გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, თემაზე „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა“ ტრენინგები გაიმართა.
აღნიშნული ტრენინგების მიზანი პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ ავტორიზებულ სახელმწიფო დაწესებულებებში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მოდულის სასწავლო პროცესში დანერგვის ხელშეწყობაა.
სასაწავლო კურსის ფარგლებში, გადამზადდნენ აგრარული მიმართულების ლექტორები, რომლებმაც დეტალური ინფორმაცია მიიღეს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის როლისა და მნიშვნელობის შესახებ, განიხილეს რეგიონების მიხედვით პრიორიტეტული მიმართულებები.
კლიმატის ცვლილება დიდ გავლენას ახდენს გარემოზე და წარმოქმნის ახალ გამოწვევებს სოფლის მეურნეობაში. კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მიზანია სოფლის მეურნეობის გარდაქმნა ისეთ სისტემაზე, რომელიც შეარბილებს კლიმატის გავლენას და მოახდენს მასთან ადაპტაციას, უზრუნველყოფს სასურსათო უსაფრთხოებასა და შეამცირებს სათბურის აირების ემისიას.
სოფლის მეურნეობაში თანამედროვე მიდგომების დამკვიდრება მნიშვნელოვანია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედებისა და მექანიზაციაზე ფერმერთა დანახარჯების შესამცირებლად.
ტრენინგი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებული პროექტის – „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების და ტრენინგის სისტემის მოდერნიზება (VET ფაზა 2)” – ფარგლებში გაიმართა.