ნავენახევის მღვიმე ვიზიტორებისთვის ღიაა

ნავენახევი, მღვიმე, ტურიზმი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილთან და თერჯოლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ნავენახევის მღვიმე დაათვალიერა.

„ნავენახევის მღვიმემ ვიზიტორების მიღება განაახლა. მღვიმის უსაფრთხოება სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეებთან ერთად, ნავენახევის მღვიმე კიდევ უფრო საინტერესოს გახდის ვიზიტორებისთვის იმერეთის რეგიონს”, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

ნავენახევის მღვიმე საქართველოში პირველი ეკოტურისტული მღვიმეა, რომელსაც ერთი შესასვლელ-გამოსასვლელი გააჩნია. იმისთვის, რომ მაქსიმალურად მაღალ სტანდარტებზე მორგებულიყო მღვიმის უსაფრთხოება, დაცული ტერიტორიების სააგენტომ მიმართა მსოფლიოს წამყვან ფრანგულ ორგანიზაციას BUREAU VERITAS. მღვიმის შემოწმებისა და შესაბამისი დასკვნების საფუძველზე მასერტიფიცირებელმა ორგანომ ნავენახევის მღვიმეს უსაფრთხოების დამადასტურებელი სერტიფიკატი მიანიჭა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, 2018 წელს, ნავენახევის მღვიმეში მოხდა ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. მათ შორის, აშენდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობილი ვიზიტორთა ცენტრი და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურა.

ნავენახევის მღვიმე განსხვავებული ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და 4 დარბაზიანი მღვიმეა.

ნავენახევის მღვიმე ვიზიტორებს ყოველ დღე 10:00 დან 18:00 საათამდე უმასპინძლებს.

თქვენი რეკლამა