საქართველოს საექსპორტო პროდუქტები-ეთერზეთოვანი კულტურა დაფნა

423 Views Comment Off

სუბტროპიკული ეთერზეთოვანი კულტურების ჯგუფს მიეკუთვნება კეთილშობილი დაფნა. იგი მარადმწვანე, ხანგრძლივი სიცოცხლის მცენარეა და უძველესი დროიდანაა შეტანილი კულტურაში. მის სამშობლოდ ითვლება ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს და მცირე აზიის ქვეყნები.

საქართველოში დაფნა არა მარტო კულტურაშია შეტანილი, არამედ ველურადაცაა გავრცელებული, ამიტომ დაფნის სამშობლოდ, მეცნიერთა გარკვეული ჯგუფის აზრით, საქართველოც ითვლება. კულტურული ნარგაობების სახით დღეისათვის იგი საქართველოს ყველა რაიონში ხარობს.

სისტემატიკოსთა უმეტესობის თვალსაზრისით მსოფლიო ფლორაში დაფნის ორად-ორი სახეობაა ცნობილი – კეთილშობილი დაფნა Laurus nobilis L. და კანარიის დაფნა – Laurus canariensis. საქართველოში მხოლოდ კეთილშობილი დაფნის სახეობა-პოპულაციაა გავრცელებული, მისი მრავალფეროვანი ვარიაციების – ფორმების სახით.

უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის არც საქართველოში და არც მსოფლიო მასშტაბით დაფნის სელექციური ჯიში არ არსებობს, ამიტომ სამრეწველო მასშტაბით და ერთეული ნარგაობების სახით (საკარმიდამო ნაკვეთებზე) ამრავლებენ მისი სახეობა-პოპულაციის ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებულ ფორმებს.

კეთილშობილი დაფნის მცენარე ძველთაგანვე მრავალმხრივ გამოყენებას პოულობს მშრალი ფოთლის სახით კვების მრეწველობაში, მედიცინაში, პარფიუმერია-კოსმეტიკაში და სახალხო მეურნეობის რიგ სხვა დარგებში, ამიტომ ადამიანი ძველთაგანვე ამრავლებდა და აშენებდა დაფნის მცენარეს მშრალი ფოთლის მისაღებად.

მოგვიანებით დაიწყო დაფნის გამოყენება მისი ფოთლებიდან გამოხდილი ეთეროვანი ზეთის სახით. ამ სახით მისი გამოყენება უფრო მოსახერხებელი, ეფექტური და ეკონომიურად მომგებიანია.

გასულ საუკუნეში საქართველოს სამეცნიერო-კვლევითმა ორგანიზაციებმა უაღრესად დიდი და მნიშვნელოვანი კვლევითი სამუშაოები ჩაატარეს სუბტროპიკული კულტურების და მათ შორის დაფნის მოვლა-მოყვანის პროგრესული ტექნოლოგიების შემუშავების, წარმოების დონის ამაღლების, პროდუქციის თვითღირებულების შემცირების და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებისათვის.

შედეგად დღეისათვის საქართველოში დაფნის კულტურა ნაკლებ შრომატევადია, იძლევა დიდ შემოსავალს, კარგად ეთანაწყობა სხვა კულტურებს და ხელს უწყობს სუბტროპიკულ  მეურნეობაში ბუნებრივი და შრომითი რესურსების რაციონალურ გამოყენებას.

მიუხედავად აღნიშნულისა, დაფნის კულტურის მიმართ ჯერ კიდევ ბევრი საკითხია შესასწავლი და დასაზუსტებელი. როგორც აღვნიშნეთ, მსოფლიო მასშტაბით სამრეწველოდ გავრცელებული დაფნის ერთადერთი სახეობა კეთილშობილი დაფნა რთულ პოპულაციას წარმოადგენს.

ის შედგება მორფო-ბიოლოგიური ნიშნებით მკვეთრად განსხვავებული ფორმებისაგან, განსაკუთრებით ეთეროვანი ზეთის შემცველობის მიხედვით. ამ მაჩვენებლებით მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან საქართველოში გავრცელებული დაფნის სახეობა-პოპულაციის ტაქსონები.

დღეისათვის მსოფლიო ბაზარზე დაფნის პროდუქტებზე მოთხოვნები დიდია და ამასთან ის ყოველწლიურად იზრდება. ამიტომ სამომავლოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაფნის მაღალპროდუქტიული (როგორც ზეთშემცველობის, ისე ფოთლის მოსავლიანობის მიხედვით) ფორმების შერჩევას და წარმოებაში დანერგვას.

