გარემო ფაქტორების მიმართ დამოკიდებულება
• ნიადაგი
გარგარი ნორმალურად ვითარდება სხვადასხვა ტიპის ნიადაგებზე და სხვა კურკოვნებისგან განსხვავებით მომთხოვნია ნიადაგის აერაციის მიმართ. კარგად იზრდება მსუბუქი მექანიკური შედგენილობის, ალუვიურ, კარბონატულ ნიადაგებზე.
გარგარი ვერ ეგუება გრუნტის წყლების დგომას ნიადაგის ზედაპირიდან 1მ–ზე ახლოს და ნიადაგში ჭარბ ტენს, ამის გამო გარგარი დასავლეთ საქართველოში ნაკლებად ხარობს.
• ტემპერატურული რეჟიმი
გარგარი სინათლის მიმართ მომთხოვნი კულტურაა.
მისთვის ხელსაყრელია კარგად განათებული სამხრეთისა და სამხრეთ-დასავლეთის ფერდობები. საკმაოდ გვალვაგამძლეა. შუა აზიის რესპუბლიკებში იტანს +40-450C სიცხეს.
ამასთანავე, ღრმა მოსვენების პერიოდში მაღალი ყინვაგამძლეობით ხასიათდება (დაუზიანებლად იტანს _26-280C). ნაყოფების მომწიფებისთვის მოითხოვს 1800-25000C აქტიურ ტემპერატურათა ჯამს.
ვეგეტაცია იწყებს + 5-60C -ზე. ყვავილობას 8-100C -ზე. გაზაფხულზე –3-40C წაყინვებისაგან შეიძლება დაზიანდეს ყვავილები, –1-20C -ზე კი ახალგაზრდა ნასკვები.
• ნალექები
გარგარი ნაკლებმომთხოვნია წყლის მიმართ. საკმაოდ გვალვაგამძლეა, მაგრამ საყვავილე კვირტების ჩასახვის პერიოდში აუცილებელია მისი წყლით და საკვები ელემენტებით (ივლისი-სექტემბერი) უზრუნველყოფა.
• მავნებელ-დაავადებები
გარგარი ყველაზე ხშირად ზიანდება პათოგენებით: აღმოსავლური ნაყოფჭამია, ტკიპები, ბუგრები და ფაროსნები, დაავადებებიდან – მონილიოზი, ბაქტერიოზი, ფოთლების დაფაცხავება (კლასტეროსპოროზი), ნაცრისფერი სიდამპლე, ფესვის ფიტოფტორა, ვერტიცილიოზი და სხვ.
ბიოლოგიური თავისებურებები
ზრდა და მსხმოიარობა. გარგრის ხე საკმაოდ დიდხანს – 80 წლამდე ცხოვრობს. ბაღის სამრეწველო კომერციული პერიოდი 25-30 წელია. მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მე- 3-4 წელს, მოსავალს იძლევა ყოველწლიურად, თუ არ დაზიანდა გაზაფხულის წაყინვებისაგან და სოკოვანი დაავადებებისგან (Moilia laxa) ყვავილობის პერიოდში.
გარგარისათვის დამახასიათებელია ვეგეტაციის ადრეული დაწყება, კვირტების სწრაფი მომწიფება და ყლორტების წარმოქმნის მაღალი უნარი. გარგარს ჩვეულებრივ აქვს ზრდის ორი, ხოლო გრძელ სავეგეტაციო პერიოდში – ზრდის სამი ტალღა. ეს განაპირობებს ახალგაზრდა მცენარეების ინტენსიურ ზრდას და მსხმოიარობაში ადრეულ შესვლას. გარგარის გენერაციულ კვირტებს ახასიათებთ მოსვენების მოკლე პერიოდი, რის გამოც ისინი ადრე ყვავილობენ და ხშირად ზიანდებიან გაზაფხულის წაყინვებით.
საყვავილე კვირტების მოსვენების პერიოდის ხანგრძლივობა და მისი გაშლა დამოკიდებულია თუ ზრდის რომელი ტალღის ტოტებზე ხდება მისი დიფერენციაცია. მაგალითად, ყველაზე ადრე ფორმირდება და ადრე იღვიძებს ზრდის პირველი ტალღიდან მიღებულ ერთწლიან ნაზარდებზე ჩამოყალიბებული საყვავილე კვირტები. საყვავილე კვირტების დიფერენციაციის შედარებით გვიანი პერიოდი ახასიათებს ზრდის მეორე და მესამე ტალღის ტოტებზე ჩასახულ საყვავილე კვირტებს.
აღნიშნული ფაქტორი მოსვენების პერიოდს გარკვეულწილად ახანგრძლივებს და ყვავილობის დაწყება გვიანდება 6-10 დღით, რაც ხელს უწყობს რეგულარული მოსავლის მიღებას. აღნიშნულ კანონზომიერებაზეა დაფუძნებული გარგარის ზაფხულის გასხვლის მიდგომა, რომელიც უნდა ჩატარდეს ზრდის პირველი ტალღის დამთავრების შემდეგ (ივნისის ბოლოს ან მოსავლის აღების შემდეგ), ამით სტიმული ეძლევა ზრდის მეორე ტალღის დაწყებას და ფერხდება საყვავილე კვირტების ჩასახვა პირველი ტალღის ნაზარდებზე.
• დამტვერვა
ევროპული ჯიშების უმეტესობა თვითფერტილია, ხოლო კავკასიური ჯიშები ძირითადად ჯვარედინ-დამტვერავია. ყვავილობა გრძელდება 8-12 დღე.
მაღალი მოსავლის მისაღებად ყველა ჯიში მოითხოვს ჯვარედინ დამტვერვას. ამიტომ სამრეწველო ბაღებში საჭიროა შეირჩეს საუკეთესო დამამტვერიანებელი ჯიშები, რომელთა ყვავილობის პერიოდი ემთხვევა ერთმანეთს
• სიმწიფის პერიოდი და მოსავალი
სიმწიფის პერიოდის მიხედვით გამოიყოფა ჯიშები საადრეო, საშუალო, და საგვიანო პერიოდის. მწიფე ნაყოფის ადვილად ცვენადობის გამო კრეფა უნდა მოხდეს მოკლე ვადაში. საშუალო მოსავლიანობა სტანდარტულ ბაღებში 12 – 15 ტონა/ჰა-ზე შეადგენს, ინტენსიურ ბაღებში 18 – 20 ტ/ჰა კი აღწევს.
ავტორები: ზვიად ბობოქაშვილი; ელენე მაღლაკელიძე.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.