ალუბლის წარმოების აგროტექნოლოგია

ლუბალი, ალუბლის, ბაღი, გაშენება

კულტურის ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება

ბოტანიკური აღწერა

ალუბალი ეკუთვნის ვარდისებრთა ოჯახის ჩერასუს – ის გვარს. ეს გვარი მოცულობით ძალზე დიდია და მასში შემავალი სახეობების რაოდენობა 150-ს აღემატება. მათი უმრავლესობა გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიაში, კერძოდ ჩინეთში.

Cerasus – ის გვარში შემავალი სახეობებიდან სამეურნეო მნიშვნელობა აქვს ალუბლის რამდენიმე სახეობას, კერძოდ:

• Cerasus vulgaris– ჩვეულებრივი ალუბალი;
• Cerasus fructicola – ტრამალის ალუბალი;
• Cerasus tomentosa – ნანკინის ანუ ქეჩისებური ალუბალი;
• Cerasus bessey – ბესეია ანუ სილნარის ალუბალი;
• Cerasus mahaleb – ბალღოჯი.

აღნიშნული სახეობებიდან ბალღოჯს მხოლოდ საძირედ იყენებენ ბლის და ალუბლის კულტურული სახეობებისათვის.

აღსანიშნავია, რომ ბლები და ალუბლები ადვილად ეჯვარებიან ერთმანეთს. მიღებული ჰიბრიდები ძლიერი ზრდისაა, ხე გარეგნულად იმდენად ჰგავს ბალს, რომ ძნელია განისაზღვროს ბალია თუ ალუბალი.

ნამდვილი ალუბლები ბუჩქისებურია ან ნახევრად ხეები. ბუჩქისებური ფორმა აქვს ტრამალის ალუბალს და ყველა იმ ჯიშს, რომელთა წარმოშობაშიც მონაწილეობდა იგი. ნახევრად ხეებს მიეკუთვნებიან სამხრეთის ალუბლის ცალკეული ჯიშები და ბალ-ალუბალთა ზოგიერთი ჰიბრიდი.

კულტურის ზოგადი დახასიათება

ალუბალი, ალუბლის, ბაღი, გაშენება

დამოკიდებულება აგროკლიმატურ პირობებთან

ალუბალი კარგად ხარობს დრენაჟიან ყოველგვარ ნიადაგზე, თუკი ის გამოსადეგია ხეხილოვანი კულტურების წარმოებისათვის. ალუბლის ზოგიერთი ჯიში სხვა ხეხილთან შედარებით საკმაოდ კარგად იტანს ჩრდილს მაგრამ ხარისხიანი მოსავლის მისაღებად აუცილებელია კარგი განათება.

კულტურის ყინვაგამძლეობა

დამოკიდებულია კონკრეტული ჯიშის თვისებებზე. მოსვენების პერიოდში იგი უძლებს ტემპერატურის -250С-მდე დაცემას.

ნიადაგის მჟავიანობის ოპტიმალური არე (pH) ალუბლისათვის 6,0-7,0-ის ფარგლებშია, განვითარების ოპტიმალური ტემპერატურაა 15-300С, ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა 60-65% -ის ხოლო ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა კი 70-დან 80%-მდე.

ალუბლის ნაყოფის ქიმიური შედგენილობა

ალუბლის ნაყოფი შეიცავს 7,3-17,5% შაქარს, 0,8-2,4% მჟავას და 0,15-0,88% მთრიმლავ ნივთიერებას.

ალუბლის ზოგიერთი გავრცელებული ჯიში

• ჰორტენზია

ნაყოფის აღწერა – ნაყოფი მსხვილია, მოგრძო კონუსისებრი ფორმის, გარეგნობით ბალს წააგავს, გემოთი ალუბალს. ყუნწი გრძელია და წვრილი. კანი თხელია, ნაზი და ბრწყინავი ზედაპირით.

ნაყოფი მუქი წითელია, რბილობი კი ვარდისფერ-მოყვითალო. მოტკბო-მომჟავო გემოსია, არომატული.

მსხმოიარობაში შესვლა – საჭიროებს ჯვარედინ დამტვერვას. ქართლის პირობებში ყვავილობს 18- დან 29 აპრილამდე.

სიმწიფის პერიოდი ყვავილობის შემდეგ – მწიფდება ივნისის შუა რიცხვებში, ნაკლებად იტანს ტრანსპორტირებას.

დამატებითი ინფორმაცია – მოიხმარება სასუფრედ, გადასამუშავებლად გამოუსადეგარია.

• შპანკა მსხვილი

ნაყოფის აღწერა – ნაყოფი მსხვილია, მომრგვალო ფორმის. ყუნწი გრძელია. ნაყოფის კანი თხელი და მუქი წითელია. რბილობი ნაზი, ძალზე წვნიანი, გემო მომჟავო-მოტკბოა. კურკა საშუალო ზომის.

მსხმოიარობაში შესვლა – მსხმოიარობაში შედის მე-4-5 წელს. შუა ქართლის პირობებში ყვავილობს 27 აპრილიდან – 6 მაისამდე.

სიმწიფის პერიოდი ყვავილობის შემდეგ – მწიფდება ივლისის პირველ ნახევარში. ნაყოფის მომწიფება ერთდროულია.

დამატებითი ინფორმაცია – მწიფე ნაყოფი არ ცვივა ადვილად. მნიშვნელოვნად ზიანდება ალუბლის ბუზით. გარემო პირობებს კარგად ეგუება.

• მონტმორანსი

ნაყოფის აღწერა – ალისფერი წითელი ფერისაა და საშუალო ზომის.

სიმწიფის პერიოდი ყვავილობის შემდეგ – მწიფდება ივლისის 20 რიცხვიდან.

ადგილი თესლბრუნვაში – ალუბლის ბაღის გაშენებისას გასათვალისწინებელია, რომ მისი გაშენება ნაკლებად სასურველია ისეთ ფართობებზე, სადაც წინა წლებში ინტენსიურად იწარმოებოდა ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელი სასოფლო-სამეურნეო კულტურები.

ნიადაგის და ნაკვეთის შერჩევა

• რელიეფი და ნიადაგის არე (pH)

ალუბლის ბაღის გასაშენებლად საჭიროა შერჩეული იქნას ქარებისაგან დაცული ადგილი. ან, მსგავსი პირობის არარსებობის შემთხვევაში საჭიროა მოხდეს სპეციალური ქარსაცავი ზოლების გაშენება.

ასევე მნიშვნელოვანია იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომ სამხრეთის ფერდობები უფრო თბილია და ამიტომ ბაღის გაშენება რეკომენდებულია სამხრეთის ან სამხრეთ-დასავლეთის მხარეს არსებულ ფერდობებზე.

ამავე დროს, ნიადაგი უნდა იყოს სტრუქტურული, მსუბუქი მექანიკური შედგენილობის, კარგი ჰაერაციის და წყალგამტარი.

ალუბლის წარმოებისათვის საჭირო მჟავიანობის არე pH 6,0-დან 7,0-მდეა.

იმ შემთხვევაში, თუ ალუბლის გასაშენებლად შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია ანუ ნიადაგის ალუბლის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის გაშენებამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.

ფიზიოლოგიურად მჟავე ნიადაგებზე pH-ის რეგულირების მიზნით საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფორმის და აგრეთვე, მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით.

ნიადაგის ძირითადი დამუშავება

• ნიადაგის დამუშავება ალუბლის ბაღში

ალუბლის ბაღში ნიადაგი ყოველთვის ფხვიერ მდგომარეობაში უნდა იყოს. არ უნდა მოხდეს ხეების გარშემო სარეველა ბალახების განვითარება. თავდაპირველად, ახალგაზრდა ხეხილის ბაღში ე.წ. „შავი ანეული“ არის ნიადაგის მოვლის ყველაზე რეკომენდირებული წესი. ამ დროს შემოდგომაზე ბაღში შეაქვთ ფოსფორ-კალიუმიანი სასუქების რეკომენდირებული ნორმები და ხდება ბაღის მოხვნა.

ვეგეტაციის პერიოდში კი ჩატარდება 4-5-ჯერადი კულტივაცია. ასეთ მდგომარეობაში ნიადაგი შესაძლებელია იყოს 6-8 წლის მანძილზე, შემდეგ კი აუცილებელია ბაღში ნიადაგის ხანმოკლე დაკორდება, მრავალწლიანი ბალახებით.

ამ მიზნისათვის საუკეთესო ვარიანტია სიდერატების (მწვანე სასუქი) თესვა. სიდერატებად გამოიყენება ბარდა, ხანჭკოლა, ცულისპირა, ცერცვი, სოია. მათი თესვა ხდება შემოდგომაზე, ჩახვნა კი გაზაფხულზე ყვავილებისა და პარკების ფორმირებისას.

ალუბლის ბაღის გასაშებელი ნიადაგის დამუშავება

• ნიადაგის მომზადება ბაღის გასაშენებლად

თავდაპირველად, საჭიროა საპლანტაჟე, ან ნახევრად საპლანტაჟე ხვნის ჩატარება საბაღე ნაკვეთზე. საპლანტაჟო ხვნა ტარდება 60-80 სმ. სიღრმეზე, ხოლო ნახევრად საპლანტაჟო ხვნა უნდა ჩატარდეს 40-60 სმ. სიღრმეზე.

იმავე წლის შემოდგომის ბოლო პერიოდში, ან მომდევნო წლის გაზაფხულზე უნდა განხორციელდეს საბაღე ნაკვეთის გადახვნა 4 ფრთიანი გუთნით და შემდეგ მძიმე დისკებით გაფხვიერება. ამ სამუშაოების შემდეგ კი საჭიროა ნაკვეთის ფრეზირება როტაციული კულტივატორით.

თუ ალუბლის ბაღის გაშენება იგეგმება ფართობზე, სადაც წინა წელს იწარმოებოდა ალუბალი, ამ შემთხვევაში საჭიროა 2-3 წლიანი ინტერვალის დაცვა ალუბლის ახალი ბაღის გაშენებამდე და შემდეგ პლანტაჟის ჩატარება, რათა მინიმუმამდე იქნას შემცირებული მავნებელ-დაავადებების გავრცელების რისკები.

ალუბლის ბაღის გაშენება

დასარგავი ორმო. ნერგის დასარგავად, საჭიროა მომზადდეს ორმოები, რომელთაც ექნებათ 40 სმ. სიგანე, 30 სმ. სიგრძე და 40 სმ სიღრმე.

ნერგი. ნერგი უნდა იყოს ჯანსაღი, დაუზიანებელი ფესვთა სისტემით და კარგად შეხორცებული ნამყენი ადგილით.

დარგვის სქემები. ძლიერ საძირეებზე დამყნილი ნერგები – რიგთაშორის 5-5,5 მეტრი, მცენარეებს შორის – 3-4 მეტრი;

საშუალო ზრდის საძირეებზე (გიზელა 5) —რიგთაშორის 4 მეტრი, მცენარეებს შორის – 1,5-2 მეტრი (ამ საძირეებისათვის აუცილებელია საყრდენი სისტემა)

დარგვის დრო. შემოდგომა, ფოთოლცვენის დამთავრებისთანავე ყინვების დაწყებამდე. ან ადრე გაზაფხული.

დარგვის წესი. დარგვისას ნერგის ნამყენი ადგილი უნდა მოექცეს ნიადაგიდან 4-5 სმ. სიმაღლეზე. ნიადაგის განოყიერება დარგვისას. სასუქები შეაქვთ ორმოებში. ამ დროს ორმოს ფსკერზე იყრება აზოტის, კალიუმის და ფოსფორის შემცველი სასუქები, თითოეული მათგანი საშუალოდ 30-50 გრამის ოდენობით. ორმოში სასუქის ჩაყრის შემდეგ, აუცილებელია სასუქის 5-10 სმ. სისქის მიწით დაფარვა.

გარდა ამისა, დარგვისას ნერგისათვის შემოსაყრელ მიწას უნდა შეერიოს 10-15 კგ. გადამწვარი ნაკელი. ეს ოპერაცია (ნაკელის შეტანა) საჭიროა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პლანტაჟის დროს არ იქნა ნაკელი შეტანილი. პლანტაჟის დროს კი საჭიროა 30-40 ტონა ნაკელის შეტანა ერთ ჰექტარზე.

ნიადაგის ამ სახით განოყიერების შემდეგ, სამი წლის განმავლობაში ახალგაზრდა ბაღში არ არის საჭირო ნაკელის და მინერალური (ფოსფორიანი და კალიუმიანი) სასუქების გამოყენება. გამოიყენება მხოლოდ აზოტიანი სასუქები ყოველწლიურად ადრე გაზაფხულზე.

სასუქების უფრო ზუსტი დოზების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგის აგროქიმიური/ლაბორატორიული ანალიზით.

ნიადაგის განოყიერება და მცენარის კვება

ნიადაგის განოყიერება ალუბლის ბაღში. ალუბლის ბაღში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური და ფოთლის ანალიზის შედეგების მიხედვით.

ფოთლებში საკვები ელემენტების ოპტიმალური შემცველობებია:

• აზოტი N-2,5-3,0%/მშრალ ნივთიერებაზე;
• ფოსფორი P-0,17-0,22%/მშრალ ნივთიერებაზე;
• კალიუმი K-1,5-1,7%/მშრალ ნივთიერებაზე;
• მაგნიუმი Mg-0,24-0,45%/მშრალ ნივთიერებაზე;
• კალციუმი Ca-1,3 – 1,9 %/მშრალ ნივთიერებაზე.

საორიენტაციოდ, ყოველწლიურად საჭიროა ალუბლის ბაღში შეტანილი იქნას 100-120 კგ. აზოტი, 80-100 კგ. ფოსფორი და 80-100 კგ. კალიუმი (სუფთა ნივთიერებები).

მინერალური სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდები:

• აზოტი N – ვეგეტაციის პერიოდში: პირველი შეტანა კვირტების დაბერვის პერიოდში, მეორე შეტანა დანორმების შემდეგ, ხოლო მესამე შეტანა კი მოსავლის აღების შემდეგ;
• ფოსფორი P – ხსნადი ფორმის შეტანა საჭიროა ვეგეტაციის პერიოდში, უხსნადი ფორმა კი შეტანილი უნდა იქნას შემოდგომაზე, ან გვიან ზამთარში;
• კალიუმი K – იგივე, რაც ფოსფორის შემთხვევაში;
• ორგანული სასუქები: შეიტანება 3-4 წელიწადში ერთხელ, 20-30 ტონა ერთ ჰა-ზე. შეტანა ხდება შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე.

სასუქების უფრო ზუსტი დოზების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგის აგროქიმიური/ლაბორატორიული ანალიზით

ალუბლის ტენით უზრუნველყოფა

ალუბალი ტენისადმი ყველაზე მომთხოვნია ყვავილობის დასრულებისას და ნაყოფების დამსხვილების პერიოდში. მორწყვის საორიენტაციო ჯერადობა დამოკიდებულია უშუალოდ ნაკვეთში არსებულ კლიმატურ პირობებზე და ნიადაგის ტენიანობაზე.

მორწყვა წვეთოვანი სისტემით. ერთი მორწყვის ნორმა: 50-60 კუბ./მ 1 ჰა-ზე. მორწყვის რაოდენობა სეზონის განმავლობაში: 14-18 -ჯერ.

მორწყვა მოღვარვით, ან კვლებში მიშვებით. ერთი მორწყვის ნორმა: 400-500 კუბ./მ 1 ჰა-ზე. მორწყვის რაოდენობა სეზონის განმავლობაში: 4-5-ჯერ.

მოსავლის აღება-შენახვა

მოსავლის აღება ჯიშების მიხედვით ხდება დამახასიათებელი ფერის, ზომის და გემოს მიღწევის შემდეგ.

შენახვისათვის საჭირო პირობებია:

• ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა – 90-95%;
• შენახვის ოპტიმალური ტემპერატურ: – 0°С;
• შენახვის ვადა მოცემულ პირობებში – 10-დან 30 დღემდე.

გასხვლა

არსებობს ალუბლის გასხვლის სხვადასხვა მეთოდები. მაგალითად, ძლიერ და საშუალო საძირეებზე გამოიყენება ცენტრალურ-ლიდერული ფორმირება, ნაგალა საძირეებზე – ცენტრალურ-ლიდერული და შპინდელი.

ცენტრალურ-ლიდერული წესით გასხვლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ასეთ დროს კვეცავენ

და ამოკლებენ გვერდით ტოტებს, რათა მეტად განვითარდეს ცენტრალური (ანუ ლიდერი) ტოტი, თუმცა იგი ზედმეტად რომ არ გაიზარდოს, მასაც ამოკლებენ 1/3-ით.

ყოველ მომდევნო გასხვლისას ტოვებენ ისეთ ახლად წარმოქმნილ გვერდით ტოტებს, რომლებიც მავთულის გასწვრივ ვითარდებიან და საბოლოო ჯამში მცენარე კონუსურ ფორმას იღებს.

შპინდელის ფორმით სხვლის დროს კი დაუტოტავი ნერგი იკვეცება 70-80 სმ-ის სიმაღლეზე, ხოლო დატოტვილი ზედა ტოტიდან 30-40 სმ-ის სიმაღლეზე, ხოლო ვეგეტაციის პერიოდში (ზაფხულში) ამოიჭრება ლიდერის კონკურენტი ტოტები, ხოლო ქვედა ტოტები მაგრდება მავთულზე.

მეორე წელს, თუ მცენარეს ძლიერი ზრდა შეუნარჩუნდება, ლიდერი არ იჭრება, მოიჭრება მხოლოდ კონკურენტი და ქვედა ტოტები მაგრდება მავთულზე. ასეთნაირად გრძელდება 4-5 წლის განმავლობაში. შემდეგში ხდება მობერებული ვერტიკალურად მოზარდი, ჩახშირებული და ნაკლებად პროდუქტიული ტოტების გამოხშირვა.

გარდა ამისა, ალუბლის მოვლის მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება ე.წ. “მწვანე გასხვლა”, რომელიც ტარდება მოსავლის აღების შემდეგ. მისი უმთავრების მიზანია დაზიანებულიდამტვრეული ტოტების ჩამოცილება და ხე-მცენარეების ვარჯისათვის ზრდის სასურველი ინტენსივობის უზრუნველყოფა – ამ მიზნით მწვანე გასხვლისას მიმართავენ ორ მეთოდს: 1. ერთწლიანი ტოტების დამოკლებას მისი სიგრძის 1/3-ით ან 2/3-ით. 2. ტოტების ამოჭრას.

ქლიავი, აგროტექნოლოგია

ალუბლის გასხვლის მეთოდის შერჩევისას, ასევე მხედველობაშია მისაღები ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ქარისაგან დაცულობის თვალსაზრისით.

ალუბლის წარმოების აგროტექნოლოგიური რუკა

ფართობი 1ჰა; დაგეგმილი მოსავალი 12 ტ

ალუბალი, ალუბლის, ბაღი, გაშენება

შენიშვნა: *მოცემულია მოღვარვით მორწყვის საორიენტაციო ჯერადობა და ფასი ხოლო წვეთოვანი სისტემით მორწყვისას კი ალუბალი ირწყვება 20-30-ჯერ. **მოცემულია წამლობების საორიენტაციო ჯერადობა.***ფასები ცვლადია, შესაბამისად ცხრილში ისინი ჩაანაცვლეთ, თქვენთვის მიმდინარე პერიოდის ფასებით.

შემდგენელი: ზვიად ბობოქაშვილი – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი.
მომზადებულია USAID/REAP პროექტის ფარგლებში.

იხილეთ აგრეთვე: ალუბალი – სასარგებლო და სამკურნალო თვისებები

თქვენი რეკლამა