სელექცია-მეთესლეობის საფუძვლები

604 Views

მაღალმოსავლიანი, გარემო პირობებთან კარგად შეგუებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშებისა და ჰიბრიდების თესვა, მოსავლიანობის გაზრდის საშუალებაა.

ჯიში არის კულტურულ მცენარეთა ჯგუფი (ერთობლიობა), შექმნილი ადამიანის მიერ თავის ამა თუ იმ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

მისთვის დამახასიათებელია გარკვეული მემკვიდრეობა და ცვალებადობა, განსაკუთრებით კი გარკვეული ბიოლოგიური და სამეურნეო თვისებები, რომელთა მეოხებით ჯიშის ზოგიერთ რაიონში შეუძლია მოგვცეს დიდი რაოდენობისა და უმაღლესი ხარისხის პროდუქცია.

ჯიშთა კატეგორიები

ჯიშების ჩამოყალიბების გზების მიხედვით გამოყოფენ ორ ძირითად ჯგუფს: ადგილობრივი და სელექციური ჯიშები.

ადგილობრივი ჯიშები ჩამოყალიბებულია ხანგრძლივ ისტორიულ პროცესში ბუნებრივი და ხელოვნური გამორჩევის შეთანაწყობით – ხალხური სელექციით.

სელექციური ჯიშები გამოყვანილია მიზანდასახულად – სელექციური მეთოდების გამოყენებით.

ჯიშთა გამოყვანისა და გამრავლების წესების მიხედვით არჩევენ:

1. ჯიში – პოპულაცია;

2. ხაზოვანი ჯიში;

3. ჯიში _ კლონი;

4. ჯიში ჰიბრიდული;

5. მუტანტური ჯიში.

• ჯიში – პოპულაცია

ჯიში – პოპულაცია გენეტიკურად განსხვავებულ მცენარეთა ჯგუფია. იგი ხშირად ბოტანიკურად არაერთგვაროვანია, თავისში მოიცავს მორფოლოგიურად განსხვავებულ ერთ ან რამდენიმე სახესხვაობას.

ჯიში – პოპულაციები იქმნებოდა და იქმნება ხალხური სელექციით, მასობრივი გამორჩევით – ადგილობრივი, ხელოვნური თუ ბუნებრივი შეჯვარებით მიღებული მასალისაგან.

• ხაზოვანი ჯიში

ხაზოვანი ჯიში წარმოშობილია თვითმტვერია მცენარეთაგან ინდივიდუალური გამორჩევით. მოშენებულია სქესობრივი გამრავლებით – თესლით. მისი საწყისია ერთი ჰომოზიგოტური. თავისი მემკვიდრეობით კონსტანტური მცენარე. ასეთ ჯიშებს წმინდახაზოვანი ჯიშებიც ეწოდება.

• ჯიშ-კლონი

ჯიშ-კლონი მიღებულია ვეგეტაციური გამრავლებით, მისი საწყისი ერთი მცენარეა. ჯიშებს შორის ყველაზე მყარი ტიპია.

• პირველი თაობის ჰიბრიდები (F1)

პირველი თაობის ჰიბრიდები (F1) ერთგვაროვანი ჯგუფია, რომელიც მიღებულია ორი ან მეტი ჯიშის ან ინცუხტხაზების შეჯვარებით.

მცენარეთა ჯიშების ნიშან-თვისებები

სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა სხვადასხვა კულტურის შიგნით სხვადასხვა ჯიში ხასიათდება თავისებური მორფოლოგიური და სხვა სამეურნეო ნიშანთა კომპლექსით.

• მორფოლოგიური ნიშნები

მორფოლოგიური ნიშნების მიხედვით, სხვადასხვა მცენარე და მათი ჯიშები გარეგნულად ურთიერთმგავსი ან განსხვავებულია. იგი შეიძლება გაირკვეს შეხედულებით, გაზომვით, აწონვით, ათვლით.

მაგალითად, მცენარის მთლიანი და მისი სხვადასხვა ნაწილის შეფერილობა, შებუსულობა, სიმაღლე, ფოთლის ფორმა და ზომა, ნაყოფის ზომა და ფორმა და ა.შ. ე.ი. ეს არის მცენარის გარეგნული ნიშნები მთლიანად და მისი ცალკეული ნაწილები: ღერო, ყვავილი, ნაყოფი და სხვ.

• ბიოლოგიური ნიშნები

ბიოლოგიური ნიშნები შინაგანი თვისებაა ჯიშისა. იგი განსაზღვრავს ჯიშის ბუნებრივ თავისებურებას გარკვეული რეაქციით უპასუხოს გარემო პირობებს და ამ პირობებში განივითაროს გარკვეული ნიშნები და თვისებები.

ამ ნიშანთა კატეგორიას მიეკუთვნება ჯიშის ფიზიოლოგიური თვისება – მცენარეთა გამძლეობა არახელსაყრელი პირობებისადმი (ზამთარგამძლეობა, გვალვაგამძლეობა, დაავადებებისა და მავნებლებისადმი გამძლეობა, ადრეულობა და სხვ.).

• ბიოქიმიურ თვისებები

ბიოქიმიურ თვისებებს მიეკუთვნება მცენარის ჯიშში სასარგებლო ელემენტების შემცველობა – ცილების, ცხიმების, შაქრის, სახამებლის, ვიტამინების, კაუჩუკის, ბოჭკოს და ა.შ.

• ტექნოლოგიურ თვისებები

ტექნოლოგიურ თვისებებს მიეკუთვნება: პურეულში დაფქვისა და პურცხობის ხარისხი და ა.შ. სხვადასხვა ნიშანი და თვისება, სამეურნეო მნიშვნელობის თვალსაზრისით, განსხვავებულია. ზოგი მათგანი მეტად მნიშვნელოვანია.

მაგალითად, მარცვლოვნებში – მარცვლის რაოდენობა, ზომა, მასა, ცილების შემცველობა და სხვ; ზოგი კი სამეურნეოდ უმნიშვნელოა, როგორც მაგალითად თავთავის შეფერილობა, მისი შებუსულობა და სხვ.

• სამეურნეო ნიშნები

სამეურნეო ნიშნები განსაზღვრავს ჯიშის სასარგებლო პროდუქციას _ ესენია: მოსავლიანობა, მარცვლის ნატურა და აბსოლუტური მასა, პურცხობის ხარისხი, სახამებლის გამოსავალი და ხარისხი (კარტოფილში), ზეთის გამოსავალი და ხარისხი (ზეთოვან კულტურებში), შაქრის პროცენტი (შაქრის ჭარხალში), ბოჭკოს გამოსავალი და ხარისხი (სართავ კულტურებში) და ა.შ.

ნიშნები პირობითად შეიძლება დაჯგუფდეს ოდენობრივად და ხარისხობრივად

ოდენობრივი ნიშნები შეიძლება გაიზომოს, აიწონოს, აითვალოს. მაგალითად, სიმაღლე (მცენარის), სიგრძე (ტაროს), მასა, მარცვლის რაოდენობა ტაროზე, თავთავში და ა.შ.

ხარისხობრივი ისეთი ნიშნებია, რომელთა გამოსახულება არ ექვემდებარება ზომას, წონას, ათვლას. ასეთებია მცენარისა და მისი ცალკე ნაწილების შეფერილობა, შებუსულობა, ნაყოფისა და მცენარის სხვადასხვა ნაწილის მოყვანილობა, გემო და ა.შ.

ჯიშისადმი წაყენებული მოთხოვნები

თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო წარმოება უდიდეს მოთხოვნებს უყენებს ჯიშს.

ყოველგვარ პირობებში ცალკეული კულტურის ჯიში უნდა იყოს ინტენსიური ტიპის და ახასიათებდეს:

1. წლების მიხედვით უხვი და მყარი მოსავლიანობა უნდა ხასიათდებოდეს მაღალპროდუქტიულობით; კარგად უნდა აანაზღაუროს დამატებითი დანახარჯები შეტანილ სასუქებზე და სხვა გამოყენებულ აგროტექნიკურ ღონისძიებებზე;

2. არახელსაყრელი გარემო პირობებისადმი გამძლეობა (ჯიშმა უნდა გამოავლინოს გვალვის, დაბალი ტემპერატურისა და გამოზამთრების არახელსაყრელი პირობებისადმი გამძლეობა);

3. დაავადებებისა და მავნებლებისადმი გამძლეობა (თანამედროვე ინტენსიური მიწათმოქმედებისათვის მეტად აქტუალურია დაავადებებისა და მავნებლებისადმი კომპლექსურად გამძლე ჯიშების მიღება);

4. მექანიზებული მოვლა-მოყვანისათვის ვარგისიანობა (ჯიშებისადმი ამ მოთხოვნის წაყენება დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოვლა-მოყვანაში კომპლექსური მექანიზაციის გამოყენებასთან);

5. პროდუქციის მაღალი ხარისხი (ჯიშმა უნდა მოგვცეს მაღალი ხარისხის პროდუქცია);

6. ჯიში უნდა ხასიათდებოდეს მაღალი ფოტოსინთეზის უნარით;

7. ჯიში უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მომცემი.

დიდია ჯიშის მნიშვნელობა არამარტო მოსავლიანობის გაზრდის საქმეში, არამედ არანაკლებია პროდუქციის ხარისხის ამაღლებაშიც. შაქრის ჭარხლის კულტურაში შემოტანისას მისი შაქრიანობა არ აღემატებოდა 8-10%-ს. ასწლიანი სელექციის შედეგად ახლანდელი უკეთესი ჯიშების შაქრიანობამ 21-24% და ზოგჯერ მეტსაც მიაღწია. ეს ჯიშები ყოველი ჰექტარიდან 2-6 ცენტნერზე მეტ მოსავალს იძლევა.

საწყისი მასალა სელექციაში

სასელექციო საწყის მასალად გამოიყენება: ჯიშპოპულაციები, საზღვარგარეთის ჯიშები, ველურად მოზარდი ფორმები.

გამორჩევის მეთოდები

სელექციურ მუშაობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გამორჩევის მეთოდს. გამორჩევა ემყარება მემკვიდრეობასა და ცვალებადობას.

ბუნებაში გამორჩევა მიმდინარეობს ბუნებრივი ფაქტორებით და ხდება ძირითადად კულტურათა შეგუებულობის ამაღლება, ხოლო ადამიანი აწარმოებს გამორჩევას თავისი მიზნების განსახორციელებლად.

ჯიშის მისაღებად საგვარტომო მცენარეთა გამორჩევა შეიძლება ჩატარდეს საწარმოო ნათესებში, სასელექციო საწყისი მასალის სანერგეებში, კოლექციებში, ჰიბრიდულსა და მუტაციურ სანერგეებში.

გამორჩევა შეიძლება იყოს: ერთჯერადი, ორჯერადი, მრავალჯერადი, განუწყვეტელი. მასობრივი გამორჩევის საწყისი ხალხურ სელექციაშია. მისი გამოყენებისას ჯიშის გასაუმჯობესებლად ან ახალი ჯიშის მისაღებად ხდება უკეთეს მცენარეთა თესლის გაერთიანება.

ბოსტნეულ კულტურებში გამოყენებულია – 1. მასობრივი გამორჩევა: ა) მარტივი; ბ) გამაუმჯობესებელი; 2. ოჯახური გამორჩევა: ა) იზოლაციის გარეშე; ბ) იზოლაციით; გ) ნახევრების-ნარჩენების მეთოდი; დ) წყვილთა ხაზების ან წყვილთა შეჯვარების.

ყველა სახის შეჯვარება ჯვარედინმტვერია მცენარეებში შეიძლება ჩატარდეს: ერთჯერადად, განმეორებით ან განუწყვეტელი სახით.

ჯიშის გამაუმჯობესებელი ანუ ნეგატიური მასობრივი გამორჩევა, ყველაზე მარტივი ვარიანტია. ამ მეთოდის გამოყენებისას სათესლე დანიშნულების ნათესიდან მასალას უნდა მოცილდეს ჯიშისათვის არატიპიური, სუსტად განვითარებული, ნაკლებად პროდუქტიული, დაავადებული და დაზიანებული მცენარეები. დარჩენილ მცენარეთა მასალას იღებენ ერთად, სათესლედ ჯიშის გასაუმჯობესებლად.

გამორჩევის უფრო სრულყოფილი ვარიანტია ჩვეულებრვი მასობრივი გამორჩევა პოზიტიური გამორჩევა. ამ გამორჩევის დროს, პირველ წელს სასელექციოდ აღებული საწყისი მასალა უნდა დაითესოს მოცემული რაიონისათვის დადგენილ ოპტიმალურ ვადებში და დადგენილი აგროტექნიკის პირობებში.

საწყისი მასალიდან ფართო მასშტაბით გამოირჩევა ელიტური მცენარეები, შემდეგ გადაირჩევა ლაბორატორიაში, დაწუნებული გამოითიშება. გამორჩეულ მცენარეთა მოსავალი გაერთიანდება სათესლედ და შეინახება ეტიკეტით.

ე.ი მასობრივი გამორჩევის გზით მიღებულ ჯიშს საწყისს აძლევს მცენარეთა ნაკრები. მასობრივი გამორჩევა შეიძლება იყოს: ერთჯერადი, მრავალჯერადი და განუწყვეტელი.

რ. ძიძიშვილი /აგრონომიის საფუძვლები/

50Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB