მეტი ყურადღება შვრიის კულტურას (თესვის შესახებ)

836 Views Comment Off

გავრცელება   

შვრია ეკუთვნის ძველი კულტურების რიცხვს, მაგრამ მისი მოყვანა ხორბალთან, ქერთან და ფეტვთან შედარებით გვიან დაიწყო. შვრია ევროპული ქვეყნებისათვის უფრო ადრე გახდა ცნობილი, რადგან ჩრდილოეთის ქვეყნები უფრო ტენით მდიდარია. ამიტომ შვრია ფართოდაა გავრცელებული გერმანიაში, ნორვეგიაში და შოტლანდიაში.

პურეულის მსოფლიო წარმოებაში შვრიის სათესი ფართობი მეექვსე-მეხუთე ადგილზეა. საქართველოში შვრიის ფართობი უმნიშვნელოა და იგი ძირითადად საქონლის საკვებად მოჰყავთ.

შვრიის გამოყენება

უკანასკნელ ათ წელიწადში შვრიის კულტურისადმი ინტერესი გაიზარდა მისი, როგორც სასურსათე საწარმო და სამკურნალო თვისებების მქონე მცენარისა, რომლის საკვებ ღირებულებასაც განსაზღვრავს მის მარცვალში შემავალი ცილები (9,0-19,5%), სახამებელი (40-56%) და ცხიმები (4-6%).

მარცვალი გამოიყენება ბურღულეულის, ხოლო ხორბალთან ნარევში საკონდიტრო ნაწარმის დასამზადებლად. შვრიის ქიმიური შენაერთები უმაღლესი ხარისხისაა და იგი ძვირფასი სასურსათე პროდუქტია, რომელიც ადვილად მონელებადია.

შვრიიდან დამზადებული პროდუქტები მნიშვნელოვანია დიეტურ და ბავშვთა კვებაში. მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნილება შვრიის ფქვილზე, ბურღულზე და ყავაზე, ყველა ეს პროდუქტი ხასიათდება ანტიალერგიულობით.

გასაოცარია შვრიის სამკურნალო თვისებები, რომელზედაც ჰიპოკრატეც მიუთითებდა. შვრიას აქვს აღდგენითი ეფექტი, გამოიყენება ტუბერკულიოზის სამკურნალოდ, ფილტვის დაავადებების დროს, ოპერაციის შემდეგ ორგანიზმის გასაძლიერებლად. გამოიყენება ღვიძლის სამკურნალოდ, ალერგიული დაავადებების დროს, აღადგენს გულის რითმს, აწესრიგებს ნერვულ სისტემას.

შვრიის წყალხსნარი გამოიყენება შარდმდენად და თირკმელების დაავადებების დროს. მწვანე შვრია გამოიყენება ორგანიზმის გასაწმენდად, დაღლილობის, უძილობის, არასაკმარისი მადის დროს. შვრიას აქვს სკლეროზის საწინააღმდეგო ეფექტი.

შვრია კარგი საკვებია შინაური ცხოველებისა და ფრინველებისათვის. შვრიის ჩალა და ბზე კვებითი ღირებულებით უფრო ძვირფასია, ვიდრე სხვა კულტურების იგივე ანარჩენები. პარკოსან ბალახებთან ნარევი შვრია კარგია მწვანე საკვებად და თივად.

შვრიას ხშირად თესავენ ცერცველასთან ნარევში. ცერცველა-შვრიის ნარევი ერთერთი საუკეთესოა დაკავებულ ანეულზე დასათესად, იგი იძლევა დიდი რაოდენობის მაღალხარიხოვან მწვანე საკვებს ან თივას და ადრე ათავისუფლებს მინდორს ნიადაგის მოსამზადებლად საშემოდგომო კულტურებისათვის.

შვრიის სახეობები

შვრიას გააჩნია სახეობათა დიდი მრავალფეროვნება, რომელთა შორის არის მრავალწლოვანი და ერთწლოვანი, კულტურული და ველური ფორმების 70-მდე სახეობა. პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს 11 სახეობას, რომელთაგან საქართველოში ძირითადად გავრცელებული გვხვდება ორი სახეობის: კულტურული შვრია (Avena sativa L.), ხასიათდება გვალვაგამძლეობით და მლაშე ნიადაგებისადმი შეგუებულობით და ველური შვრია — შვრიუკა (Avena Fatua L.), ასარევნინებს პურეულის ნათესებს და მინდვრის კულტურებს.

შვრიის ბიოლოგიური თავისებურებები

შვრია თვითგამანაყოფიერებელი მცენარეა, მაგრამ მის ნიშანთვისებებს ახასიათებს ფართო ცვალებადობა.  შვრიის თესლი, კილებით არის დაფარული, ამის გამო მის გაღივებას შედარებით მეტი დრო და წყალი ჭირდება.

შვრია სითბოსადმი არ არის მომთხოვნი, იგი ზომიერი ჰავის მცენარეა. აღმოცენებიდან ყვავილედის გამოტანამდე შედარებით გრილი ამინდით კმაყოფილდება. თესლი გაღივებას იწყებს 3-40 ტემპერატურაზე.

გაზაფხულის სუსხს -3-40-ს კარგად იტანს. ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურაა აღმოცენების შემდგომ პირველ ოთხ კვირაში 10-120C. ისეთ პირობებში თუ ტენი საკმარისია, კარგად ვითარდება და ნაკლებად ზიანდება მავნებლებით. მაღალი ტემპერატურის მიმართ უფრო მეტად მგრძნობიარეა, ვიდრე ხორბალი და ქერი.

შვრია ნიადაგისადმი უფრო ნაკლებ მომთხოვნია, ვიდრე სხვა საგაზაფხულო პურეული, რაც გამოწვეულია კარგი ფესვთა სისტემით და მისი მაღალი შეთვისებადობით. იზრდება ქვიშნარ, თიხნარ და ტორფიან ნიადაგებზე. ამავე დროს შვრია დადებითად ეხმაურება ნიადაგის ნაყოფიერებას.

კარგი მოსავალი მიიღება შავმიწებზე საკმარისი ტენიანობის დროს. სხვა კულტურებზე უკეთესად ცხოველმყოფელობს მჟავე ნიადაგებზე. მშრალ ქვიშიან ნიადაგებზე წყლის ნაკლებობა იწვევს წვრილთესლიანობას, ცუდ ამოვსებულობას, გადიდებულ კილიანობასა და ფხიანობას. შვრიის ბიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, მაღალი მოსავლის მისაღებად, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია სპეციფიკურია.

შვრია რეალურად ყოველთვის ავადდება სოკოვანი დაავადებით (ჟანგა, გუდაფშუტა), ადვილად ზიანდება ამიტომ თესლის შეწამვლა აუცილებელია.

მაღალი მოსავლის მიღების ერთერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა მაღალხარისხოვანი თესლით თესვა. სათესლედ მხოლოდ მსხვილი მარცვლები უნდა გამოვიყენოთ.

შვრიის საგაზაფხულო ბუნება და დაბალი ტემპერატურისადმი გამძლეობა საშუალებას იძლევა ვთესოთ, როგორც შემოდგომაზე, ისე გაზაფხულზე. ბოლო წლებში ხშირია შემთხვევები, როდესაც შემოდგომის ნათესი, კლიმატური პირობების გამო სამეურნეო მნიშვნელობას კარგავს, ასეთ შემთხვევაში შვრიის გამოყენება ყველაზე კარგი საშუალებაა.

ამ თავისებურების გათვალისწინებით საშემოდგომო თესვა ემთხვევა საშემოდგომო ხორბლის თესვის პერიოდს, საგაზაფხულო თესვა შესაძლებელია ჩატარდეს ადრე გაზაფხულზე, დაზიანებული საშემოდგომო ნათესების გადასათესად, ან საგაზაფხულო თავთავიანების თესვის პერიოდში.

თესვის სქემა

მწვანე საკვებად თესვის დროს საჭიროა 240-250კგ/ჰა-ზე მარცვალი დაითესოს ვიწრო მწკრივებად. სამარცლე შვრიის თესვის ნორმაა 180-220კგ/ჰა-ზე. მარცვალი უნდა აკმაყოფილებდეს დაწესებულ მოთხოვნებს თესლის სისუფთავესა და გაღივების უნარზე.

შვრია სწრაფმზარდი მცენარეა, უხვი ამონაყრით. ერთ ჰექტარზე ორ  ტონამდე მწვანე მასას იძლევა, მწვანე საკვებად და  სენაჟად, იყენებენ   თივადაც, თუმცა ხარისხით ბალახის თივას ჩამოუვარდება. მარცვლის მოსავალი მერყეობს 1.2-დან 2.0 ტ/ჰა-მდე.

თესლბრუნვაში შვრიის მოთავსება შესაძლებელია ყველა კულტურის შემდეგ. უკეთესია  სათოხნი კულტურებისაგან განთავისუფლებული მინდორი. დაუშვებელია ზედიზედ თესვა. შვრია კარგი წინამორბედია სათოხნი კულტურებისათვის, ტოვებს სუფთა ნიადაგს.

შვრიისათვის სასურველია ნიადაგის მზრალად მოხვნა, გაზაფხულზე ხნულის გაფხვიერება და დაფარცხვა. თესვისწინა დამუშავება, სათესლე მასალის მომზადება, თესვა, ნათესის მოვლა და სხვა აგროღონისძიებები იმავე ვადებში და წესით სრულდება, როგორც საგაზაფხულო ხორბალში და ქერში. შვრიის სავეგეტაციო პერიოდი გრძლდება 80-120 დღე.

პერსპექტიული ჯიში

ფერმერულ მეურნეობებში და კერძო ნაკვეთებზე შვრიის მოყვანას ხელს უშლის გავრცელებული ჯიშების დაბალმოსავლიანობა, ჩაწოლისადმი მიდრეკილება, მარცვლის ცვენადობა და ხშირ შემთხვევაში გაზაფხულზე თესლის დეფიციტი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში  2014 წლიდან დაწყებულია შვრიის სასელექციო მასალის შესწავლა.

შესწავლის შედეგად გამორჩეული და გამრავლებულია პერსპექტიული ჯიში „არგო“, რომელიც ხასიათდება მაღალმოსავლიანობით, მაღალხასხიანობით, ჩაწოლისადმი გამძლეობით, დაავადებების და მავნებლებისადმი იმუნიტეტით, მდგრადია მარცვლის ჩაცვენისადმი და შეუძლია მყარი მოსავლის მოცემა.

შვრიის კულტურის პოპულარიზაცია   

შვრიის კულტურის პოპულარიზაციის საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მარცვლის გადამამუშავებელი საწარმოების ჩართვას. კულტურის კომერციალიზაცია ხელს შეუწყობს ფერმერთა დაინტერესებას და მკვეთრად გაზრდის შვრიის ფართობს. შვრიის საგაზაფხულო ბუნება და დაბალი ტემპერატურისადმი გამძლეობა საშუალებას მოგვცემს ვთესოთ, როგორც შემოდგომაზე, ისე გაზაფხულზე.

ბოლო წლებში ხშირია შემთხვევები, როდესაც შემოდგომის (სხვა მცენარეთა) ნათესი, კლიმატური პირობების გამო სამეურნეო მნიშვნელობას კარგავს, ასეთ შემთხვევაში შვრიის გამოყენება ყველაზე კარგი საშუალებაა. შესაძლებელია გამეჩხერებული ნათესის გადათესვაც და იგივე ფართობზე შვრიის საზაფხულო სუფთად თესვაც. სხვა თავთავიან მარცვლოვანთა თესლბრუნვაში შვრიის თესვა უარყოფით შედეგს არ იძლევა.

დასკვნა ერთია, შვრია მრავალმხრივი მოხმარების საუკეთესო საკვები, სასურსათე, სამკურნალო კულტურაა, რომელსაც შეუძლია ფერმერებს დაეხმაროს სამუშაო დროის რაციონალურად გამოყენებაში, მოსავლის დაზღვევაში და მოგების გარანტირებულ მიღებაში.

ავტორები: ცოტნე სამადაშვილი, ნანა ჩხუტიაშვილი, ნუგზარ ბენდიანიშვილი
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

სტატია მოგვაწოდა ჟურნალმა „აგრარული საქართველო“

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2381 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1450 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB