შავი ქლიავის მყნობით გამრავლება

ქლიავი, მყნობა

შავი ქლიავი ადგილობრივი ჯიშია, საქართველოში გავრცელებულია რამდენიმე  განსხვავებული ფორმა. მსხმოიარობაში შედის მე-3-4 წლიდან, ახასიათებს რეგულარული საშუალო მოსავლიანობა. 

მავნებელ-დაავადებათა მიმართ შედარებით გამძლეა, ხე ცოცხლობს ხანგრძლივად, ნაყოფი ტრანსპორტაბელურია და მწიფდება აგვისტოს ბოლოს.

ნაყოფი მსხვილია 40-50 გრამის, კვერცხისებური ფორმის, მუქი ლურჯი შეფერვის, ნაყოფის ზედაპირი  დაფარულია სქელი ნაფიფქით. რბილობი მომწვანო-მოყვითალო, ტკბილი, წვნიანი და მკვრივი, კურკა  დახორკლილი, რბილობს ადვილად სცილდება.

შავი ქლიავი გამოიყენება როგორც სასუფრედ ასევე სამურაბედ, ჩირად, კომპოტად, ხილფაფად, ჯემად და სხვა.

სამეურნეო და ბიოლოგიურ-მორფოლოგიური დახასიათება

უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი გენოფონდის საფუძვლიან გამოკვლევა-შესწავლას, რომელთა შორისაც შეიძლება გამოვყოთ ისეთი სამრეწველო მნიშვნელობის ჯიშები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ჯიშებს არათუ ჩამოუვარდება, არამედ ზოგჯერ აღემატება კიდეც.

ამ მხრივ  ნიშანდობლივია კახეთის რეგიონი, რომელიც ქლიავის კულტურის ადგილობრივი ჯიშებისა და ფორმების  სიმრავლის თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერაა.

განსაკუთრებით საყურადღებოა  ამ ზონაში შავი ქლიავის საჩირე მიმართულების ჯიშებისა და ფორმების გამრავლება და ხარისხიანი ეკოლოგიურად სუფთა ჩირის წარმოება, რომელსაც დიდი მოთხოვნილება  ექნება როგორც შიდა ასევე საექსპორტო ბაზარზე, მისი სამკურნალო, დიეტური და მრავალმხრივი კვებითი ღირებულებების გამო.

შავი ქლიავის სარგავი მასალის გამოყვანა

მაღალრენტაბელური, ეკოლოგიურად და ჯიშურად სუფთაა ნარგავობის გასაშენებლად გამორჩეული ყურადღება ექცევა ჯანსაღი სარგავი მასალის წარმოებას.

შავი ქლიავის კულტურისათვის რეკომენდებულია ტყემლის საძირის გამოყენება, რომლის მისაღებად   საჭიროა  შემოდგომაზე ტყემლის კურკის დამზადება და თესვა.

თესვის სქემა 

  • 1 ჰა სათესი სივრცის მოსაწყობად საჭიროა 35-40 კგ ტყემალი;
  • რიგთაშორის მანძილი 50-60 სმ;
  • რიგში მცენარეთა შორის მანძილი 10 – 15 სმ;
  • თესვი სიღრმე 4-6 სმ (ნიადაგის ტიპების მიხედვით).

თესვა შეიძლება ჩატარდეს როგორც სტრატიფიცირებული კურკით ასევე სტრატიფიცირების გარეშე  გვიან შემოდგომაზე სათეს მინდორში წინასწარ მომზადებულ ნიადაგში.

თესვის შემდეგ რეკომენდებულია სათესი სკოლის მორწყვა. გაზაფხულზე ტყემლის აღმოცენების შემდეგ საჭიროა რიგებში სარეველების გასუფთავება_გამარგვლა  პერიოდულად და მორწყვა. ყოველი მორწყვის შემდეგ აუცილებელია ნიადაგის  გაფხვიერება.

ეკოლოგიურად სუფთა სტანდარტული სარგავი მასალის მისაღებად მინერალური სასუქების ნაცვლად გამოყენებული უნდა იქნეს თვეში ერთხელ ორგანული სასუქი (ნაკელზე დამზადებული წუნწუხი). ნაზარდის დაავადებების თავიდან ასაცილებლად საჭიროების მიხედვით გამოყენებული უნდა იქნეს შესაბამისი ბიოპრეპარატები.

მყნობა

ქლიავის მყნობის ყველაზე მიღებული მეთოდია მყნობა კვირტით. სამეცნიერო კვლევებით დადგენილია, რომ აღმოსავლეთ საქართველოს პირობებისათვის მყნობის ოპტიმალური ვადაა  _ 25 ივლისი – აგვისტოს ბოლო.

მყნობის დაწყების წინ 3-6 დღით (დამოკიდებულია ნიადაგის ტიპზე) ადრე საძირეები აუცილებლად უნდა მოირწყას, ისე რომ მყნობის დროს საძირეს კანი ადვილად უნდა სცილდებოდეს.

ქლიავი, მყნობა

მყნობის თანმიმდევრობა

მყნობის დაწყებამდე საძირე ფესვის ყელიდან 8-10 სმ. სიმაღლეზე უნდა გასუფთავდეს და გაიწმინდოს სველი ნაჭრით;

მყნობა ტარდება კვირტის ჩასმით T-ს მსგავს ჭრილში ფესვის ყელიდან 4-6 სმ. სიმაღლეზე, რის შემდეგ შეხვევა ხდება სპეციალური პოლიეთილენის აპკით ქვემოდან ზემოთ, ისე რომ ჭრილობა დაიფაროს მთლიანად, ხოლო კვირტის ყუნწი დარჩეს გარეთ.

მყნობის ჩატარება არ არის რეკომენდებული  შუადღისით, ძლიერი სიცხეების დროს და  წვიმიან ამინდში წვეთის შეშრობამდე. დასამყნობად გამოიყენება  წინასწარ შერჩეული ჯიშების აპრობირებული, ჯანსაღი (მავნებელ-დავადებებისგან სუფთა)  ხეებიდან 1-2 დღით ადრე აჭრილი 20 – 30 სმ სიგრძის კალმები.

საკვირტე კალმების დამზადება ხდება  ერთწლიანი  კარგად განვითარებული ნაზარდებისაგან, რომელსაც მოჭრის შემდეგ სცილდება ფოთლები, ისე რომ კალამზე დარჩეს მხოლოდ ყუნწის ნაწილი, რაც აუცილებელია კვირტის ჩასასმელად.

მყნობის დამთავრებიდან 10-15 დღის შესაძლებელია დადგინდეს გახარებული კვირტების რაოდენობა. ნორმალური შეხორცების დროს, კვირტზე დარჩენილი ყუნწი ხდება ქარვისფერი და თითის შეხებით ადვილად სცილდება, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მიმჭკნარია, მოშავო ფერისაა და კვირტს არ სცილდება.

ავტორები: კუკური ძერია, სმ მეცნიერებათა დოქტორი,
ზვიად ბობოქაშვილი, სმ მეცნიერებათა დოქტორი

იხილეთ აგრეთვე: კვირტით და კალმით მყნობა – მყნობის წესები

თქვენი რეკლამა