საშემოდგომო კულტურების წარმოების ინტენსიური ტექნოლოგია

ინტენსიური

„ინტენსიური“ ლათინური (intesio) სიტყვაა და ნიშნავს  გაძლიერებულს. მიწათმოქმედებაში კი ეს ტერმინი გულისხმობს ყველა საუკეთესო და ეფექტური საშუალებების (ინტენსიური ტიპის ჯიშები და ჰიბრიდები, ენერგოდამზოგი ტექნიკის, თანამედროვე ბიოტექნოლოგიის მიღწევების და სხვათა) წარმოებაში გამოყენებას, ანუ სოფლის მეურნეობაში იმ მეცნიერებატევადი და ენერგოდამზოგი აგროტექნოლოგიების დანერგვას, რომლებიც უზრუნველყოფენ კულტურის ბიოლოგიური პოტენციალის სრულყოფილ გამოვლენას.

ამასთან ამ ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოებული პროდუქცია უნდა იყოს ეკოლოგიურად უსაფრთხო და ბაზარზე კონკურენტუნარიანი.

ინტენსიური ტექნოლოგიის ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს აგრეთვე ნიადაგის რაციონალურად გამოყენება, მისი ნაყოფიერების თანდათანობითი ამაღლება და შენარჩუნება, რაც საშუალებას იძლევა უკეთესად ვმართოთ სასოფლო-სამეურნეო მცენარის ზრდა-განვითარების მთლიანი ციკლი ონთოგენეზის ყველა ეტაპზე.

ინტენსიური ტექნოლოგიის ძირითადი თავისებურებაა მეცნიერულად ღრმად გავაანალიზოთ მცენარის განვითარების ის ეტაპები, რომლებზეც ხორციელდება მოსავლიანობის გამაპირობებელი ელემენტების (პროდუქტიული ბარტყობა, თავთავის მოცულობა, მარცვლის შევსება და ა.შ.) ჩამოყალიბება.

ინტენსიური ტექნოლოგია საჭიროებს სრულყოფილ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, წარმოების ორგანიზაციის მაღალ დონეს და მკაცრ ტექნოლოგიურ დისციპლინას. ეს ტექნოლოგია მაშინაა მაღალეფექტური, როცა ნებისმიერი ორგანიზაციულ-ტექნოლოგიური ოპერაცია სრულდება დროულად და მაღალხარისხოვნად წინასწარ შედგენილი ტექნოლოგიური რუკით.

მემცენარეობაში ტექნოლოგია ნიშნავს ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელთა გამოყენებით ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა მოვლა-მოყვანა დაწყებული ნიადაგის დამუშავებიდან და თესლის მომზადებიდან, მოსავლის აღებითა და პროდუქციის რეალიზაციით დამთავრებული.

ინტენსიური ტექნოლოგიის ფაქტორები

ინტენსიური ტექნოლოგიის წარმატებით გამოყენებისათვის აუცილებლად საფუძვლიანად უნდა ვერკვეოდეთ მცენარის ბიოლოგიურ და სამეურნეო თავისებურებებში, იმისათვის რომ შეგვეძლოს მისი მართვა ე.ი უნდა ვიცოდეთ რატომ, როდის და როგორ უნდა გამოვიყენოთ ესა თუ ის აგროღონისძიება ზონებისა და ჯიშის მიხედვით.

განვიხილოთ ეს ფაქტორები საშემოდგომო ხორბლის მაგალითზე:

1. ჯიშის შერჩევა, მისი ვარგისიანობა ინტენსიური ტექნოლოგიისათვის, მაღალ აგროფონზე მისი რეაგირების დონე, გაწეული ხარჯების უკუგების შესაძლებლობა და სხვა მრავალი ნიუანსი;

2. სათესლე მასალისადმი წაყენებული მოთხოვნები: თესლი უნდა იყოს მხოლოდ პირველი კლასის, აღმოცენების უნარი არანაკლები – 95% და ზრდის ძალა არა ნაკლები – 80%. 1000 მარცვლის მასა არანაკლები – 40 გ. რაც შესაძლებლობას გვაძლევს ზუსტად განვსაზღვროთ სათესი ნორმა;

3. ზონისათვის შესაბამისი თესლბრუნვა, რაც უზრუნველყოფს ხორბლისათვის ყოველთვის საუკეთესო წინამორბედის შერჩევას;

4. ნიადაგის მაღალხარისხოვნად დამუშავება, ნიადაგის დამუშავებით მისი კოშტოვანი (1-5 სმ) სტრუქტურის შენარჩუნება, რაც უზრუნველყოფს მცენარეს მთელი ვეგეტაციის პერიოდში ნიადაგის ტენითა და ჰაერაციით;

5. თესვის ვადების ზუსტი დადგენა და მისი მკაცრად დაცვა ცალკეული ზონის მიხედვით, ვინაიდან საშემოდგომო ხორბლის ოპტიმალურ ვადაზე ადრე თესვა იწვევს ძლიერ ბარტყობას, მავნებლებისა და დაავადებებისადმი ხელსაყრელი პირობების შექმნას და ცუდად გადაზამთრებას. დაგვიანებული თესვისას კი პირიქით: მცენარის ფესვთა სისტემა სუსტად ვითარდება, ცუდად ბარტყობს, მცენარე კნინდება და უჭირს გადაზამთრება, ყოველივე ეს კი საბოლოო ჯამში აქვეითებს მოსავლიანობას;

6. მცენარის ზრდა-განვითარების მართვა რაც მიიღწევა მაკრო და მიკრო სასუქებით და ამჟამად არსებული ფართოსპექტრიანი ზრდის სტიმულიატორების გამოყენებით მხოლოდ მცენარეთა ორგანოგენეზის ზუსტი ცოდნის საფუძველზე, ანუ მცენარეთა ბიოლოგიური კონტროლის ზუსტად ცოდნის გამოყენებით;

7. მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემების გამოყენება. მცენარისა და პათოგენების ზრდა-განვითარების ფაზებისა და ეტაპების შეუღლებით;

8. მოსავლის აღების დაწყებისა და ხანგრძლივობის წინასწარი განსაზღვრა, ვინაიდან მოსავლის, როგორც ნაადრევად აღება, ისე დაგვიანება იწვევს როგორც მარცვლის სერიოზულ დანაკარგებს, ისე ხარისხის დაქვეითებას;

9. მიღებული მოსავლის ხარისხის კონტროლი და მისი დაბინავება-რეალიზაცია.

იმისათვის, რომ პრაქტიკულად განვახორციელოთ ამა თუ იმ კულტურის ინტენსიური ტექნოლოგიით წარმოება, მინდორში გასვლამდე აუცილებელია ჩატარდეს შემდეგი სამუშაოები: უნდა შედგეს მინდვრის პასპორტი, რომელშიც მოცემულია ნიადაგის ძირითადი აგროქიმიური მაჩვენებლები (აზოტის, ფოსფორის, კალიუმის, მიკროელემენტების, ნიადაგის ხსნარის რეაქცია – ph) და ფიტოსანიტარული მდგომარეობა (დასარევლიანება, დააქვადებები, მავნებლები, მღრღნელები და ა.შ.).

ამ მონაცემების საფუძველზე დგება მოცემულ ფართობებზე განსახორციელებელი ღონისძიებების ნუსხა შესაბამისი ვადების ჩვენებით და რეალურ განხორციელებაზე წესდება სათანადო კონტროლი.

მაღალი მოსავლის მისაღებად

ინტენსიური ტექნოლოგიის ძირითადი მიზანია წინასწარ დავგეგმოთ ცალკეული ნაკვეთებიდან მოსალოდნელი მოსავლის რაოდენობა. ამისათვის კი აუცილებელია სრულყოფილად ვიცოდეთ იმ ზონის ნიადაგური და კლიმატური პირობების თავისებურებებს, სადაც ვაწარმოებთ ხორბლის თესვა-მოყვანას. უპირველეს ყოვლისა უნდა ვიცოდეთ მოცემულ ზონაში რამდენად იქნება მცენარე მისთვის აუცილებელი სასიცოცხლო ელემენტებით მომარაგებული. კერძოდ სინათლით, სითბოთი, ტენით, მინერალებით და სხვა.

სინათლე და სითბო – კოსმოსური ფაქტორებია და მათი რეგულირება პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ საშემოდგომო ხორბალს ყველა მწარმოებელმა იცის, რომ მზის ფიზიოლოგიურად აქტიური რადიაცია (ანუ ფარი) და სითბო სრულიად საკმარისია ამ კულტურის მაღალი მოსავლის მიღებისათვის.

ამისათვის აუცილებელია მისი პრაქტიკულად გამოყენების ცოდნა. ამიტომაა რომ ინტენსიური ტექნოლოგია მოითხოვს თანამედროვე აგრარული მეცნიერების ცოდნას, რაც დღის წესრიგში აყენებს მცირე თუ მსხვილი ფერმერებისათვის ახალ აგრონომიულ აზროვნებას და კვალიფიკაციის ამაღლებას.

ასევე აუცილებელია ტექნიკური ცოდნის დონის ამაღლება, რადგანაც უკანასკნელ პერიოდში შემოდის საბჭოთა ტექნიკისგან განსხვავებული მანქანა-იარაღები, მცენარეთა დაცვის ღონისძიებათა ჩატარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობები.

ფერმერსა და ნებისმიერ მეურნეს შეგნებული უნდა ჰქონდეს, რომ თანამედროვე ეტაპზე მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მიღება ჯერჯერობით ძალიან რთულია, მინერალური სასუქებისა და მაღალეფექტური პესტიციდების გამოყენების გარეშე. ამასთან, აუცილებლად უნდა იცოდეს ისიც, რომ მათ უპასუხისმგებლოდ გამოყენებას სარგებელთან ერთად გამოუსწორებელი ზიანი მოაქვს – აუარესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას, ანაგვიანებს ბუნებას და გარდაუვალ საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას.

ცხადია ერთ სტატიაში და ერთჯერადი საუბრით შეუძლებელია ყველა იმ საკითხის სრულყოფილად გადმოცემა, რომელთა განხორციელებას ან არ განხორციელებას რა რეალური შედეგები ახლავს. ამის საილუსტრაციოდ მხოლოდ ერთი პარამეტრიც კი კმარა, რომელიც ნათელ წარმოდგენას მოგვცემს ინტენსიური ტექნოლოგიის წესიერად გამოყენების ეფექტურობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიური მიწათმოქმედების  პარამეტრების დაცვა და მათი პრაქტიკული განხორციელება განსაკუთრებულ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული და არც დიდ სირთულეს წარმოადგენს, დღევანდელ ფერმერთა უმრავლესობა არ იყენებს თავიანთ პრაქტიკულ საქმიანობაში, რადგან ერთ სეზონზე ნაკვეთის დასვენებაც კი სარისკო საქმედ მიაჩნიათ და ზარალად მიიჩნევენ.

მონოკულტურა დომინირებს ორ და მეტ სავეგეტაციო პერიოდში ერთსა და იმავე ნაკვეთზე (ხორბალს თესავენ). ამას აკეთებენ როგორც წვრილი, ისე მსხვილი ფერმერები. ამის უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება.

გასული საუკუნის ბოლო წლებში ჩვენ საკონსულტაციო მომსახურებას ვუწევდით საქართველოს მთიან რაიონებს მათი ნაკვეთების რაციონალურად გამოყენების მიმართულებით ( ზემო აჭარაში, ზემო სვანეთში, ზემო რაჭაში, სამხრეთ საქართველოში). თითქმის ყველა ნაკვეთზე ყოველ წელიწადს დომინირებს კარტოფილი. სხვა კულტურის თუნდაც ნაკვეთის ნახევარ ფართობზე დათესვა მიწის გაცდენის ტოლფასად მიაჩნდათ. ასეთი ტენდენცია შეიმჩნევა ბარის რაიონებშიც ხორბლის კულტურის თესვასთან დაკავშირებით.

მთიან რეგიონებში მცირე ფერმერთა ასეთი სიფრთხილე შეიძლება ნაწილობრივ მართალია მათი მცირემიწიანობის გამო, მაგრამ ბარის ისეთ რეგიონებში როგორიცაა კახეთისა და ქართლის რაიონები, მიწის ფართობების ასეთი ცალმხრივი გამოყენება შეცდომაა და დანაშაულის ტოლფასია.

ყოვლად დაუშვებელია ნაწვერალზე საშემოდგომო ხორბლის ორ სავეგეტაციო პერიოდში  ზედიზედ თესვა. მიწათმოქმედების ასეთ წესს, რა უარყოფითი სამეურნეო შედეგებიც მოაქვს საყოველთაოდ ცნობილია. პირველ რიგში ქვეითდება მოსავლიანობა და უარესდება მარცვლის ხარისხი, დიდ ზიანი ადგება უშუალოდ ნიადაგს, ჩქარდება ქარებთ მის გამოფიტვა და ხდება უნაყოფო, უარესდება მისი ფიტოსანიტარულ მდგომარეობა, ხდება ეროზიის ხელშეწყობა  და უარესდება მისი საერთო ეკოლოგიურ მდგომარეობა.

ამიტომ როგორც წესი აუცილებელია დიდ ფართობებზე თესლბრუნვების დანერგვა, უკიდურეს შემთხვევაში კულტურების მიხედვით ნაკვეთმორიგეობის დაცვა. ამა თუ იმ კულტურებისათვის შესაბამისი წინამორბედის სწორად შერჩევა, არამარტო ზრდის მოსავლიანობას, არამედ აუმჯობესებს მოსავლის ხარისხს.

ავტორი: ს.მ მეცნიერებათა დოქტორი თინათინ დარსაველიძე

თქვენი რეკლამა