ჟენშენი (ლათ. Panax ginseng, სიცოცხლის ფესვი, სიტყვასიტყვით _ ადამიანი-ფესვი), მრავალწლოვანი, ბალახოვანი სამკურნალო მცენარეა _ არალასებრთა ოჯახიდან.
მცენარე ივითარებს მთავარღერძა ფესვს. ფესვი ხორცოვანია _ მოთეთრო-მონაცრისფრო ან მოყვითალო. გარეგნულად მცენარე ადამიანის სხეულს გავს. მცენარის სწორმდგომი ღეროს განვითარება ახასიათებს.
მისი სიმაღლე შეადგენს 50 სმ_ს. თითისტარისებრ-გრძელყენწიანი ფოთლის როზეტის ცენტრიდან აღმართულია საყვავილე ღერო. როზეტი მკვრივი კალათაა, ნაყოფი _ წითელი კენკრა. ამ მცენარის ველური ფორმები იშვიათი რელიქტური მცენარეა.
გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიის უკაფავ, ფართოფოთლიან და წიწვოვან ტყეში. (ყოფილი საბჭოთა კავშირის პრიმორიესა და ხაბაროვსკის მხარე). მცენარე კარგად ხარობს დაწრეტილ ფხვიერ ნიადაგზე. უკეთესია ნიადაგის ნეშომპალით გამდიდრება.
მცენარისათვის დამახასიათებელია ივლისში ყვავილობა. ნაყოფის მომწიფების ვადა ემთხვევა _ აგვისტო-სექტემბერს. ფესვის წონა შეადგენს 400 გრამს (საშუალოდ).
ფართო გამოყენება აქვს მისგან დამზადებულ პრეპარატებს მედიცინაში. ის შეიძლება დამზადდეს სპირტიანი ნაყენის, ფხვნილის ან აბის სახით. მედიცინაში მისი გამოყენება ამ სიცოცხლის ფესვის მატონიზებელ უნარს მიეწერება.
საინტერესოა ამ მცენარის კულტურული ფორმების ბიოლოგია _ ისინიც ნელა იზრდება, თუმცა უფრო ძლიერ ფესვებს ივითარებენ.
ამ კულტურას თესავენ ადრე გაზაფხულზე_სანერგეში, ხოლო შემოდგომაზე, როცა მცენარე ვეგეტაციას ამთავრებს _ გადააქვთ ღია გრუნტში. (მუდმივ ადგილზე) და რგავენ კვლებში. ამ დროს, მცენარის კვების არე არ უნდა იყოს 20X25 სმ-ზე ნაკლები.
პლანტაციის მოვლა გულისხმობს სისტემატურ მარგვლას _ გაფხვიერებას, მიწის შემოყრას, ბრძოლას მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ. მშრალსა და ცხელ ამინდში ის ინტენსიურად უნდა მოირწყას.
5-8 წლიანი მცენარის ფესვებს პრაქტიკული დანიშნულებისათვის იყენებენ, ვეგეტაციის ბოლოს, ხოლო თესლს _ 3-4 წლის შემდეგ.
ამ მცენარის გავრცელების ვიწრო გეოგრაფია, ბუნებრივი პირობების გარდა, მისი ფილოგენეზური განვითარებით უნდა აიხსნას.
ლიტერატურაში ნაკლებადაა ცნობები იმის შესახებ, თუ რომელმა ორგანიზაციამ აწარმოა გამოკვლევები მისი გეოგრაფიის გაფართოებისათვის და რა თვალსაზრისით. უნდა წარმოებდეს ამ ძვირფასი კულტურის მეცნიერული სელექცია. უდავოა, რომ მისი პრეპარატები მედიცინაში ფართო გამოყენებას მოიპოვებენ.
ავტორები: ზურაბ ბუკია; შოთა ლამპარაძე /მცენარის მორფოლოგიის, ბიოლოგიისა და სელექციის ზოგიერთი საკითხი/.
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.