საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მხარდაჭერით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნის“ საჯარო განხილვა გაიმართა.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას კომიტეტის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიაწოდეს კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავების პროცესის შესახებ. ისაუბრეს ამ პროცესში შემუშავებული „მწვანე წიგნისა“ და მის საფუძველზე შექმნილი „თეთრი წიგნის“ თაობაზე, რომლის საჯარო განხილვებისას გამოთქმული წინადადებები, მოსაზრებები და რეკომენდაციები გათვალისწინებულ იქნება კანონპროექტში, რომელზეც პარლამენტში მუშაობა უკვე დაწყებულია.
„კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას დამტკიცებული აქვს ბევრი გეგმა, პროგრამები, გვაქვს ნაკისრი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვალდებულებები. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ბევრი საკანონმდებლო აქტი, არ გვაქვს ერთიანი კანონი, რომელიც განსაზღვრავს როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების როლს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის კუთხით. კლიმატის ცვლილება 21-ე საუკუნეში ყოველდღიურ ცხოვრებას თან სდევს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ის ახალი საკანონმდებლო აქტი, რომლის განხილვასაც პარლამენტი მომდევნო წელს დაიწყებს და ეს კანონი შექმნის ერთიან საკანონმდებლო ბაზას, რომელიც განსაზღვრავს როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისაუფლების როლს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის კუთხით“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე _ მაია ბითაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა, საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე აღნიშნული კანონპროექტის შემუშავების პროცესში. მისივე თქმით, პარლამენტში სპეციალური საბჭოს შექმნა იგეგმება.
„საქართველოს პარლამენტში პარლამენტში შეიქმნება საბჭო, რომელიც მაკოორდინირებელი იქნება როგორც საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კუთხით, ასევე ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ღონისძიებების განხორციელების თვალსაზრისით, სატყეო, სოფლის მეურნეობის სექტორში, ნარჩენების მართვაში, ტურიზმსა თუ ყველა იმ სექტორში, რომელიც პირდაპირ და ირიბ კავშირშია კლიმატის ცვლილებასთან შერბილების ღონისძიებების დაგეგმვის თვალსაზრისით“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა და მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ონლაინ რეჟიმშიც მიეღოთ მასში მონაწილეობა. დასმულ შეკითხვებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში ლაშა ნაკაშიძემ უპასუხეს.
საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნის“ განხილვას ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები, უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.