აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის მკვლევარები სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდნენ.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი ნანი გოგინაშვილი და სპეციალისტი მაია ბაჩილავა, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ სატყეო უნივერსიტეტში (ქ. ჰარბინი) იმყოფებოდნენ.
აღნიშნული საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა მიზნად ისახავს უცხოელი ექსპერტების უმაღლესი განათლების პროცესში ჩართულობას.
ვიზიტის ფარგლებში, ქართველი მეცნიერები ჰელოიჯიანის პროვინციის ტყის მართვის პრაქტიკას გაეცნენ, დაათვალიერეს თანამედროვე ლაბორატორიები და ჩაერთნენ დისკუსიებში, რომლებიც შეეხებოდა აღმოსავლეთ აზიის ტყის ეკოსისტემების მდგრადობას, ტყის სწრაფმზარდი სახეობების განვითარებას, დისტანციურ ზონირებასა და ხანძარსაწინააღმდეგო სტრატეგიებს, ასევე ნახშირბადის ბალანსში ტყის როლს.
მეცნიერებმა ჩინელ პროფესორებს გაუზიარეს ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე სატყეო კვლევებისა და გარემოსდაცვითი პროექტების შესახებ. შეხვედრები ჩატარდა უნივერსიტეტის გარემოს დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, პროფესორ ქსიგუანგ იანგთან და პროფესორ ჟან შუსთან. დაიგეგმა სტრატეგიული თანამშრომლობა, მათ შორის სტუდენტთა გაცვლისა და ერთობლივი კვლევების მიმართულებით.
ქართველმა სპეციალისტებმა ჩაატარეს ლექციები ადგილობრივი ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ტყის არამერქნული რესურსების მდგრადი გამოყენება, იშვიათი სახეობების კონსერვაცია, ვერხვის ჰიბრიდული კლონების პოტენციალი და საქართველოს ბიომრავალფეროვნების უნიკალურობა.
ვიზიტის დასასრულს ქართველმა და ჩინელმა მეცნიერებმა ერთობლივად მოინახულეს ჩანგბეისა და მაოერშინის დაცული ტერიტორიები, ასევე ლიანგშუს სატყეო პარკი უნიკალური ტყის ეკოსისტემების მაგალითებით.
მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული გეგმები დაისახა.

