ფეიჰოა (Feijoa sellowiana Berg) მარადმწვანე 2,5 მ სიმაღლის ბუჩქისმაგვარი მცენარეა, მოვერცხლისფერო ელიფსური ფორმის ფოთლებით და მოწითალო-მიხაკისფერი შეფერილობის ყვავილებით. რის გამოც იგი ამავდროულად დეკორაციულ მცენარესაც წარმოადგენს.
ფეიჰოას სამშობლო არის სამხრეთ ამერიკა (ბრაზილია, არგენტინა). საქართველოში ფეიჰოას კულტურა შემოტანილია მე-20 საუკუნის დასაწყისში ბათუმისა და სოხუმის ბოტანიკურ ბაღებში.
ციტრუსოვნებთან შედარებით საკმაოდ ყინვაგამძლე მცენარეა, _ ზიანდება -13-140C-ზე, ხოლო იყინება -16-180C -მდე ტემპერატურის ხანგრძლივი დროით დაცემის პირობებში.
ფეიჰოას ნაყოფი მრგვალი, ოვალური ან ოვალურ – წაგრძელებული ფორმისაა, სიგრძით საშუალოდ 2-4 სმ და მასით 15-40 გ. ნაყოფი ხასიათდება მუქი-მწვანე შეფერილობით, ზოგჯერ ანტოციანური ელფერით. აქვს თხელი კანი, რომელიც მოთეთრი ნაფიფქით არის დაფარული და ხორკლიანია. მწვანე კანის ქვეშ მოთავსებულია მოთეთრო ფერის მარცვლოვანი მასის შრე, რომლის შიგნით მოთავსებულია ლაბისებრი, წვნიანი, ტკბილი-მომჟავო, ძალზე გემრიელი რბილობი. საშუალოდ ნაყოფის 82,7%-ს რბილობი წარმოადგენს. ყოველ ნაყოფში მოთავსებულია 20-დან 50-მდე თესლი. ნაყოფი გამოირჩევა მხოლოდ ამ მცენარისათვის დამახასიათებელი ძლიერ სპეციფიური არომატით.
ჩვენს პირობებში ნაყოფი ოქტომბერ-ნოემბერში მწიფდება. კრეფის ოპერაცია იწყება მაშინ, როდესაც ნაყოფი მცენარიდან იწყებს ცვენას.
შემოტანილი ჯიშ-ფორმებიდან ამჟამად კულტურაში ძირითადად გვხვდება შემდეგი ჯიშები: ანდრე, ჩოისიანა და სუპერბა. ჩვენში უფრო გავრცელებულია ჯიში ანდრე, რომელიც უხვმოსავლიანობით გამოირჩევა. საქართველოში გამოყვანილია ფეიჰოას სელექციური ფორმები: ანასეული #1, #2 და სხვა, რომლებიც მაღალი მოსავლით და გამორჩეული საგემოვნო თვისებებით ხასიათდებიან.
ფეიჰოას ნაყოფი შეიცავს ნახშირწყლებს, ორგანულ მჟავებს და მინერალურ ნივთიერებებს, ფენოლურ ნაერთებს, აზოტოვან ნივთიერებებს, ვიტამინებს, ეთეროვან ზეთებს.
ცხრილში #1 მოცემულია ფეიჰოას ნაყოფის ძირითადი ქიმიური მაჩვენებლების საშუალო მონაცემები.
ცხრილის #1 მონაცემებიდან ჩანს, რომ ხსნადი ნახშირწყლებიდან ფეიჰოას ნაყოფში მეტი რაოდენობით არის წარმოდგენილი საქაროზა. მაღალია ჩ ვიტამინის შემცველობა. არსებული მონაცემებით ნაყოფის მომწიფების კვალობაზე იზრდება მასში ამ ვიტამინის შემცველობა. P ვიტამინური აქტივობის ნივთიერებებიდან ფეიჰოას ნაყოფი შეიცავს კატეხინებს და ლეიკოანტოციანებს, რომელთა ჯამური რაოდენობა შეადგენს 50 მგ%-ს. იდენტიფიცირებულია ორი კატეხინი: (_) _ ეპიკატეხინი და (_) – ეპიგალოკატეხინი.
ფეიჰოას ნაყოფის ქიმიურ შედგენილობის განსაკუთრებული მახასიათებე-ლია მასში იოდის შემცველობა, ორგანიზმისათვის ადვილად შესათვისებელი ფორმით, 27-39 მკგ%-ის რაოდენობით. Dდადგენილია, რომ იოდის ნაერთების შემცველობა ფეიჰოას ნაყოფში დამოკიდებულია მცენარის ზღვასთან სიახლოვეზე. მისი არსებობა ნაყოფში საყურადღებოა იოდდეფიციტის და გავრცელებული ენდემური ჩიყვის პროფილაქტიკასთან დაკავშირებით.
ეთეროვანი ზეთის შემცველობაზე არის უმთავრესად დამოკიდებული ფეიჰოას ნაყოფის სპეციფიური სასიამოვნო არომატი, რომელსაც ხშირად ანანასისა და მარწყვის არომატების ნაზავს ადარებენ. ფეიჰოას ნაყოფის აქროლად კომპლექსს ძალზე რთული შედგენილობა აქვს და შეიცავს 100-მდე ინდივიდუალურ ნაერთს. დასავლეთ საქართველოს პირობებში დამწიფებული ფეიჰოას ნაყოფის აქროლადი კომპლექსის ძირითად კომპონენტს ბენზოინის მჟავას მეთილის ეთერი (მეთილბენზოატი) წარმოადგენს, რომელსაც, საკმაოდ განზავებულს, ახლადმოკრეფილი ფეიჰოას ნაყოფის არომატი აქვს. ეთეროვანი ზეთი მაღალი კონცენტრაციით შეიცავს და ასევე ფეიჰოას არომატის ფორმირებაში მონაწილეობენ: ეთილბენზოატი, ეთილცინამატი, ლინალოოლი, 3-ოქტანონი, 4-ვინილგვაიაკოლი და სხვა შენაერთები.
თავისუფალი ამინომჟავების მაღალი შემცველობით ხასიათდება ფეიჰოას ნაყოფი (1,9 – 2,5%). მასში დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი ასპარაგინის და გლუტამინის მჟავები, ტიროზინი, α _ ალანინი, აგრეთვე ტრიფტოფანი, ლიზინი, მეთიონინი და სხვა ამინომჟავები.
ფეიჰოას ნაყოფი გამოიყენება როგორც ნედლი, აგრეთვე სხვადასხვა სახის კვების პროდუქტების მისაღებად. მისგან მზადდება საუკეთესო კომპოტი, ჯემი, უალკოჰოლო სასმელები, სხვა კონსერვირებული პროდუქტები.
თემურ რევიშვილი, ტექნიკის მეცნიერების დოქტორი,
თამაზ მიქაძე, ტექნოლოგიების დოქტორი.
იხილეთ აგრეთვე: ფეიჰოა – თესლნერგის გამოყვანა, დარგვა, მოვლა, ბაღის გაშენება