობის დასარგავად საჭიროა ჩითილების აღსაზრდელად 1000 მ2 ფართობი. ჩითილებს რგავენ ჩითილის სარგავი მანქანებით კვადრატულად.
საადრეო ჯიშებს 80X80 სმ, საშუალო პერიოდის ჯიშებს კი 100X100 სმ ან 90X90 სმ.
რევანდის ვეგეტატიური გამრავლებისას სადედედ სამი – ოთხი წლის ასაკის მცენარეებს არჩევენ, რომლებიც ხასიათდებიან ყუნწების მაღლი მოსავლით და კარგი ხარისხით.
რევანდის ფესურების ამოთხრა, მათი გაყოფა და დარგვა სამხრეთ რაიონებში წარმოებს შემოდგომაზე, როცა მცენარეთა ვეგეტაცია დამთავრებულია, ჩრდილოეთში კი ადრე გაზაფხულზე, სანამ მცენარეები ზრდას დაიწყებენ.
ფესურებს ჭრიან მჭრელი დანით დაახლოებით 250 გ –იან ნაჭრებად, რომ თითოეულ ნაჭერს ჰქონდეს 1-2 კარგად განვითარებული კვირტი და ფესვის 1-2 მსხვილი განატოტი.
დამზადებულ ფესურებს მაშინათვე რგავენ ტენით მდიდარ, ნიადაგებში. ზემოდან კვირტებს აყრიან 1-2 სმ სისქის მიწის ფენას და მიწას ფესურების ირგვლივ კარგად დატკეპნიან.
რევანდის ნარგაობის მოვლაში შედის ნიადაგის სისტემატური გაფხვიერება – გამარგვლა, მორწყვა, გამოკვება, საყვავილე ისრების მოცილება, ბრძოლა მავნებლებთან და დაავადებებთან.
საჩითილეებში ატარებენ ორ გამოკვებას მინერალური სასუქებით (პირველად და მეორედ მარტო ფოსფორით). შემდეგ წლებში ყოველწლიურად 2-3 ჯერ გამოკვებავენ სრული (NPK) მინერალური სასუქებით ყუნწების მოჭრის შემდეგ და 3-4 ჯერ 2-3 წელიწადში შეაქვთ 20-40 ტ ორგანული სასუქი.
რევანდის ყლორტების მოსავალს იღებენ პლანტაციის მოწყობიდან, მეორე – მესამე წელს, ფოთლებს იღებენ ყუნწებით, მაშინ როცა მიაღწევს 20 სმ სიგრძეს და 1,5 სმ დიამეტრს შუა ნაწილში, ვეგეტაციის პერიოდში წარმოებს რამდენიმეჯერ შეკრეფვა ხელით.
ყუნწებს მოაცილებენ ფოთლებს და აწყობენ სარეალიზაციოდ 30-40 კგ ტევადობის ყუთებში. მოსავალი 1 ჰა-ზე მიიღება 20-40 ტ. ერთ ადგილზე შეიძლება დავტოვოთ 10-15 წელს.
ავტორები: ზაირა ტყებუჩავა; ცოტნე სამადაშვილი; გივი ცაგურიშვილი; ალექსანდრე გათენაძე. სოფლის მეურნეობის საფუძვლები.