მრავალწლოვანი ხეხილის და მათ შორის კენკროვანი კულტურების მხარდამჭერ პროგრამებზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე საუბრობს.
– ბოლო 3-4 წელია სოფლის მეურნეობის სამინისტრო მნიშვნელოვან პროგრამებს ახორციელებს მრავალწლოვანი ხეხილის ახალი ბაღების გაშენების კუთხით, რომელ კულტურებს ენიჭება პრიორიტეტი და მათ შორის რა წილი უჭირავს კენკროვნებს?
უნდა აღინიშნოს რომ, წარმატებით მიმდინარეობს როგორც იაფი სესხის, ასევე საგრანტო პროგრამები. მხოლოდ პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, უკვე 3600 ჰა-ზე მეტი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღები გაშენდა, სადაც ფართობით სჭარბობს ახალი ჯიშის კაკალი.
ასევე გაშენდა ვაშლის, ქლიავის ალუბალის ინტენსიური ბაღები. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გახლავთ ის, რომ ბაღები იყოს თანამედროვე ტიპის – დაინერგოს მოწინავე ტექნოლოგიები, წვეთოვანი მორწყვის სისტემები, შემცირდეს ხელით შრომის წილი და გაიზარდოს მექანიზაციის როლი.
ეს ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანი, საექსპორტო პოტენციალის მქონე ევროპული სტარდარტების პროდუქციის წარმოებას და იმპორტის ჩანაცვლებას. რაც შეეხება კენკროვან კულტურებს, საქართველოში მათი კულტურულად მოშენება ნაკლებად განვითარებულია.
ძირითადად, ჩვენი მოსახლეობა ველური კენკრის შეგროვებით არის დაკავებული, თუმცა გამოჩნდა რამდენიმე ენთუზიასტი, რომლებმაც დაინახეს კენკრის მაღალი პოტენციალი და დაიწყეს მათი კულტივირება.
სხვადასხვა დონორის დახმარებით განხორციელდა უეკლო მაყვლის, ჟოლოს, ლურჯი მოცვის და მოცხარის კულტურული, მაღალმოსავლიანი ჯიშების შემოტანა. დამუშავდა მათი მოვლა – მოყვანის აგროტექნოლოგია და მიღებული შედეგი ძალზედ მომგებიანი აღმოჩნდა ფერმერებისათვის.
შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო კვლევა თუ რა სიტუაციაა მსოფლიო ბაზრებზე კენკროვნების მოთხოვნა – მიწოდების კუთხით, აღმოჩნდა, რომ ბაზრის 40% თავისუფალია და მიწოდება ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას.
საქართველოს ნიადაგურ-კლიმატური პირობები შესანიშნავია კენკროვანი კულტურების გაშენებისათვის. მაგალითად: ძალიან კარგად მოდის ლურჯი მოცვი დასავლეთ რეგიონებში, სადაც არის მჟავე ნიადაგები. მაყვალი, ჟოლო, მოცხარი, ხურტკმელი კი, თითქმის ყველა რეგიონში გვხვდება. ასევე, მზარდი მოთხოვნაა მსოფლიო ბაზრებზე „ბიო“ პროდუქციაზე. ამ კუთხითაც საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია.
– საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას არ გააჩნია დიდი ნაკვეთები, რამდენად მიზანშეწონილია და მომგებიანია მცირე საკარმიდამო ნაკვეთებზე ამ კულტურების გაშენება?
ჩვენ შევისწავლეთ თუ როგორ განვითარდა კენკროვანი კულტურების წარმოება საქართველოს მსგავს პატარა ქვეყნებში და აღმოჩნდა, რომ სწორედ მცირე ნაკვეთებზე გაშენება არის უფრო ხელსაყრელი ვიდრე დიდ მასივებზე.
ძალიან საინტერესოა სერბეთის მაგალითი, სადაც ბოლო 10 წლის განმავლობაში, იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, მასობრივად გაშენდა ჟოლოს ბაღები, რომლის 90% მიწის ნაკვეთის ზომა 0,25 ჰექტარია. ანუ ეს, გახლავთ ე.წ. „ფემილი ფარმინგი“ ანუ საოჯახო მეურნეობა, მცირე გლეხური ფერმერული წარმოება, რომელიც საკმაოდ მაღალ შემოსავალს იძლევა.
საშუალოდ, კენკროვნების საჰექტარო მოსავლიანობა 10 ტონაა და თუ გავითვალისწინებთ, რომ საშუალო ფასი კილოგრამზე 3 – დან 5 ლარამდეა, მცირე ნაკვეთზე კარგი შემოსავლის მიღება შეიძლება.
დღეს მსოფლიოში ჟოლოს წარმოებით სერბეთი მე-4 ადგილზეა და ყოველწლიურად ექსპორტიდან 170 მილიონ დოლარს იღებს.
– მცირე ფერმერმა, გლეხმა როგორ უნდა გაყიდოს, როგორ გაიტანოს ექსპორტზე, როგორ დააკმაყოფილოს ევროპის მარკეტინგული მოთხოვნები?
ჯერ ადგილობრივი ბაზარი ვერ კმაყოფილდება ჩვენი პროდუქციით. ქართული კენკრა მხოლოდ სეზონურად იყიდება, ხოლო არასეზონზე კი მთლიანად იმპორტირებული პროდუქციითა გაჯერებული ბაზარი.
ამიტომ, ჯერ უნდა ვიზრუნოთ, რომ შევძლოთ მისი გადამუშავება ანუ შოკური გაყინვა, შენახვა და ადგილობრივ ბაზარზე მიწოდება, ხოლო შემდგომ ვიფიქროთ ექსპორტზე.
– არის ასეთი მაცივრები საქართველოში?
არის სულ რამდენიმე, მაგრამ ჯერ ჩვენ საკმარისი ნედლეულიც კი არ გვაქვს, რომ გადავამუშაოთ. დღეისათვის პროექტის „დანერგე მომავალი“ მხარდაჭერით, ეტაპობრივად იზრდება კენკრის ბაღების ფართობები და 2-3 წელიწადში საკმაო რაოდენობის მოსავალს მივიღებთ.
უკვე გამოჩნდა რამდენიმე ბიზნესმენი, რომელიც გეგმავს სამაცივრე – გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობას და სახელმწიფო ამ კომპონენტშიც გაუწევს მათ დახმარებას.
ამ ეტაპზე საქართველოდან ექსპორტზე კენკროვნებიდან გადის ლურჯი მოცვი, რადგან ფერმერებმა შეძლეს ევროპელი კონტრაქტორებისათვის შესაბამისი მარაგების მიწოდება.
სხვა კენკრა ექსპორტზე ჯერ არ გადის იმ მიზეზით, რომ არ გვაქვს შესაბამის მარაგები. ერთი კონტრაქტორი ითხოვს, რომ მოხდეს მინიმუმ 150-200 ტონის მიწოდების უზრუნველყოფა. ეს კი, უნდა მოხერხდეს პროდუქციის კონსოლიდაციით.
სწორედ ასე განვითარდა სერბეთში ეს დარგი. მცირე ფერმერები მოსავალს აბარებენ დამამზადებელ-გადამამუშავებელ წარმოებას, სადაც ხდება პროდუქციის დაკალიბრება, დაფასოება, გაყინვა და შესაბამისი სტანდარტებით შეფუთვა.
დაახლოებით ასეთი პროცესია საქართველოში თხილის წარმოებაში. მცირე ფერმერი თხილს აბარებს გადამამუშავებელ საწარმოს და მას გააქვს ექსპორტზე.
დარგის სწრაფად განვითარებისათვის მნიშვნელოვანია კოოპერაცია, რათა ფერმერებს გააჩნდეთ ერთიანი მმართველი რგოლი. ეს საშუალებას მისცემს მათ ისარგებლონ სხვადასხვა შეღავათით – იაფად შეიძინონ სასუქები, სამკურნალო პრეპარატები, ნერგები, მექანიზირებული აგროტექნიკა, ერთობლივად შექმნან გადამამუშავებელი წარმოება, მოახდინონ პროდუქციის კონსოლიდაცია, წარმოება და გავიდნენ საექსპორტო ბაზრებზე.
კენკროვანი კულტურების, როგორც მაღალი ღირებულების პროდუქციის გაშენება ხელს შეუწყობს სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას, საგრძნობლად გაზრდის შემოსავალს, გამოიწვევს სოფლად მოსახლეობის დამაგრებას, ხელს შეუწყობს დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებას და აგროტურიზმის განვითარებას.
გაზეთი „ჩვენი სოფელი“
დააზღვიეთ მოსავალი, გამოიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგიები – გაზარდეთ საკუთარი შემოსავალი! აგროკავკასია გისურვებთ წარმატებებს!