სავეტერინარო განათლება კვლავ რეგულირებადი გახდა

187 Views

2017 წლის 27 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება მიიღო.

აღნიშნული ცვლილების მნიშვნელობას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე განმარტავს.

კვალიფიციური ვეტერინარი ექიმის მომზადებაზე მკვეთრად უარყოფითი გავლენა იქონია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში 2011 წელს განხორციელებულმა ცვლილებებმა, რომლის თანახმადაც, რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალიდან ამოიღეს ჩანაწერი – „სავეტერინარო მედიცინა“, შესაბამისად, ხუთწლიანი სწავლება (300 კრედიტი) ოთხწლიანი (240 კრედიტი) გახდა და არაადეკვატურად შემცირდა სპეციალური საგნების რაოდენობა და მოცულობა.

ამჟამად, ვეტერინარიის დარგის სათანადო კომპეტენციის მქონე სპეციალისტის მომზადება, ფაქტობრივად, არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში არ ხდება, რაც ქვეყანაში ვეტერინარი სპეციალისტების დეფიციტს კიდევ უფრო ზრდის.

დღემდე მოქმედი კანონმდებლობით, ვეტერინარია არ იყო რეგულირებადი პროფესია, შესაბამისად, ვეტერინარი ექიმის კვალიფიკაციის მქონე პირს საქმიანობის განხორციელებისათვის არ მოეთხოვებოდა სერტიფიკატი და არ ჰქონდა რეცეპტის გამოწერის უფლება, სანამ ეს საქმიანობა რეგულირებადი პროფესია არ გახდა.

როდის შევიდა აღნიშნული ცვლილება კანონში და რას ითვალისწინებს ის?

ამ საკითხზე ინტენსიური მუშაობა სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჯერ კიდევ ოთარ დანელიას მინისტრობის დროს დაიწყო. მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკებები განათლების სამინისტროსთან, შეიქმნა ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი შეიმუშავა. შემდგომ აღნიშნული საკითხის ზედამხედველობა ახალმა მინისტრმა, ბატონმა ლევან დავითაშვილმა გადაიბარა.

აღსანიშნავია აკადემიური წრეების, ვეტერინარიის სფეროში მოღვაწე სპეციალისტების, პროფესორ-მასწავლებლების მხარდაჭერა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებისა და უშუალოდ აკადემიის პრეზიდენტის, გურამ ალექსიძის ჩართულობა.

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა, ოთარ დანელიას თავმჯდომარეობით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პარლამენტში ინიცირება მოახდინა და საქართველოს პარლამენტმა, 2017 წლის 27 ოქტომბერს, მესამე მოსმენით აღნიშნული კანონპროექტი მიიღო.

ამ ცვლილებით სავეტერინარო განათლება კვლავ რეგულირებადი გახდა და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში დაემატა.

წარმოდგენილი ცვლილებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია განახორციელოს 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე მოქმედი სტუდენტების 240 კრედიტიან სწავლებიდან 300 კრედიტიან 5 წლიან სწავლებაზე გადაყვანა.

ვეტერინარიის მინიმუმ 300 კრედიტიანი ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამით უზრუნველყოფილი იქნება იმ ცოდნის, უნარების და კომპეტენციის მქონე ვეტერინარის მომზადება, რომელსაც ითხოვს საქართველოს ბაზარი და დააკმაყოფილებს საერთაშორისო დონეზე განსაზღვრულ მოთხოვნებს სავეტერინარო განათლებაში.

აღსანიშნავია, რომ ვეტერინარიის პროგრამის რეგულირების სფეროში მოქცევის შემდეგ, დღის წესრიგში დგება იმ პირთა საკითხი, რომლებსაც 240 კრედიტიანი საბაკალავრო პროგრამის გავლის შედეგად მიენიჭათ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. მიზანშეწონილია, მათთვის არსებობდეს ადეკვატური და ალტერნატიული გზა შემდგომი განათლების მიღებისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებისათვის.

ამ პრობლემის აღმოფხვრას ემსახურება სწორედ კანონით გათვალისწინებული ვეტერინარის 60 კრედიტიანი პროგრამის არსებობა, რითაც 2011 წლიდან დღემდე გამოშვებულ 147 ბაკალავრს მიეცემა სერტიფიცირების და დოქტორანტურაში სწავლების უფლება დამატებით 60 კრედიტის გავლის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ვეტერინარიის მიმართულებით სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, მათ არ მოუწევთ, ხელახლა ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები და გაიარონ 5 წლიანი ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა (მინიმუმ 300 კრედიტი), არამედ საშუალება ექნებათ სწავლა გააგრძელონ ვეტერინარიის 60 კრედიტიან პროგრამაზე, რომლის დასრულებაც მათთვის ვეტერინარიის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების წინაპირობა იქნება.

ამასთან, კანონი გარდამავალი დებულების სახით, ითვალისწინებს ნორმას მილევად რეჟიმში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებითაც, რაც რელევანტურია იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც ამ ეტაპზეც, მიმდინარე რეჟიმში, სწავლობენ ვეტერინარიის 240 კრედიტიანი საბაკალავრო პროგრამით.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია განახორციელოს 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე მოქმედი სტუდენტების 240 კრედიტიან სწავლებიდან 300 კრედიტიან 5 წლიან სწავლებაზე გადაყვანა.

რა სიკეთს მოუტანს დარგს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება?

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული ხედვა, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, ითვალისწინებს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სურსათის უვნებლობას და მავნე პათოგენების შემოჭრა-შემოტანისაგან ქვეყნის დაცვას, ეპიდემიოლოგიური კეთილსაიმედოობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მიღწევა-შენარჩუნებას.

ადამიანის დაცვა ცხოველებისა და ადამიანებისათვის საერთო გადამდები დაავადებებისაგან პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ბიოუსაფრთხოებასთან, სურსათის უვნებლობასთან, ცოცხალი ცხოველებისა და ცხოველური პროდუქტების ექსპორტთან, იმპორტთან და საერთაშორისო ტრანზიტულ გადაზიდვებთან.

საშიში დაავადებების ქვეყნის ტერიტორიაზე შემოღწევა და გავრცელება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ეკონომიკას, მცირდება ცხოველთა სულადობა, ირღვევა აგროწარმოება, იკლებს პროდუქციის რაოდენობა და ხარისხი. დაავადების საწინააღმდეგო საერთაშორისო შეზღუდვები ხელს უშლის ექსპორტს, იმპორტს და საერთაშორისო გადაზიდვებს.

2017 წელს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით უზრუნველყოფილი იქნება:

  • სრულფასოვანი ვეტერინარული განათლება;
  • საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესრულება;
  • დიპლომის საერთაშორისო აღიარება;
  • საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა;
  • ვეტერინარიაში სარეცეპტო სისტემის შემოღება;
  • ეპიდემიოლოგიური და სამკურნალო-პროფილაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესება;
  • ქვეყნის ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის მიღწევის ხელშეწყობა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცია

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:

ცხელი ხაზი: + 995(32) 2 47 01 01
პრესცენტრი:
+ 995(32) 2 37 80 09
ელ.ფოსტა: infomoa@moa.gov.ge

0Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB