წელს მარწყვის სეზონი საქართველოში საინტერესოდ და წინა წელთან შედარებით, განსხვავებული ტენდენციებით დაიწყო. სეზონის განმავლობაში, სიტუაცია რამდენჯერმე შეიცვალა, პირველ რიგში, უამინდობისა და სეტყვისგან გამოწვეული ზარალის გამო. თუ როგორ აისახა ეს და სხვა პრობლემები დარგზე და რას უჩივიან მარწყვის მწარმოებლები,ამ და სხვა საკითხების შესახებ გთავაზობთ ინტერვიუს „კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის“ თანადამფუძნებელთან, ელისო ღვინიაშვილთან.
„ასოციაცია სეზონის დაწყებამდე, მოსამზადებელი სამუშაოებიდან მოყოლებული, ფერმერებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. შესაბამისად, ადვილად გროვდება ანალიტიკა იმის შესახებ, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ესა თუ ის კულტურა. წელს განსაკუთრებით აქტუალური მარწყვის სეზონი და მასთან დაკავშირებული პრობლემები იყო“ – ამბობს ელისო ღვინიაშვილი.
ელისოს თქმით, მიზეზი იმისა, თუ რატომ გაუჭირდა ბევრ ფერმერს წელს მარწყვის გაყიდვა და ბევრ მათგანს დაკრეფილიც კი გაუფუჭდა, რამდენიმე და კომპლექსურია – „ერთ – ერთი პირველი ფაქტორი ბაზარზე თურქეთიდან იაფფასიანი, თუმცა, ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნოთ, კარგი ხარისხის მარწყვის იმპორტია, რომელიც პროდუქტის ფასს აგდებს, ადგილობრივ ფერმერებს კი კონკურენციის გაწევა უჭირთ როგორც ხარისხში, ისე ფასში. ამასთან ერთად, წელს ბევრად დაბალმსყიდველუნარიანია მომხმარებელი, რისი ერთ – ერთი მიზეზი კოვიდ პანდემია და ეკონომიკური კრიზისია. ამას კი ემატება ისეთი სისტემური პრობლემა, როგორიც გარკვეული კულტურების უხვად, შეიძლება ითქვას, უკონტროლოდ და დაუგეგმავად გაშენების წახალისებაა.
ცოტა ხნის წინ, „კენკრის მწარმოებელთა ასოციაციამ“ ორგანიზება გაუწია ფერმერების ექსპორტიორთან შეხვედრას. მიზანი, კენკროვანი კულტურების, მათ შორის, მარწყვის საექსპორტო პოტენციალის განსაზღვრა იყო. შეხვედრაზე ფერმერებმა ექსპორტიორისგან მოისმინეს ის მოთხოვნები, რომლებსაც პროდუქტი გარე ბაზრისთვის უნდა აკმაყოფილებდეს – მაღალი ხარისხი, მოთხოვნადი ჯიშები, სწორი ლოგისტიკა, შენახვის პირობები და ა.შ. როგორც ელისო ამბობს, შეხვედრის სადისკუსიო ნაწილი საკმაოდ აქტიური და საინტერესო იყო.
მისი თქმით, ფერმერთა ნაწილმა წამოჭრა საკითხი ექსპორტის საჭიროების არ არსებობაზე თავიანთი მეურნეობისთვის, რადგან, ხშირ შემთხვევაში, მარწყვის ფასი შიდა ბაზარზე ბევრად მაღალია, ვიდრე ექსპორტიორები ფერმერებს სთავაზობენ ხოლმე. და ამასთანავე,ფერმერთა ამ ნაწილმა ხაზი გაუსვა, რომ გასაღების პრობლემაც არ აქვს, რომელიც, პირველ რიგში, სწორი ჯიშების შერჩევასთან და რეალიზატორის მიერ მოთხოვნილი ხარისხის სტაბილურად დაკმაყოფილებასთანაა დაკავშირებული. თუმცა, ასოციაციის ცალსახა პოზიციაა ექსპორტის განვითარების საჭიროება და ხელისშემშლელი ფაქტორების სწრაფად და თანმიმდევრულად მოგვარება სახელმწიფო სექტორთან ერთად – „შეიძლება, საექსპორტო ფასი შიდა საბაზრო ფასთან შედარებით დაბალი იყოს, თუმცა, სწორედ ექსპორტია ის სამაშველო რგოლი, რომელიც ზემოთ განხილულ შიდა ბაზარზე წარმოშობილ სიჭარბეს და თვითღირებულებაზე დაბლა დავარდნილ ფასს გადაგვირჩენს. როდესაც შიდა ბაზარი დაკმაყოფილებულია და მიწოდება იმაზე მეტი გაქვს, ვიდრე ბაზარს ათვისება შეუძლია, უკვე გასაღების გარე ბაზრებზე უნდა იფიქრო. ეს გადაარჩენს, როგორც ზოგადად, მარწყვის ბიზნესს ქვეყანაში, ისე ერთი კონკრეტული ფერმერის მოსავალს გაფუჭებისგან“.
თუმცა, რას ითხოვს საექსპორტო ბაზარი და რა შეიძლება იყოს გამოსავალი, ეს უკვე ის საკითხებია, რომლებზეც, ასოციაციის დამფუძნებლის თქმით, კერძო სექტორმა, ფერმერმა და სახელმწიფომ ერთად უნდა იზუნოს.
მეორე აქტუალური პრობლემა, რომელიც შეხვედრაზე წამოიჭრა, არის ისეთი ჯიშების არ არსებობა, რომ მოსავალი წლის სხვადასხვა პერიოდზე გადანაწილდეს და მეტ-ნაკლებად თანაბარი პირობებით შეძლოს საშუალო და მსხვილმა მწარმოებელმაც ბაზარზე პოზიციონირება. აქ გამოსავალი ზედაპირზეა და ახალ ჯიშებზე მუშაობას, ახალი გამოცდილების დანერგვას ნიშნავს.
რომ შევაჯამოთ, თუ როგორ შეიძლება მარწყვის სექტორის გამოწვევები გადაიჭრას და დარგი ფერმერისთვის მომგებიან ბიზნესად იქცეს, ელისო ღვინიაშვილი სამ ძირითად გამოსავალს გვთავაზობს.
„პირველი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის საექსპორტო პოტენციალის განვითარება. აქ პრობლემა საექსპორტო ჯიშების არ არსებობასთან ერთად მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების არ ცოდნაა. მაგალითისთვის, საქართველოში დანერგილი ჯიშების საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 10-20 ტონაა, როდესაც ამერიკაში, ესპანეთში ან მექსიკაში 70 ტონამდე ადის ეს რიცხვი. მართალია, მუშა ხელი ქართველი ფერმერისთვის ბევრად იაფია, მაგრამ ჰექტარზე მოყვანილი რაოდენობა იმდენად გვიცვლის ფასს ერთეულ კილოგრამზე, რომ საბოლოო თვითღირებულებაში კონკურენციას ვერ ვუწევთ და ამით ჩვენი საექსპორტო პოტენციალი დაბლა იწევს.
ამასთან ერთად, ვერ ვაწარმოებთ ექსპორტისთვის შესაბამის ხარისხს – ერთგვაროვანი ფორმის, წონის, ხარისხის და გემოვნური თვისებების პროდუქტს.“ ამ პრობლემაზე საუბრისას ელისო ღვინიაშვილი დამცავი ბადეების საკითხზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ხარისხის ერთ-ერთი ინდიკატორი სწორედ დამცავი ბადეებია – „ფერმერი საქართველოში დამცავი ბადეების გარეშე დიდ რისკზე მიდის. სეზონის განმავლობაში სეტყვისა თუ მცხუნვარე მზის გამო არაერთხელ მიდიან ზარალზე. სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 10%-ით აფინანსებს ბადეებით გადახურვას, რატომღაც კენკრის სექტორს არ მოიცავს“. მისი თქმით, სისტემურია და ფაქტობრივად ყველა რეგიონს მოიცავს, ეს არის გაუმართავი ინფრასტრუქტურა, ბაღებიდან შემნახველ საწარმოებამდე კენკროვანი კულტურების გადაზიდვისთვის აბსოლიტურად შეუსაბამო და მოუწესრიგებელი გზები, უწყლოობა, რომელიც ფერმერებს მთელი სეზონის განმავლობაში აწუხებთ. ეს კი პირდაპირ აისახება მოსავლის ხარისხსა და რაოდენობაზე და სხვა.
მეორე, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება მარწყვის და ზოგადად, კენკრის მწარმოებლებს, არის გადამამუშავებელი სექტორის განვითარება. მისი თქმით, გადამამუშავებელი მიმართულების განვითარების დღევანდელი დონე ჯერ-ჯერობით ფონსაც ვერ ქმნის.მართალია, ქვეყანაში გვაქვს რიგი პროგრამები, რომლებიც აფინანსებენ მეწარმეს და მხარდაჭერაც საკმაოდ სოლიდურია, თუმცა, აქ მთავრდება სახელმწიფო ჩართულობა და დაფინანსებული საწარმოების საქმიანობის შეფასებაც კი არ ხდება. პირველი პრობლემა, რასაც კენკრის მწარმოებელი ფერმერები გადამამუშავებლებთან აწყდებიან, კენკრაზე გადამუშავების მოთხოვნის არ არსებობაა. საწარმოები ფერმერებს უარს ეუბნებიან კენკრის ჩაბარება – გადამუშავებაზე, რადგან აქვთ კონკრეტული სეგმენტი, რომელზეც წლებია მუშაობენ და საჭიროება არ უდგათ ახალ ბაზარზე შევიდნენ. ამ დროს, ქვეყანაში გადამუშავებულ კენკრაზე მოთხოვნა არის და ამ მოთხოვნას იმპორტირებული პროდუქტით ვპასუხობთ. სახელმწიფოსგანარ გვაქვს ანალიტიკა კენკრის გადამამუშავებელ მეურნეობაზე როგორც ბიზნეს სექტორის პერსპექტივაზე. სახელმწიფო სწორ პოლიტიკას უნდა ატარებდეს – თუ შესაძელბელია კენკრის გადამუშავება წარმატებულ სექტორად განვითარდეს, საჭიროა გადაიხედოს უკვე დაფინანსებული საწარმოების მუშაობა და აღმოიფხვრას ზემოთ მოყვანილი პრობლემა და თუ ბაზარი გვეუბნება, რომ ადგილზე წარმოებული გადამუშავებული კენკრა კონკურენციას ვერ გაუწევს იმპორტირებულს, ფერმერის ასპარეზად მხოლოდ ცოცხალი ხილის გასაღების ბაზარი რჩება, აქ კი თითოეულმა ფერმერმა უნდა იცოდეს ბაზრის შესაძლებლობები და ათვისების პოტენციალი.
„და ბოლოს, მნიშვნელოვანია, ზოგადად, სწორად დაიგეგმოს, ფერმერს სწორი ინფორმაცია მიეწოდოს, შიდა ბაზარზე რა პროდუქტებია საჭირო, რისი სიმცირეა და რისი სიჭარბეა. მაგალითად, წელს ფერმერმა უნდა იცოდეს, მრავალწლიანი კულტურის შემთხვევაში, 5 წლის შემდეგ, იქნება თუ არა მისი პროდუქტი მოთხოვნადი და რა დონეზე იქნება ბაზარი გაჯერებული, რომ წელს განხორციელებული ინვესტიცია სარგებლიანი იყოს.
ამისთვის, დიდი აქტივობაა საჭირო როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორიგან. ამ უკანასკნელმა, სწორი პოლიტიკა უნდა გაატაროს, მაგალითად, სუბსიდირების დროს. თუ ერთ-ერთ კულტურაში, მარწყვში უკვე ჭარბმოსავლიანობა გვაქვს, გვიჭირს და არ გვიღირს ექსპორტზე გატანა, სახელმწიფო აღარ უნდა აძლევდეს ფერმერს ამ კულტურის გაშენების სტიმულს სუბსიდირების გზით, არ უნდა წაახალისოს ამ ფართობების ზრდა. ამ შემთხვევაში, ზარალდება არა მხოლოდ ახალბედა ფერმერი, არამედ, მთლიანად, მარწყვის ბაზარი და სხვა მწარმოებლები.“
როგორც ელისო გვეუბნება, „კენკრის მწარმოებელთა ასოციაცია“ კვლავს აქტიურად გააგრძელებს ფერმერებთან თანამშრომლობას, პრობლემების მოკვლევას და ზედაპირზე ამოწევას, რათა დარგის პოტენციალი სწორად განვითარდეს და კენკრის წარმოება, რაც შეიძლება დროულად, გადავიტანოთ ბიზნესის ჭრილში.
ჟურნალისტი: მარიამ ტაკაშვილი
სტატია მოგვაწოდა კენკრის მწარმოებელთა ასოციაციამ https://www.facebook.com/GBGAssociation