FAO რძის სექტორში მოსალოდნელი ცვლილების შესახებ, ფერმერთათვის საინფორმაციო კამპანიას ატარებს.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ – FAO, მერსი ქორის ალიანსების პროგრამასთან ერთად, ფერმერებთან და რძის სექტორში წარმოდგენილი მეწარმეებთან საინფორმაციო შეხვედრები ქვემო ქართლის რეგიონიდან დაიწყო.
შეხვედრის მიზანს წარმოდგენს, ერთი მხრივ, ფერმერთა დროული ინფორმირება ახალი რეგულაციის შესახებ, რომლის თანახმადაც 2019 წლის პირველი იანვრიდან რძის გადამამუშავებელ საწარმოებს ეკრძალებათ შეიძინონ რძე იმ ფერმერებისგან, რომელთა ცხოველები არაა იდენტიფიცირებული სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, ხოლო მეორე მხრივ, კამპანიის ფარგლებში ფერმერებს მიეწოდებათ ინფორმაცია იდენტიფიკაციის პროგრამის შესახებ.
იდენტიფიკაციის პროგრამა, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან მიმდინარეობს და გულისხმობს, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის იდენტიფიცირებას საყურე ნიშნებით და ცხოველთა რეგისტრაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის – FAO, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ხელმძღვანელის მიხეილ სოხაძის განმარტებით, აღნიშნული რეგულაციის მიზანს ქვეყანაში რძის და რძის პროდუქტების ხარისხის და კეთილსაიმედოობა წარმოადგენს.
„ამ ცვლილების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგეს რძის და რძის პროდუქტების მომხმარებელთა დაცვა. რძის გადამამუშავებელი საწარმოები ჩაიბარებენ რძეს მხოლოდ იმ ფერმერებისგან, რომელთა ცხოველების იდენტიფიცირებულია შესაბამისი საყურე ნიშნებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ცხოველზე განხორციელებულია სახელმწიფო კონტროლი, იგი ვაქცინირებულია და შემოწმებულია ვეტერინარის მიერ, რასაც მინიმუმადე დაჰყავს ზოონოზური ანუ ცხოველიდან ადამიანზე გადამდე დაავადებების რისკი“ – აცხადებს მიხეილ სოხაძე.
იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში მობინადრე ყველა ფერმერის წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელს, განურჩევლად ცხოველების რაოდენობისა, სახელმწიფო ვეტერინარი წელიწადში 2-ჯერ უტარებს, სახელმწიფო პროგრამით გათვალიწინებულ უფასო ვაქცინაციას (ჯილეხი, ბრუცელოზი, ცოფი და სხვ…) და ახდენს საქონლის იდენტიფიკაციას საყურე ნიშნებით.
ვაქცინაციისა და იდენტიფიკაციის პროგრამისთვის სახელწიფო ყოველწლიურად 4.5 მილიონ ლარს ხარჯავს, აღნიშნული სერვისები კი ფერმერს სრულიად უფასოდ მიეწოდებათ!
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა, წალკის, ბოლნისის, მარნეულის და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში არსებულ რძის გადამამუშავებელი ქარხნების წარმომადგენლებთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან და ადგილობრივ ფერმერებთან.
იდენტიფიკაციის სისტემის მიზანია, ცხოველთა მიკვლევადობა და ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური გარემოს შექმნა – 2016 წლიდან იდენტიფიკაცია – რეგისტრაციის პროგრამა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და ავსტრიის განვითარების სააგენტოების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
კამპანიის ფარგლებში, შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება.