ტრიფოლიატი – მწვანე ღობე და საუკეთესო საძირე

1912 Views

ტრიფოლიატის ეკლიანი ღობე, როცა გვეგონა, წარსულში დარჩა, დღეს ისევ აქტუალურია, როგორც დეკორატიული, ულამაზესი, მარადმწვანე და გამძლე საშუალება კარმიდამოს თუ ბაღების შემოსარაგვად. ამასთანავე, საუკეთესო და შეუცვლელი საძირეა ციტრუსოვანთათვის.

დღეს საქართველოში არა ერთგან დაინტერესდნენ ტრიფოლიატის დეკორატიული ღობეების გაკეთებით. ის ერთგვარ ეგზოტიკურ საშუალებასაც წარმოადგენს, რომ ეზო-კარი საუცხოოდ გამოიყურებოდეს.

დაინტერესებულ პირებს ვურჩევთ, როგორ უნდა მოახდინონ ტრიფოლიატის თესვა თუ საძირეების გადარგვა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩაის მსგავსად, ბევრგან აჭრეს ტრიფოლიატის ღობეები და შესაბამისად ინტერესიც აღარ იყო მის მიმართ, მაინც შემორჩენილია და თესლის შეგროვებაც ძნელი არ არის. მანდარინის მსგავსი მცირე ზომის ნაყოფს მცენარე მუდამ ისხამს, რომლის შეგროვებას და შემდეგ სათესლე მასალის მიღებას, დაინტერესებული ადამიანი მუდამ შეძლებს.

თესვაც და საძირეების გადარგვაც უნდა მოხდეს 25 თებერვლიდან 15 მარტამდე.

ტრიფლიატი, მწვანე, ღობე, საძირე

თესვა უნდა აწარმოოთ ერთი მეტრის სიგანის კარგად დამუშავებულ კვლებზე, გარდიგარდმო მწკრივებად. თესვის სიღრმე უნდა იყოს სამი სანტიმეტრი. ერთ ჰექტარზე ითესება 250 კილოგრამი თესლი. აღმოცენებულ მცენარეებს შორის მანძილი მწკრივებს შორის უნდა იქნას 6 სანტიმეტრი. უფრო ხშირი აღმოცენებისას, საჭიროა ნათესი გამეჩხერდეს.

შემდეგ, ერთწლიანი ინტერვალით, თებერვალ-მარტში, ერთწლიანი ტრიფოლიატის საძირეების გადარგვა უნდა აწარმოოთ ორგვარად: კვლებზე და მინდვრული წესით (კვლების გარეშე).

ჭარბტენიან ნიადაგზე საძირეებს ვრგავთ 10-15 სანტიმეტრით ამაღლებულ კვლებზე. კვლების სიგანე სხვადასხვაა _ ერთი, ორი და სამმეტრიანი. საძირეების მწკრივები ეწყობა კვლების გასწვრივ მთელ სიგრძეზე. მინდვრული წესით დარგვა შეგიძლიათ წყალგამტარ, ქვიშნარ ნიადაგებზე. ამ წესით სანერგის მოწყობისას მეტად გაადვილებულია სამუშაოთა მექანიზაცია.

ტრიფლიატი, მწვანე, ღობე, საძირე

მანძილი საძირეებს შორის სხვადასხვა უნდა იყოს: კვლებზე დარგვისას, 50 სანტიმეტრი რიგებსა და 25 სანტიმეტრი _ მცენარეებს შორის. ამ წესის დაცვა ყოველთვის სასურველია.

მინდვრული წესით დარგვისას, რიგებს შორის მანძილი უნდა დავტოვოთ 80 სანტიმეტრი მაინც. რიგში კი, მცენარეთა შორის მანძილი 25-30 სანტიმეტრი უნდა იყოს. დარგვისას საძირეები უნდა მოირწყას, შემდეგ კი განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ნიადაგში ტენიანობის შენარჩუნებას, რასაც ხშირი გაფხვიერებით უნდა მიაღწიოთ.

თუ ტრიფოლიატი გვინდა ციტრუსოვანთა საძირეებად (ამ მხრივ ის შეუცვლელია), თებერვალ-მარტში, საგანგებოდ შერჩეულ სანერგის მეორე მინდორზე, სადაც მოთავსებულია ნამყენები, უნდა მოახდინოთ რიგთაშორისების გადაბარვა.

ტრიფლიატი, მწვანე, ღობე, საძირე

გადაბარვის შემდეგ, ვეგეტაციის დაწყებამდე, მარტში უნდა დავიწყოთ ნამყენების კვირტზე გადაჭრა, რაც ასე უნდა ჩავატაროთ: დამყნილი კვირტიდან 1-1,5 მილიმეტრის სიმაღლეზე კარგად ალესილი სეკატორით ვაცილებთ ნეკს. გადანაჭერს უნდა წაუსვათ ბაღის მალამო. თუ არ გაქვთ, შეიძლება თხლად გადაუსვათ კარგად დარბილებული თაფლის სანთელი.

ვეგეტაციის პერიოდში საჭიროა თვალყური ვადევნოთ, რომ კვირტიდან გამოსული ნორჩი ამონაყრები არ დაზიანდეს. ამ მიზნით მათ ვუყენებთ პატარა ჭიგოებს, რომელზედაც ნამყენები უნდა მიეკრას. აგრეთვე, სისტემატურად უნდა ჩავატაროთ ტრიფოლიატის ამონაყრების ხელით მოცილება.

უნდა ვეცადოთ, რომ სანერგეში ნიადაგი ყოველთვის ფხვიერი და სარეველებისგან გაწმენდილი იყოს. ოკულანტების (კვირტით ნამყნობი მცენარე) ზრდის გასაძლიერებლად უნდა შეიტანოთ აზოტიანი სასუქი _ 2 გრამი საკვები ნივთიერება თითოეულ მცენარეზე. სასუქი უნდა შევიტანოთ ნიადაგის გადაბარვის და გაფხვიერების დროს, თებერვლის ბოლოს, მარტსა და შემდეგ მაისში.

ტრიფლიატი, მწვანე, ღობე, საძირე

წყარო: gurianews.com

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრე აგრეგატები
საფენის ბაქტერიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
რეკლამა – აგროკავკასია
აგროკავკასია, რეკლამა
აგროკავკასია FB