ბალი – დარგვა, გასხვლა-ფორმირება, ბაღის გაშენება, რამდენიმე ჯიში

ბალი, ბაღის, გაშენება

1. ზოგადი დახასიათება

ბალი და ალუბალი – ეკუთვნის ერთ Cerasus L გვარს, რომელიც 150-მდე სახეობას აერთიანებს.

ბალი იმდენად განსხვავებულია დანარჩენი სახეობებისაგან, რომ როგორც ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს შეიძლება გამოიყოს ცალკე Avium -ის გვარად. პრაქტიკულ მეხილეობაში ასეთი გაყოფა უკვე მიღებულია.

ბლის კულტურული ჯიშები მიღებულია ველური ჯიშის-ბალამწარასაგან. ბლის ნაყოფი ხასიათდება ძვირფასი სადესერტო თვისებებით. მოიხმარება როგორც სასუფრე ხილი, ასევე ხდება მის გადამუშავებაც.

გავრცელება: ბალი-მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია გავრცელებული, მაგრამ ნაკლები ყინვაგამძლეობის გამო მისი სამრეწველო რაიონები შეზღუდულია.

ბალს უხსოვარი დროიდან აშენებენ, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში. უკანასკნელ ხანს ბლის ფართობის შემცირება კრეფის სიძნელესთან არის დაკავშირებული.

2. მორფოლოგიური და ბიოლოგიური თავისებურებები

ბალი სინათლის და სითბოს მოყვარული მცენარეა. ნაყოფის ნორმალურად მომწიფებისათვის საჭიროა 2500- დან 2600-მდე აქტიურ ტემპერატურათა ჯამი. ზამთრის მინიმალური ტემპერატურა კი არ უნდა ეცემოდეს -20-22 0C-ზე დაბლა.

ჯიშების უმეტესი ნაწილი მოითხოვს ჯვარედინდამტვერვას, თუმცა გვხვდება თვითდამტვერავი ჯიშიც -„სტელა“.

ბლის ხე იზრდება 8-12 მ, ზოგჯერ 20 მ-ზე მეტი სიმაღლისაც (ინტენსიური ჯიშები გაცილებით დაბალია). საშულოდ ცოცხლობს 50-70 წელი. ნარგაობის საექსპლუატაციო ხანგრძლივობა 9სასუალოდ) 25-40 წელია. მეწლეობა არ ახასიათებს. მსხმოიარობას იწყებს მეოთხე-მეშვიდე წელს. მსხმოიარობს, როგორც ერთწლიან ნაზარდებზე, ასევე სანაყოფე თაიგულებზე.

ველური სახით ბალი გავრცელებულია საქართველოში, უკრაინაში, ყირიმში, ჩრდილო კავკასიაში, მოლდავეთში, დასავლეთ ევროპაში.

ბლის ჯიშები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ყვავილობის პერიოდით, სიმწიფის ვადით, ნაყოფის შეფერვით და რბილობის კონსისტენციით. ამ უკანასკნელი ნიშნის მიხედვით ბლის ჯიშებს ყოფენ მკვრივრბილობიან და წვნიანრბილობიან ჯიშებად.

3. ბლის გამრავლება

ბლის ჯიშები მრავლდება კვირტის და კალმის მყნობით. ერთწლიანი საძირეების ოკულირება უკეთეს შედეგს გვაძლევს, ვიდრე კალმით მყნობა. ბლის კალმით მყნობის საუკეთესო ხერხია გვერდითა ჭრილში და ქერქით მყნობა.

საძირედ გამოიყენება კულტურული ჯიშების ნათესარები, ბალამწარა, ალუბალი და ბალღოჯი.

ბალამწარა როგორც საძირე უკეთესია ღრმანაყოფიერი, თბილი ნიადაგებისთვის. ბალამწარაზე დამყნობილი ხეები გამოირჩევა სიცოცხლის ხანგრძლივობითა და უხვი მოსავლიანობით.

უკანასკნელ ხანებში იყენებენ სუსტმზარდ კლონურ საძირეებსაც.

4. ნიადაგი-ბლის ბაღის გასაშენებლად

ბალი ხარობს საქართველოში გავრცელებულ თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე, მაგრამ ყველაზე უკეთესია აერაციის მქონე მსუბუქი ნიადაგები. შავმიწანიადაგიანი ნაკვეთები ნაკლებად გამოსადეგია ბლის კულტივირებისთვის. ბლისათვის არჩევენ განათებულ ადგილებს.

მძიმე მექანიკური შედგენილობის და გაუღწევადი ქვენიადაგის თიხიანი ნიადაგები აბსოლიტურად გამოუსადეგარია ბლისთვის, ასეთ ნიადაგებზე ბალი მალე იღუპება. კულტურა ცუდად იტანს მლაშე ნიადაგებს.

ბლისთვის ოპტიმალურია ნეიტრალური რეაქციის მქონე ნიადაგები (pН 6,5–7,0).

ბალი ვერ იტანს გრუნტის წყლების სიახლოვეს (2 მეტრზე ახლოს).

ბალამწარააზე დამყნობილი ბალი არ უნდა დაირგას კირმომატებულ ნიადაგებზე, არც მეტისმეტად ტენიანი ნიადაგებია მიზანშეწონილი. უხვნალექიან რაიონებში ხილის დამწიფების დროს, ბლის ხეები მასობრივად ზიანდება სიდამპლით.

ბლის გაშენება შეიძლება არა მარტო ბარის, არამედ მთის რაიონებშიც ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლეზე.

5. ბლის დარგვა

ბალი ირგვება როგორც შემოდგომაზე, ასევე, გაზაფხულზე. გაზაფხულზე ნერგები უნდა დაირგოს კვირტების გაღვიძებამდე.

დარგვამდე ორი სამი კვირთ ადრე იღებენ ორმოებს 40-50 სმ სიღრმით და 50-60 სმ დიამეტრით. ორმოში თავისუფლად უნდა განთავსდეს ნერგის ფესვთა სისტემა. ნერგის ყელი უნდა მოექცეს 2-3 სმ-ით ზევით ნიადაგის ზედაპირდან.

ორმოდან ამოღებული ნიადაგს შეერევა 30-50 გრ სუპერფოსფატი, 20-25 გრ კალიუმის ქლორიდი ან 1 კგ ნაცარი.

დარგვისთანავე ნერგები ირწყვა. მათ დაესობათ სარები, რომელზედაც ნერგი უნდა მიებას. დარგვისას, ტენის შენარჩუნების მიზნით რეკომენდირებულია ნიადაგის ზედაპირის ბუნებრივი მასალით დამულჩვა.

6. ბლის მორწყვა 

ბლის ნაყოფი შედარებით მოკლე პერიოდში ვითარდება და მწიფდება, რის გამოც ზამთარ-გაზაფხულზე საკმარისი ნალექების პირობებში შეგვიძლია არ მოვრწყოთ. თუ ზამთარი და გაზაფხული მშრალია, მოსავლის აღებამდე უნდა მოირწყას ორჯერ, ხოლო მოსავლის აღების შემდეგ კიდევ 1-2 ჯერ. სარწყავი წყლის ნორმა ჰექტარზე 700-900 კუბ-მეტრია.

7. ბლის ხის ფორმირება გაუმჯობესებული იარუსული სისტემით

ბლის ტოტებში შეიმჩნევა აშკარად გამოხატული იარუსები, ამიტომ ყველაზე შესაფერისია გაუმჯობესებული იარუსული ვარჯი. მოყვარულთა ბაღებში ხეს უნდა დავუტოვოთ 50-60 სმ სიმაღლის შტამბი.

პირველი იარუსი გამოგვყავს ოთხი (ჩონჩხის) ტოტისგან. ბალი ქმნის მეჩხერ ვარჯს, მაგრამ ფორმირების პერიოდში სხვლა მინიმალური უნდა იყოს. სუსტი სხვლა მიზანშეწონილია იმ მოსაზრებით რომ, ბალს ნელა და შედარებით ძნელად უხორცდება ჭრილობა.

დარგვიდან პირველი წლის გაზაფხულზე ერთწლიანი ვარჯჩამოუყალიბებლი ნერგის ტანს გადავჭრით ნიადაგიდან 60-70 სმ სიმაღლეზე. თუ ნერგებს აქვთ ძლერი მზარდი ტოტები, ისინი უნდა დავამოკლოთ 1-2 კვირტზე.

მომავალი წლის გაზაფხულზე ამოვარჩევთ 4 ყლორტს, 3-ს ქვედა იარუსის ჩონჩხის ტოტების ფორმირებისთვის და 1-ს ვარჯის ღერძად. დანარჩენ ყლორტებს მოვაცილებთ. მეორე და მესამე იარუსს ჩონჩხის ორი ტოტისგან ვაყალიბებთ. 

მეორე ზამთრის სხვლის დროს ზაფხულში შერჩეულ ტოტებს 1/2 ვამოკლებთ, ხოლო თუ ჩონჩხის ტოტები სუსტია 1/5-1/4-ით. გასხვლის შემდეგ ტოტები უნდა იყოს 50-60 სმ სიგრძის. ვარჯის ღერძს ისე ვამოკლებთ რომ, იგი ჩონჩხის ტოტებთან შედარებით 20-25 სმ-ით მაღლა იყოს.

პირველ და მეორე იარუსს შორის მანძილი უნდა იყოს 70-90 სმ, ხოლო მეორე და მესამე იარუსს შორის 60-70 სმ ჩონჩხის პირველი განშტოება გამოგვყავს ძირიდან 60 სმ-ზე.

ტოტებს რომლებიც ვარჯის შიგნით, აგრეთვე ჩონჩხის ტოტებისა და განტოტვის ქვეშ იზრდება ამოვჭრით. ძლიერი გვერდითა ტოტები ჰორიზონტალური ან დახრილი უნდა იყოს. სუსტებს ვაცილებთ, ხოლო საშუალოდ მზარდ ტოტებს გაუსხლავად ვტოვებთ.

8. მსხმოიარე ბლის გასხვლა

ვარჯის ფორმირების შემდეგ ხეების ზრდა თანდათან სუსტდება, ამიტომ ერთწლიან ნაზარდს ამ პერიოდში არ ვამოკლებთ. მსხმოიარობის პერიოდის მეორე ნახევარში, როდესაც ზრდა საგრძნობლად კლებულობს, მეტად სასარგებლო ღონისძიებაა მობერებული მსხმოიარე ტოტების გასხვლა.

სხვლის გარდა მსხმოიარე ტოტებსაც გამოვხშირავთ. ეს აძლიერებს ყლორტების ზრდას, ახანგრძლივებს ხის პროდუქტიულობას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოსავლის ხარისხს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ე.წ. ცის გახსნას-ხის ვარჯის ზედა ნაწილის გასხვლით.

9. ბლის გამაახალგაზრდავებელი გასხვლა

მობერებული ბლის ხე დადებითად რეაგირებს გამაახალგაზრდავებელ გასხვლაზე. ამ ტიპის სხვლას ვატარებთ მაშინ, როდესაც ხის ზრდა თითქმის შეჩერებულია.

ჩონჩხის ტოტებს და განტოტვას 2-3 წლის ნაზარდზე ვამოკლებთ, შემდეგ ვარჯს გამოვხშირავთ და შემმოსავ ტოტებს ვაახალგაზრდავებთ. ასეთ სხვლას ვიმეორებთ 4-5 წლის შემდეგ.

თუ ამგვარი სხვლის შემდეგ ზრდა საკმარისად არ გაძლიერდა ხე უნდა ამოვძირკვოთ.

10. ბლის მოსავლიანობა

ბალი, საძირეების შესაბამისად, მოსავალს იძლევა დარგვიდან მე-3-4 წელს.  სრულ მოსავლიანობაში შედის მე-5-7 წელს. საშუალო მოსავლიანობა სტანდარტულ ბაღებში 10-12 ტონა/ჰა-ზე შეადგენს, ინტენსიურ ბაღებში კი, სწორი აგროტექნიკური ღონისძიებების პირობებში 18-22 ტონა/ჰა-მდე აღწევს.

აგროკავკასია

11. საქართველოში გავრცელებული რამდენიმე ჯიში

საზოგადო სახელი: ბალამწარა
სახეობის სახელწოდება: Prunuscerasus L. – ბალამწარა
წარმოშობა: ბლის ერთ-ერთი ველური სახეობაა.

მოკლე აღწერა

ხის ზრდის სიძლიერე:ძლიერი ზრდის ხეა (25მ);
ხის ფორმა: ჩახშირებული;
ნაყოფის ფერი: შავი, ან მუქი წითელი ფერის;
ნაყოფის ფორმა: სხვადასხვა ფორმის. ხშირად სფეროსებური:
ნაყოფის ზომა: სხვადასხვა სიდიდის;
რბილობი: მუქი შეფერვის;
სიმწიფის პერიოდი და მოხმარების პერიოდი: ნაყოფი საკვებად ვარგისია მხოლოდ გადამწიფებისას;
საგემოვნო თვისებები: მწარე, ან მოტკბო გემოსი;
დღევანდელი მდგომარეობა:  გავრცელებულია მთელ საქართველოში-ფოთლოვან ტყეებში.

დამატებითი  ინფორმაცია:  უხვმოსავლიანია. ნაყოფი საკვებად ნაკლებად გამოიყენება. კულტურაში გამოიყენება, როგორც ბლის და ალუბლის საძირე.
წყაროები: ვარძელაშვილი, ტატინაშვილიც. მეხილეობის პრაქტიკუმი. თბ., 1990, გვ.145.
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 165, თბ. 1977 წელი.

საზოგადო სახელი: ბალი
სახეობის სახელწოდება:Prunus   avium   (L.) L.
ჯიშის სახელწოდება: Prunus avium  „SkrisShavi“ – სკრის შავი
წარმოშობა:ადგილობრივი ჯიშია. მიღებულია სკრის მეხილეობის საცდელ სადგურში (ნ. ცერცვაძე), დენისენის ყვითელის თესლიდან, გასული საუკუნის 50-იან წლებში.

მოკლე აღწერა:

ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი;
ხის ფორმა: განიერ-პირამიდალური ფორმის ვარჯი,  ხშირი დატოტვით;
ყვავილობის პერიოდი: საშუალო;
ნაყოფის ფერი:კანი თხელი, საკმაოდ მაგარი. მუქი წითელი ფერის, თითქმის მოშავო, მბრწყინავი. ახასიათბს კანქვეშა წერტილები, მუქი წითელი ფერის, გაფანტული;
ნაყოფის ფორმა: მომრგვალო. მუცლის ნაკერი არ აქვს მკვეთრად გამოხატული. კურკა მომრგვალო, საშუალო სიდიდის. ყუნწი გრძელი, საშუალო სიმსხოსი;
ნაყოფის ზომა: საშუალო. მასა-4-4,5 გრამი;
რბილობი: ნაზი, მუქი წითელი ფერის. ძლიერ წვნიანი;
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი: საადრეო. მწიფდება ივნისის პირველი ნახევრიდან;
დაავადებების მიმართ გამძლეობა: მაღალი;
საგემოვნო თვისებები: კარგი.
დღევანდელი მდგომარეობა: გვხვდება მხოლოდ ერთეული ხეები შიდა ქართლში.

დამატებითი  ინფორმაცია: მოსავლიანი, სასუფრე  ჯიშია.ვარგისია ტექნოლოგიური მიზნითაც. მზადდება კარგი ხარისხის მურაბა. ტრანსპორტირებას ცუდად იტანს.
წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978),  საქართველოს მეხილეობა, ტომი 4.

საზოგადო სახელი: ბალღოჯი
სახეობის სახელწოდება: Prunus   mahaleb   L. – ბალღოჯი
წარმოშობა: ალუბლის ერთ-ერთი ველური სახეობაა.

მოკლე აღწერა

ხის ზრდის სიძლიერე: ბუჩქია, ან 10-12მ სიმაღლის ხე;
ხის ფორმა: ჩახშირებული, უხვად შეფოთლილი ვარჯით;
ყვავილობის პერიოდი: საშუალო;
ნაყოფის ფერი: შავი;
ნაყოფის ფორმა: კვერცხისებრი;
ნაყოფის ზომა: წვრილი;
რბილობი: მუქი შეფერვის;
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი: ნაყოფი არ გამოიყენება საკვებად;
საგემოვნო თვისებები: მომწარო, თავისებური არომატით;
დღევანდელი მდგომარეობა:  გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ნათელ ტყეებში და მშრალ, ქვიან ფერდობებზე.

დამატებითი  ინფორმაცია:  უხვმოსავლიანია. ნაყოფი საკვებად არ გამოიყენება. აშენებენ დეკორატიული მიზნით. კულტურაში გამოიყენება, როგორც ბლის და ალუბლის საძირე. მერქანს იყენებენ სადურგლო და სახარატო საქმეში.
წყაროები: ვარძელაშვილი, მეხილეობის ბიოლოგიური საფუძვლები (სალ. კურსი I ნაწილი).

საზოგადო სახელი: ბალი
სახეობის სახელწოდება:Prunus   avium   (L.) L.
ჯიშის სახელწოდება:Prunus avium ‘Gogra Bali’ – გოგრა ბალი
წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია.

მოკლე აღწერა

ხის ზრდის სიძლიერე:ძლიერი  (გვხვდება მაღალი ხეები 1მ შტამბის დიამეტრით);
ხის ფორმა: პირამიდალური ფორმის ვარჯი,  ხშირი დატოტვით;
ყვავილობის პერიოდი: საშუალო;
ნაყოფის ფერი: კანი მკვრივი, თხელი, მოყვითალო ფერის, ნაყოფის ნახევარი, ან  ერთ მეოთხედი შეფერილია ღია წითელი ფერით.  ახასიათებს წვრილი, მოყვითალო  ფერის კანქვეშა წერტილები;
ნაყოფის ფორმა: მომრგვალო. კურკა მრგვალია (1,0X0,8სმ)  რბილი ზედაპირით, ადვილად სცილდება რბილობს. მხოლოდ ნაწიბურებთან ეკვის რბილობს.ყუნწი – გრძელი  ან საშუალო ზომის 3,5–5 სმ. ღია მწვანე ფერისაა, ოდნავ მოღუნული;
ნაყოფის ზომა: წვრილია, 4–5 გრამი (1,6X 1,7სმ);
რბილობი: მოყვითალო თეთრია, გამჭვირვალე, რბილი კონსისტენციით, ნაზი, წვნიანი;
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი: საადრეო. შემოდის ივნისის პირველი ნახევრიდან. ნაყოფი ერთდროულადარ მწიფდება. უნდა მოიკრიფოს რამდენჯერმე;
დაავადებების მიმართ გამძლეობა: საშუალო;
საგემოვნო თვისებები: მაღალი;
დღევანდელი მდგომარეობა: გავრცელებულია შიდა  ქართლში და თბილისის საგარეუბნო ზონაში;

დამატებითი  ინფორმაცია: მაღალმოსავლიანი, სასუფრე  ჯიშია. ტრანსპორტირებას ცუდად იტანს.
წყაროები: საქართველოს ხილი. ტ.1. გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“.

საზოგადო სახელი: ბალი
სახეობის სახელწოდება:Prunus   avium   (L.) L.
ჯიშის სახელწოდება:Prunus avium ‘KartuliTetriBali’ – ქართული თეთრი ბალი
წარმოშობა:ადგილობრივი ქართული ბლების ერთ–ერთი ფორმაა.

მოკლე აღწერა

ხის ზრდის სიძლიერე: ზომიერი;
ხის ფორმა: მომრგვალო–პირამიდალური. თხელი დატოტვით;
ყვავილობის პერიოდი: საადრეო და გახანგრძლივებული;
ნაყოფის ფერი: მოთეთრო–მოყვითალო ფერის, კანი თხელი და მაგარია;
ნაყოფის ფორმა: განიერგულისებრი.ყუნწი – გრძელი, წვრილი და მოხრილი;
ნაყოფის ზომა: წვრილი.კურკა წვრილი, ოვალური, სადა ზედაპირით, ადვილად სცილდება რბილობს;
რბილობი: მოთეთრო–მოყვითალო თეთრია, გამჭვირვალე, რბილი კონსისტენციით, მოთეთრო წვრილი ძარღვებით.კურკა წვრილი, ოვალური, სადა ზედაპირით, ადვილად სცილდება რბილობს;
სიმწიფის და მოხმარების პერიოდი: ივნისის პირველ ნახევარში;
დაავადებების მიმართ გამძლეობა: საშუალო;
საგემოვნო თვისებები: კარგი, წვნიანი, ტკბილი;
დღევანდელი მდგომარეობა: გავრცელებულია შიდა  ქართლში ფრაგმენტულად.

დამატებითი  ინფორმაცია: სასუფრე  ჯიშია.საშუალო მოსავლიანი.ტრანსპორტირებას ცუდად იტანს.
წყაროები:ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 4,  გამომცემლობა ‘მეცნიერება’.

საზოგადო სახელი: ბალი

სახეობის სახელწოდება:Prunus   avium   (L.) L.
ჯიშის სახელწოდება: Prunus avium ‘Shavi Bali’ – შავი ბალი
წარმოშობა:ადგილობრივი ქართული ბლების ერთ-ერთი ფორმაა.

მოკლე აღწერა

ხის ზრდის სიძლიერე: ძლიერი:
ხის ფორმა: პირამიდალური ფორმის ვარჯი, თხელი დატოტვით;
ყვავილობის პერიოდი: საგვიანო. აპრილის  III დეკადა;
ნაყოფის ფერი: მოშავო-წითელი;
ნაყოფის ფორმა: მომრგვალო ფორმის. მობრტყო ფუძით და წვერით;
ნაყოფის ზომა: წვრილი ან საშუალო სიდიდის. ყუნწი – გრძელი (4–5,5სმ),  წვრილი;
რბილობი: მოშავო, წითელი ფერის, რბილი კონსისტენციის. კურკა მომრგვალო ფორმის, გლუვი ზედაპირით, ნახევრად თავისუფალი რბილობიდან;
სიმწიფის  და მოხმარების პერიოდი: მწიფდება ივნისის შუა რიცხვებში;
დაავადებების მიმართ გამძლეობა: კარგი, განსაკუთრებით ნაყოფის სიდამპლის მიმართ;
საგემოვნო თვისებები: ტკბილი, კარგი გემოთი;
დღევანდელი მდგომარეობა:  ნაკლებად არის გავრცელებული.  გვხვდება ცალკეული ხეების სახით შიდა  ქართლში;

დამატებითი  ინფორმაცია: ახასიათებს წვრილნაყოფიანობა და კარგი მსხმოიარობა. გარემო პირობებისადმი კარგი შეგუების უნარი. ტრანსპორტირებას ცუდად იტანს. მოიხმარება ნედლად.
წყაროები: ნ. ხომიზურაშვილი  და სხვები (1978),  საქართველოს მეხილეობა,  ტომი 4,  გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, გვ.426; საქართველოს ხილი. ტ.1. გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“.

ჯიშების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა:  ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციამ „ელკანა“.

იხილეთ აგრეთვე: ხეხილის ახალი ჯიშები და მათი თავისებურებები

თქვენი რეკლამა