ვეტერინარული პრეპარატების კონტროლის განვითარება საქართველოში

ვეტერინარული

ვეტერინარული პრეპარატების კონტროლის განვითარება საქართველოში, ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით.

2023 წლის 24-29 ივლისს, ევროკავშირის მხარდაჭერით, ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის (FAO) ექსპერტი, ჯოანა ლეალი საქართველოს ეწვია და მედიკამენტების მოხმარებასა და კონტროლის თემაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს (სეს) და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს, ოთხდღიანი სასწავლო კურსი ჩაუტარა. კურსის მიზანს საქართველოში ვეტერინარული პრეპარატების მაკონტროლებელ მექანიზმებზე საჭირო ინფორმაციის და ტექნიკური რჩევების გაზიარება წარმოადგენდა.

ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული ტრენინგის ფარგლებში, შემდეგ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება: ვეტერინარული პრეპარატების შეფასება და რეგისტრაცია; ფარმაკოზედამხედველობა; ცხოველის სამკურნალო საკვები; ვეტერინარული პრეპარატებისა და ანტიბიოტიკების გამოყენებისა და მათი ნარჩენების კონტროლი; ანტიმიკრობული რეზისტენტობის შეფასება; ექსპერტიზა ანტიმიკრობულ დიაგნოსტირებასა და ზედამხედველობაზე.

ჯოანა ლეალმა საქართველოში ვეტერინარული პრეპარატების კონტროლის მექანიზმების შეფასების მიზნით რამდენიმე ფერმაც მოინახულა. მისი ინტერესის მთავარი მიმართულებები  ბიოუსაფრთხოება, ვეტერინარული სერვისების არსებობა და სამედიცინო პროდუქტების დისტრიბუცია-მოხმარება იყო.

FAO-ს ექსპერტმა ასევე მონაწილეობა მიიღო ვეტერინარული პრეპარატების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაშიც, რომელიც FAO-ს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სეს-ის წარმომადგნელებისგან შედგება. შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის, კომპეტენტური ორგანოების ორგანიზაციული სტრუქტურა, ნარჩენების მართვა, ანტიმიკრობული რეზისტენტობა და ვეტერინარული პრეპარატების გაუმჯობესებული კონტროლის სტრატეგიული გეგმის შემუშავება იყო. ვეტერინარული პრეპარატების სამუშაო ჯგუფი ტექნიკური პლატფორმაა, რომლის ფარგლებშიც, მონაწილე მხარეები, განიხილავენ ვეტერინარული პრეპარატების შესახებ ევროკავშირის რეგულაციებს  და ხელს უწყობენ, რეგულაციების შესაბამისად, საქართველოს საჯარო სექტორის  გაუმჯობესების პროცესს.

„მხოლოდ ერთიანი ჯანმრთელობა არსებობს და ვეტერინარული პრეპარატები, რომლებსაც პირუტყვს ვაძლევთ, ადამიანის ჯანმრთელობაზეც ახდენს ზეგავლენას. მაგალითად, ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა ადამიანებში ხშირად გამოწვეულია იმ ანტიბიოტიკებით, რომლებსაც ცხოველებს ვაძლევთ და შემდეგ მათგან წარმოებულ პროდუქტებს ვჭამთ. ამიტომაა უმნიშვნელოვანესი, რომ საქართველოში ფერმერებმა ვეტერინარული პრეპარატები სწორად გამოიყენონ, ხოლო კომპეტენტურმა ორგანოებმა აკონტროლონ ასეთი პრეპარატების გამოყენება. FAO, ევროკავშირის მხარდაჭერით, ხელს უწყობს ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომის პოპულარიზაციას”, ამბობს ხავიერ სანს ალვარესი, FAO-ს პროგრამის კოორდინატორი.

FAO საქართველოში, ევროკავშირის მხარდაჭერით, ENPARD პროგრამის ფარგლებში, სურსათის უვნებლობისა და ფიტოსანიტარული და სანიტარული სექტორების გაუმჯობესებაზე მუშაობს. ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგი კომპეტენტური ორგანოების 116 თანამშრომელს აქვს გავლილი საქართველოში. ევროკავშირის მხარდაჭერით, ქვეყანაში, სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების საჭიროებების მიხედვით, შექმნილი ცოდნის გაზიარებისა და უნარების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო მოდულები გაგრძელდება.

თქვენი რეკლამა