გლიცინია (ლათ. Wisteria sinensis) სინონიმები: ცის-ვაზი, ცის-ვარდი; ვენახა-ვარდი (ბოტანიკური ლექსიკონი) 20-30 მ-მდე და უფრო მაღალიც იზრდება, ზაფხულში მას ძლიერი ნაზარდი აქვს. ერთი შეხედვით მებაღე შეიძლება ჩიხში მოიქცეს მისი ასეთი თვისებების გამო, თუმცა სრულიად შესაძლებელია მცენარის ზრდის კონტროლი.
კარგი ყვავილობისა და ძლიერი ზრდის შესანარჩუნებლად საჭიროა მისი გასხვლა 2-ჯერ. შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე დარგული ახალგაზრდა გლიცინია ივითარებს 1-2 ძლიერ ყლორტს ძირიდან, რომლებიც ძალიან მალე გაიზრდება. ამ ეტაპზე გვერდითი ტოტები ან არ აქვთ ან თუ აქვთ ძალიან მცირე რაოდენობით.
თუ გვინდა რომ მცენარემ დაფაროს კედელი ან რაიმე საყრდენი და არ გვინდა მისი სიმაღლეში გაზრდა, დარგვის დროს მიწიდან 70-90 სმ-ზე უნდა ამოვჭრათ ან მოვახდინოთ ძირითადი ღეროს პინცირება. ამით სტიმულირდება გვერდითი 2-3 ტოტის განვითარება, რომლებსაც შემგომში ავაკრავთ საყრდენზე, ჩვენი შეხედულების მიხედვით.
ზედა ტოტების განლაგება ვერტიკალურია; ხოლო ქვედა ტოტები 45°დახრილობით უნდა ავაკრათ. ამ დროისთვის ტოტები ძალიან მოქნილია, ადვილად ავაკრავთ.
მომავალ ზამთარში ძირითად ღეროს ვჭრით 90 სმ-მდე (პირველი ძლიერი გვერდითი ტოტიდან). ვამოკლებთ გვერდით ტოტებს 1/3-მდე, ამით სტიმულირდება შემდგომში დატოტიანება.
ასეთივე იქნება შემდეგ წლებში მცენარის ფორმირება და გავიმეორებთ მას ყოველ შემდეგ წელს, ახალი ვერტიკალური ძირითადი ღეროსა და მისგან გამომავალი ჰორიზონტალური განშტოებებისთვის, მათი თანაბარი დაცილებებით, ისევ მივაკრათ ყოველ გადაჭრილ გვერდით ტოტს და დავამოკლებთ მის და სხვა ახალ ნაზარდს 4-5 ფოთლამდე. ეს პროცედურა ტარდება ზაფხულში – საყვავილე ყლორტების წარმოქმნისათვის. ზაფხულის ბოლოს ჩამოყალიბდება ჩონჩხი; შემდგომი ნაზარდი (3-3,5 მ სეზონზე) და გვერდითი ტოტების ნაზარდი უნდა შევაჭრათ 4-6 ფოთლამდე ან 15 სმ-მდე ძირითადი ტოტებიდან.
ამ საზაფხულო სხვლას ემატება ზამთრის სხვლაც, როდესაც ტოტებს ვაჭრით 8-10 სმ-მდე, ან 2-3 კვირტამდე; ამ გადაჭრილ ადგილებზე შემდეგ სეზონზეც ვითარდება ყვავილები. ზამთარში ადვილი გასარჩევია მსხვილი საყვავილე კვირტები – საზრდელი კვირტებისაგან. ამიტომ ყვავილობის პოტენციალი წინასწარ შესაძლებელია თვალით განისაზღვროს
გლიცინია
შედარებით რთული პროცედურაა – დიდი რაოდენობით საყვავილე კვირტების განვითარების უზრუნველყოფა; ამისათვის საჭიროა 2-3 კვირტის ინტერვალით საზაფხულო სხვლა – ახალი ნაზარდის 15 სმ-მდე შეჭრა, ამით სტიმულირდება გვერდითი ნაზარდის შემდგომი განვითარება, ხოლო სისტემატური პინცირებით შესაძლებელია მოყვავილე ტოტების ფორმირება დიდი რაოდენობის საყვავილე კვირტებით.
გლიცინისათვის შესაძლებელია მარაოსებრი დაბალშტამბიანი ან ნახევრადთავისუფალი ფორმის მიცემა.
I წელი
შემოდგომაზე დარგულ გლიცინიას – ზამთარში, როცა ამინდი ამის საშუალებას მოგვცემს, 75-90სმ სიმაღლეზე გადავჭრით ან (მოვსრისოთ) პინცირება გავუკეთოთ ყველაზე ძლიერ ძირითად ღეროს, მოვაცილოთ ყველა გვერდითი ან სხვა ტოტები და ავაკრათ.
ზაფხულის დასაწყისიდან – ზაფხულის ბოლომდე – გვერდითი კვირტებიდან ვითარდება 2-3 ძლიერი გვერდით ტოტები, ძირითად ყველაზე მაღალ ტოტს ვაკრავთ ჰორიზონტალურად, დანარჩენ გვერდით ტოტებს – საყრდენზე 40°-იანი დახრილობით ვაკრავთ. ვაჭრით ნებისმიერ სხვა ნაზარდს ძირიდან, თუ განვითარდა მეორე რიგის გვერდითი ნაზარდი, ვჭრით მას ზაფხულის ბოლოს 15-20 სმ-ზე.
II წელი
ზამთრის დადგომიდან – ზამთრის ბოლომდე, როცა ამინდი საშუალებას მოგვცემს გადავჭრათ ძირითადი ვერტიკალური ნაზარდი 70-90 სმ-ზე – პირველი გვერდითი ტოტიდან. ავაკრათ დახრილობით განლაგებული ტოტები და დავამოკლოთ ისინი მესამედზე, მცენარეს გარშემო გაუკეთოთ მულჩირება.
ზაფხულის დასაწყისი – ზაფხულის ბოლო – განვითარდება ძლიერი ნაზარდი, ზედა ტოტს ვაკრავთ ვერტიკალურდ, გვერდითებს 45°-იანი დახრილობით. მთლიანად ვაცლით ფესვისმიერ ნაზარდს. ზაფხულის ბოლოს ვაჭრით პირველი და მეორე რიგის გვერდით ტოტებს 15-25 სმ-ზე.
III წელი
ზამთრის განმავლობაში ვაჭრით ცენტრალურ ვერტიკალურ ნაზარდს 75-90სმ-ზე პირველი გვერდითი ტოტებიდან. ავაკრათ ჰორიზონტალურად გვერდითი ტოტები, დავამოკლოთ 1/3-ზე; მესამედზე დავამოკლოთ წინა წელს აკრული ტოტების ნაზარდი.
წყარო: „მებაღე“ – სახემძღვანელოს შექმნაზე მუშაობდნენ:
ზურაბ შევარდნაძე, მანანა ელბაქიძე, ქეთევან გელაშვილი.
იხილეთ აგრეთვე: ვარდის დაკალმება – ვარდის კალმით გამრავლება