წაბლის პლანტაციის გაშენება კომერციულად მომგებიანია

1182 Views Comment Off

ვისაც ერთხელ მაინც უნახავს წაბლის ტყეები ზემო იმერეთში, გურიაში, კახეთსა და საქართველოს სხვა კუთხეებში, დაგვეთანხმება, რომ ეს ულამაზესი და მადლიანი მცენარეა. ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაციის მრჩეველი ჯაბა ჭეიშვილი გულისტკივილს გამოთქვამს, რომ გასულ წლებში წაბლის ხეების ნაწილი გაიჩეხა, ხოლო მეორე ნაწილი ხმება.

— საქართველოში ყველანაირი ჯიშის წაბლი ხარობს, საადრეოდან საგვიანომდე. ეს არის უნიკალური მცენარე, რომელიც ფართოდ გამოიყენება კულინარიაში, რადგან წაბლის კვებითი ღირებულება ძალიან მაღალია.

ჩვენში წაბლს უბრალოდ ხარშავენ ან წვავენ და ისე მიირთმევენ, ევროპასა და მუსლიმანურ ქვეყნებში კი წაბლს ძალიან ფართოდ იყენებენ კულინარიაში. მეტიც, ზოგიერთ ქვეყანაში მას მეორე პურს უწოდებენ. საფრანგეთში დელიკატესად არის მიჩნეული ინდაური წაბლით, საახალწლოდ ყველა ოჯახი ცდილობს ამ კერძის მომზადებას. თუ ჩვენი მეურნეები თავიანთ მამულში წაბლის ხეებს გააშენებენ, მრავალმხრივ სასარგებლო იქნება. 

— რა სარგებელს გულისხმობთ? 


— დავიწყებ იმით, რომ ჩვენი წინაპრები გოჭებს წაბლით ზრდიდნენ. ასე გაზრდილი გოჭის ხორცი უფრო გემრიელიცაა და სასარგებლოც, რადგან ბიოლოგიურად და ეკოლოგიურად სუფთაა. წაბლის პლანტაციის გაშენება კომერციულადაც გამართლებულია, რადგან საკმაო მოგებას ტოვებს. თუ საჭირო ტენიანობას დაიცავთ, წაბლი კარგად ინახება მაცივარში და გაზაფხულის პირზე მაღალი ფასი ედება. ჩვენს ახლომახლო ქვეყნებს შორის წაბლი ყველაზე კარგად აზერბაიჯანში იყიდება. საერთოდ, მუსლიმანურ ქვეყნებში ბევრ წაბლს ყიდულობენ, რადგან სხვადასხვა კერძში იყენებენ. მას საქართველოშიც კარგი ფასი აქვს: საადრეო წაბლი 2-დან 5 ლარამდე ღირს, თანაც, ის აგვისტოდან დეკემბრის ბოლომდე ვარგისია და კარგ შემოსავალს იძლევა. ამას გარდა, წაბლის ყვავილები უნიკალური მასალაა ფუტკრისთვის: ფუტკარი წაბლის ტყის 1 ჰექტარზე საშუალოდ 800 კილოგრამ ნექტარს აგროვებს.

— ძვირფასია წაბლის ხის მასალაც…

— ბევრგან მინახავს 300-400 წლის წინ წაბლის მასალით აშენებული სახლი, ან თუნდაც წაბლის კარ-ფანჯარა. სათანადო მოვლისას წაბლის მასალა ძალიან დიდხანს ძლებს. ის ისეთივე ძვირფასია, როგორიც ძელქვა ან ურთხმელი (მას დასავლეთ საქართველოში უთხოვარსაც ეძახიან). სხვათა შორის, ორივე წითელ წიგნშია შეტანილი. ჩემი აზრით, საწარმოო დანიშნულებით ამ მცენარეების გამოყენება არ შეიძლება, პირიქით, საქართველოში რაც შეიძლება მეტი წაბლი, ძელქვა და ურთხმელი უნდა დავრგოთ. მართალია, ჩვენი წინაპრები მასალად, ძირითადად, წაბლს იყენებდნენ, მაგრამ ერთ ხეს რომ მოჭრიდნენ, მის ნაცვლად რამდენიმე ნერგს რგავდნენ, რათა მეწყერი აეცილებინათ…

— რას ურჩევდით მოსახლეობას, როგორ შეიძლება გაამრავლონ წაბლის ხეები? 

— ყველაზე ადვილია წაბლის გამრავლება მყნობით. ვეგეტაციურადაც შეიძლება, რაც ლაბორატორიებში ხდება, მაგრამ ძალიან ძვირი ჯდება. ამიტომ მე წაბლის ხეების გასამრავლებლად ჩემს მამულში, მყნობა გამოვიყენე. მყნობისას საძირე წაბლი საგულდაგულოდ უნდა შეარჩიოთ. იმყნობა ჩვეულებრივად, როგორც სხვა ხეები — ვაშლი, მსხალი ან ატამი, როგორც კვირტით, ასევე ტოტით. დამყნობა 20 ივლისიდან სექტემბრის 20-მდე უნდა მოასწროთ. ოღონდ დასამყნობი ხეები ერთი კვირით ადრე უნდა მოვამზადოთ. პლანტაცია კარგად უნდა მოვრწყათ, რათა წაბლის ხე არ გახმეს. მით უმეტეს, რომ დღეს ტყეებში წაბლი მასობრივად ხმება: ჯერ კანი უხმება, შემდეგ კი მთელი ხე კვდება. ეს პროცესი აუცილებლად უნდა შეჩერდეს, თორემ შეიძლება წაბლი გადაშენების გზას დაადგეს. 

— რით უნდა იყოს ეს გამოწვეული? 

— ჯერ კვლევაც კი არ ჩატარებულა მიზეზის დასადგენად. არადა, შესანიშნავი სპეციალისტები გვყავს, რომ დააფინანსონ, გამოიკვლიონ და დაადგინონ, რატომ ხმება წაბლის ხეები და როგორ შეიძლება ვუშველოთ. როგორც ლაფნიჭამია ანადგურებს ნაძვის ხეებს, ასევე ანადგურებს რაღაც წაბლსაც. შეიძლება დასავლეთ საქართველოში წაბლს სხვა მავნებელი ანადგურებს, ხოლო აღმოსავლეთში — სხვა. თავად მაქვს ნანახი: ტყეში 10 ძირი წაბლი რომ დგას, ერთი გამხმარია, აღარც მასალად გამოდგება და აღარც შეშად. ჩვენ ვცადეთ, გადაგვერჩინა და გადავრგეთ რამდენიმე, მაგრამ მაინც გახმა.

— რა შეიძლება გაკეთდეს ჯანსაღი ხეების დასაცავად? 

— როცა ეზოში ერთი-ორი ხე დგას, იქ მავნებელი არ ჩნდება, მაგრამ პლანტაციაში ხშირად ვრცელდება. ამიტომ არის საჭირო პლანტაციის მასობრივად დამუშავება ბიოპრეპარატებით, რომლებიც ყველაფერს უხდება: ვაზს, ყვავილებს, ბოსტნეულს და ადამიანისთვისაც უვნებელია, არ ვნებს გარემოს და ტოქსიკურიც არ არის. მათ ჩემს მამულში ვიყენებ და იდეალურ შედეგს იძლევა, გარემოზე უარყოფითად არ მოქმედებს და უსაფრთხოა. 

— ქიმიური პრეპარატების გამოყენებას რა ზიანი მოაქვს? 

— ქიმიური პრეპარატები ხშირად ირგვლივ ყველაფერს კლავს და ანადგურებს — მავნე ორგანიზმებსაც და სასარგებლოსაც. სწორედ ამგვარი პრეპარატების გამოყენებამ გაახშირა ასე დაავადებები. კატასტროფული მდგომარეობაა: ჩვენთან მოწეული ხილისა და ბოსტნეულის 90% ისეთი ქიმიური წამლებითაა მოყვანილი, რომ მწარმოებლებმაც არ იციან, რას იყენებენ. ძალიან გახშირდა სინთეზური პრეპარატები, რომლებიც ჩვენს ბუნებას ანგრევს. ამიტომ მცენარეების შესაწამლად და სამკურნალოდ საუკეთესო გზაა ჰომეოპათიური პრეპარატების გამოყენება და ძალიან კარგ შედეგსაც იძლევა. 

— ბრძანეთ, რომ წაბლის ტყეები მასობრივად იჩეხებოდა.

— წაბლის ტყეები დაახლოებით 4-5 წელია აღარ იჩეხება, რადგან დიდი ჯარიმებია დაწესებული. ადრე კი ჭრიდნენ და მასალად ყიდდნენ. თუ გვინდა, ჩვენს შვილებს ჟანგბადი სანატრელი არ გაუხდეთ, ასე შეუბრალებლად არ უნდა მოვექცეთ ტყეებს.

ეს საინტერესოა: 

100 გ წაბლში შედის 44 გ ნახშირწყლები, 11 გ შაქარი, 1,3 გ ცხიმები, 1,6 გ ცილები, 40 მგ ჩ ვიტამინი, 0,94 მგ რკინა და 484 მგ კალიუმი. წაბლი მდიდარია გლუკოზითა და ფრუქტოზით. ეს არის ერთადერთი თხილეული, რომელიც ჩ ვიტამინს შეიცავს.

წაბლს ზედმეტად ნუ შეწვავთ, რადგან ის ტენს სულ დაკარგავს და გამაგრდება;
წაბლს მოხარშვისთანავე მოაშორეთ კანი, რადგან სანამ თბილია, კანი უფრო იოლად სძვრება, ვიდრე გაცივებულს;
გაწმენდილ წაბლს კანქვეშა გარსიც უნდა მოაშოროთ;
მოხარშულ ან მოხალულ წაბლს ნუ შეინახავთ, გამოშრება და გემოს დაკარგავს. მოამზადეთ იმდენი, რამდენსაც მაშინვე მიირთმევთ;
უმი წაბლი შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას.

XIX საუკუნეში მეცნიერებმა ცხენის წაბლის ნაყოფის ექსტრაქტის კვლევისას გამოყვეს აქტიური ნივთიერება ესცენი, რასაც მას შემდეგ აქტიურად იყენებენ არა მარტო მედიცინაში, არამედ სამკურნალო კოსმეტიკაშიც.
წაბლის ექსტრაქტს აქვს ანთების, შეშუპების საწინააღმდეგო და ძარღვების გასამაგრებელი თვისება. ის აწესრიგებს სისხლის მოძრაობას, ხელს უშლის თმის ცვენას, ხსნის ფეხების დაღლილობას, ტონუსს მატებს კუნთებს. ოფიციალურ მედიცინაში ცხენის წაბლის ნაყოფისგან დამზადებულ წყლისა და სპირტის ნაყენს ნიშნავენ ვარიკოზის დროს, როგორც ვენების მატონიზებელ და ანტითრომბულ საშუალებას. ხოლო სპირტზე დაყენებული წაბლის ყვავილების (40გ/1ლ სპირტი) ექსტრაქტით რევმატიზმისა და ართრიტის მტკივნეული ადგილების დაზელა ხსნის ტკივილებს.
ცნობისთვის: არ შეიძლება წაბლის ექსტრაქტის მიღება თირკმლების უკმარისობისა და ფეხმძიმობის დროს.

ხათუნა ჩიგოგიძე
kvirispalitra.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1346 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB