ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია „აგროსფერო“ ახალგაზრდების ხელშემწყობ პროგრამებს რამდენიმე წელია აქტიურად ახორციელებს. მათ შორისაა სასტიპენდიო და პრაქტიკა-სტაჟირების პროგრამები. ამ ინიციატივის ფარგლებში, კომპანია 2022 წლიდან აგრარული უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტს ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს და საშუალებას აძლევს გაიარონ სტაჟირება „აგროსფეროს“ ბაზებზე. აღნიშნული პროგრამების მიზანი აგრომეურნეობის პოპულარიზაცია, დარგით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება და კვალიფიციური კადრების მომზადებაა.
„აგროსფერომ“ წელს სტიპენდია აგრარული უნივერსიტეტის მაღალი მოსწრების 6 სტუდენტს დაუნიშნა. შერჩეულ სტუდენტთა შორის მოხვდა აგრონომიის სტუდენტი ნათია გეგეშიძე.
ნათია, როგორ გაიგეთ „აგროსფეროს“ სტიპენდიის შესახებ და რა პროცედურები გაიარეთ სტიპენდიის მიღებამდე?
„აგროსფეროს“ სტიპენდიის შესახებ უნივერსიტეტის ოფიციალური მეილის საშუალებით შევიტყვე. გადავწყვიტე, რომ აუცილებლად უნდა მეცადა ბედი და განაცხადი შევავსე. შემდეგ კი გასაუბრება გავიარე. ეს პროცესი ჩემთვის საკმაოდ სასიამოვნო იყო და, რაც მთავარია, სასურველი, თუმცა მოულოდნელი შედეგით დასრულდა. ამ გამოცდილებამ უფრო კარგად დამანახვა საკუთარი შესაძლებლობები.
რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ „აგროსფეროს“ სტიპენდია და, ზოგადად, სტუდენტების ხელშემწყობი მსგავსი პროგრამები?
ასეთი ტიპის პროგრამები სტუდენტებისთვის მოტივაციის უმნიშვნელოვანესი წყაროა. „აგროსფეროს“ სტიპენდია ჩემთვის ნიშნავს შრომის დაფასებას, რაც თავდაჯერების გაზრდაშიც მეხმარება. ამასთან, მისი მოპოვებით მაქვს განცდა, რომ განვითარებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგი.
ვფიქრობ, რომ სტუდენტების მხარდაჭერა მსგავსი ინიციატივებით არა მხოლოდ ინდივიდუალურ განვითარებას უწყობს ხელს, არამედ მთლიანად აგრარული განათლების ხარისხის ამაღლებასაც. როდესაც ახალგაზრდა ხედავს, რომ მისი შრომა დაფასებულია, ის კიდევ უფრო მეტად ცდილობს საკუთარი თავის განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებას.
როგორ ფიქრობთ, რამდენად დაგეხმარებათ „აგროსფეროს“ სტიპენდია და სტაჟირება პროფესიულ განვითარებაში?
„აგროსფეროს“ სტიპენდიამ მომცა შესაძლებლობა დამენახა, სად ვარ ახლა და რა მიმართულებით მინდა განვითარება. როცა შენი შრომა ფასდება, ეს თავისთავად გიბიძგებს იმისკენ, რომ კიდევ უფრო მეტი ისწავლო, გაიზარდო და პრაქტიკული გამოცდილება მიიღო.
რაც შეეხება სტაჟირებას, ის დამეხმარება პრაქტიკაში გადმოვიტანო და გავამყარო უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა და, შესაბამისად, პროფესიულად კიდევ უფრო ავიმაღლო კვალიფიკაცია.
როდის და რატომ დაინტერესდით სოფლის მეურნეობის დარგით?
გულწრფელად რომ გითხრათ, თავიდან სოფლის მეურნეობით დაინტერესებული დიდად არ ვყოფილვარ. ეს არჩევანი ნაწილობრივ გარემო ფაქტორებმა და გარშემო მყოფმა ადამიანებმა განაპირობეს. თუმცა, როგორც კი სწავლა დავიწყე, ნელ-ნელა დავინახე, რამდენად საინტერესო, მრავალფეროვანი და შემოქმედებითი სფეროა აგრონომია. დღეს კი უკვე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ სწორად შევარჩიე პროფესია – ეს არის სფერო, რომელშიც მეცნიერება, ბუნება და ადამიანური შრომა ერთ მთლიან სისტემად ერთიანდება.
როგორ ხედავთ თქვენი პროფესიული გზის განვითარებას? როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
სწავლისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შემდეგ მივხვდი, რომ აგრონომია მჭიდროდ უკავშირდება ბიზნესსა და მენეჯმენტს. სწორედ ამიტომ, მაგისტრატურაზე სწავლას ბიზნესისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით ვაგრძელებ.
ჩემი მიზანია, მომავალში აგრობიზნესის განვითარებაში შევიტანო წვლილი, იქნება ეს აგროპროექტების დაგეგმვა, საინვესტიციო ანალიზი თუ აგრარული საწარმოების მართვა. ზოგადად კი, მინდა, აგრარულ სფეროში ინოვაციებისა და ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას შევუწყო ხელი.
დაბოლოს, რას მიიჩნევთ სოფლის მეურნეობის დარგის მთავარ გამოწვევად დღეს საქართველოში?
ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვალიფიცირებული კადრების ნაკლებობა მიმაჩნია – ისეთი ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ პრაქტიკული გამოცდილებისა და თანამედროვე ცოდნის სინთეზი. ამის გამო ჩვენი ქვეყნის უდიდესი აგრარული პოტენციალი ბოლომდე ათვისებული არ არის. ამ პრობლემის დასაძლევად, ვფიქრობ, საჭიროა განათლების, კვლევის და პრაქტიკის მჭიდრო კავშირი.