დაფნა და საქართველო

ამიერკავკასია ჩრდილოეთიდან დაცულია კავკასიონის მთების ჯაჭვით და ზღვის გავლენით. დასავლეთ ამიერკავკასიას არ განუცდია გამყინვარების პერიოდის მთელი სიმძაფრე.

მეცნიერთა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ამიერკავკასიაში არ აღმოჩნდა გამყინვარების კვალი, რამაც ხელი შეუწყო უძველესი ფლორისტული ელემენტების შენარჩუნებას.

გამოკვლევებმა აგრეთვე აჩვენა, რომ კეთილშობილი დაფნა კოლხეთში არსებობდა ჯერ კიდევ შუა მესამეულ ხანაში. პროფ. ა. ა. კალაკოვსკი კოდორის ფლორის ბოტანიკურ- გეოგრაფიული ანალიზისას წერდა, რომ მათ მიერ ნაპოვნი ნამარხი დაფნის ფოთლის ანაბეჭდი ფორმით, სიდიდით და დაძარღვით ძალიან ჰგავს დაფნის იმ ფორმას, რომელიც კანარიის კუნძულზეა გავრცელებული და ცნობილია “კანარიის დაფნის” სახელწოდებით.

ნამარხების აღწერა საფუძველს იძლევა ვიფიქროთ, რომ თანამედროვე კეთილშობილი დაფნა არსებობდა კოლხეთის ტყეებში ჯერ კიდევ შუა პლიოცენურ ხანაში. მიუხედავად იმისა, რომ დაფნის ისტორიულ-ეკონომიურ საკითხებზე არსებული მონაცემები საქართველოში ძალზე მცირეა, მაინც ვხვდებით ისეთ მასალებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოში ამ მცენარის უხსოვარი დროიდან არსებობაზე მიუთითებენ.

უძველეს ქართულ სამკურნალო წიგნებში იგი ყველგან არის მოხსენიებული, როგორც სხვადასხვა წამლების დასამზადებელი ნედლეული.

დაფნა, როგორც ტყეში მზარდი მცენარე, მოხსენიებულია მე-17 საუკუნეში,  არქანჯელო – ლამბერტის “სამეგრელოს აღწერაში” და სხვა მრავალ წყაროებშიც გვხვდება.

საარქივო მასალების მიხედვით ქუთაისის გუბერნიის დაბლობ ადგილებში  (ოზურგეთის მაზრაში, მდ. რიონისა და მდ. ყვირილას მარცხენა სანაპიროებზე,  შავი ზღვის სანაპიროებისაკენ და სხვა) ყოფილა დაფნის ტყეები. მთიან ზონაში კეთილშობილი დაფნაც ხარობდა.

ბუნებრივი დაფნის ხშირი ტყე ყოფილა გავრცელებული მარტვილის რაიონში, მაგრამ შემდეგ იგი მთლიანად გაუჩეხიათ.  მე-20 საუკუნის ბოლოს მარტვილის რაიონში გადარჩენილი იყო დაფნის ხე,  რომლის სიმაღლე 19 მეტრი, ხოლო ღეროს სიმსხო ერთ მეტრზე მეტი იყო.

ლიტერატურული მონაცემებით, დაფნა საქართველოში შემოტანილი იქნა IV-III საუკუნეში ჩვ. წ. აღ-მდე, ჩვენში ბერძენთა პირველი დასახლების დროს.

წარსულში დაფნის ბუნებრივ ტყეებს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფართობები ეჭირა ზუგდიდის, სენაკის, ოზურგეთისა და ქუთაისის რაიონებში. ამჟამად დაფნას ველურად ძირითადად სამეგრელოში ურთის მთაზე ვხვდებით, სადაც ის ადგილობრივი ტყის ჯიშებთან ერთად გაფანტულია მთის დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ფერდობებზე დაახლოებით 9 ათას ჰექტარზე

მე-19 საუკუნეში დასავლეთ საქართველოში დაფნა ექსპორტის საგანს წარმოადგენდა – ცალკეულ პერიოდში გატანილი დაფნის ფოთლის რაოდენობა 700-800 ტონით განისაზღვრებოდა.

საქართველოს დასავლეთ რაიონებიდან დაფნა გავრცელდა საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში და აზერბაიჯანში. თბილისში ის გვხვდება, როგორც დეკორაციული დანიშნულების მცენარე, ხოლო კახეთის რაიონებში ის გაავრცელეს საწარმოო მიზნით.

დაფნის ხმელი ფოთლის სამრეწველო წარმოების ძირითადი ცენტრი ყოველთვის იყო საქართველოს დასავლეთი რაიონები.

შორენა კაპანაძე

შემდეგ სტატიაში: დაფნის მოვლა–მოყვანის აგროტექნოლოგია

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2381 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1450 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB