ზვიად გელაშვილი ლურჯ მოცვს თვითონაც აწარმოებს და სხვებსაც აგულიანებს

მოცვი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის ამ ფართობებზე ყოფილ კოლმეურნეობას 1989 წლამდე ქერისა და ჭვავის საკმაოდ კარგი მოსავალი მოჰყავდა.  მას შემდეგ უპატრონოდ დარჩენილ მიწას ბუჩქნარმა გადაუარა.

სოფლის მკვიდრთაგან ერთადერთი ზვიად გელაშვილი იყო, ვინც  აუქციონის წესით შესყიდვა მოინდომა. გაწმინდა, გაასუფთავა, სარფიან ფასად შეძენილი სამი ჰექტარი ფართობი პირვანდელ მდგომარეობაში მოიყვანა და იფიქრა, სხვა თუ არაფერი, საძოვრად მაინც გამომადგებაო. დიდხანს იყენებდა კიდეც საამისოდ.

ბოლო დროს ლურჯი მოცვი განსაკუთრებით პოპულარული გახადა, ზვიადს გაახსენდა თავისი ფართობების ნაპირებზე, ტყეში, ველური მოცვის არსებობა, რომლის ნაყოფსაც ოდითგანვე მოიხმარდა და ახლაც მოიხმარს მოსახლეობა.

გადაწყვიტა, ღრმად შეესწავლა მცენარე, მისი სამკურნალო თვისებები, საკვები ღირებულებები, გაშენება-მოვლის, მოსავლის მიღების აგროტექნიკური წესები.

პირველი რაც აუცილებელი იყო ლაბორატორიულად უნდა დაედგინა, რამდენად შეესაბამებოდა მიწის ბარაქიანობა მცენარის მოთხოვნილებებს.

სპეციალურმა სინჯებმა ნიადაგთან მცენარის სრული ადაპტირება დაადასტურა და ზვიადიც დიდი ენთუზიაზმით შეუდგა საქმეს, თუმცა მიხვდა, რომ მარტო ვერაფერს გახდებოდა და პარტნიორებად  ბიძაშვილებს  უხმო.

2020 წლის მაისში მოცვის პირველი ნერგი ჩავრგეთ მიწაში. თვითონ ჩვენც გაგვიკვირდა რა სწრაფად, სულ რაღაც ოციოდე დღეში შეივსო ორი ჰექტარი მიწა. ყველაფერი წინასწარ გვქონდა დალაგებული და გათვლილი: ტენიანობა, კლიმატური პირობები, რიგთაშორის მანძილი, განოყიერება.

საქმე ისაა,რომ მოცვისთვის ჰაერის მაღალი ტემპერატურაა საშიში, თორემ გეზრულის მკაცრი ზამთრის ყინვასაც შესანიშნავად უძლებს და ნალექების სიუხვესაც. პირიქით, ნიადაგის მორწყვაა აუცილებელი ზაფხულში, რომ მიწა არ გამოშრეს  და მცენარე არ დააზიანოს. 800 მეტრ მანძილზე გავიყვანეთ წყალი მილსადენებით. სისტემა ისე გამართულია, რომ ღილაკზე თითის ერთი დაჭერით ირწყვება მთელი ფართობი. რასაკვირველია, ელექტროტრანსფორმატორიც შვიძინეთ, ტრაქტორიც რიგთაშორისების დამუშავებისათვის, ტენიანობის საზომიც კონსულტაციებისათვის, პერიოდულად, ადგილზე ჩამოგვყავს კვალიფიციური აგრონომი, ქალბატონი ნანა ჩიგოგიძე. იგი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ლექტორია. ზედმიწევნით ვითვალისწინებთ მის რჩევა-დარიგებებს. სწორედ მან გვირჩია, მიწის ანალიზის მიხედვით თითოეული მცენარის 20 გრამი ფოსფორით განოყიერება.

ჩვენი პლანტაციის ნაყოფი ერთფეროვანია – ლურჯი. ყველაზე დიდი მოთხოვნილება ამ ფერის მოცვზეა. ჯიშები – „რეკა“, „ბლუკროპი“ და „დიუკი“ – სხვადასხვა რაოდენობითაა და ყველა ნერგი ორწლიანია. პირველ წელს მცენარე განვტვვირთეთ, ყვავილები გავაცალეთ, რომ ზრდაში მომძლავრებულიყო“.

შედფეგმაც არ დააყოვნა – ორი ჰექტრიდან წელს უკვე ტონანახევარი მოსავალი მოიწიეს. კრეფის სეზონზე 22 ადამიანი დაასაქმეს. დასაქმებულები, გარდა იმისა, რომ იხეირეს მეწარმეობით თვითონაც დაინტერესდენ და ზვიადის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ესაა.

„სოფლის ახალგაზრდებთან ვატარებ ტრენინგებს.. გულისყურით მისმენენ. რამდენიმეს უკვე გადავაწყვეტინე მეწარმეობა. მეხმაურებიან მეზობელი სოფლებიდანაც: ტყემლოვანელები, მეჩხეთურლები, მანდაეთელები… ბრჯომიდანაც კი მესტუმრნენ მდგომარეობის ადგილზე გასაცნობად.

წარმოების მოცვით გაფართოებას ქვაციხელი მეწარმე ტარიელ ჩუბინიძეც აპირებს, რომლის ჩაის პლანტაციებზე ამასწინათ თქვენი ჟურნალიც წერდა.. რასაკვირველია, არც მე დავჯერდები მიღწეულს და უახლოეს  ხანში კიდევ ორ ჰექტარს გავანაშენიანებ.. გაისად მინიმუმ სამ ტონა მოსავალს მივიღებ, შემდგომში – ორი ამდენს. მუშახელიც ორმაგი და მეტი დამჭირდება.“

რომ არ ელოდა, ადგილზევე ისე სწრაფად უყო რეალიზაცია ჯერ მცირე ტევადობის სპეციალურ კონტეინერებში ჩატვირთულ და, მერე კი ასევე სპეციალურ ყუთებში მოთავსებულ პირველ პროდუქციას. თანაც მისაღებ ფასად – კილოგრამი 12 ლარი. თუმცა გამსაღებლები გაცილებით მეტ სარგებელს ნახულობენ – კილოგრამს 20 ლარად აბარებენ.

ამიტომაც ზვიადს სხვა მიზანიც აქვს – ჯერ ქვეყნის ფარგლებში პირდაპირი ბაზრების მოძიება და პერსპექტივაში პროდუქციის საზღვარგარეთ გატანა. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, იოლი არაა, დიდი ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ სადაც მაღალ შედეგზეა ორიენტირი აღებული, იქ წინააღმდეგობებს გადასალახავად  მოტივაციაც მეტია და მონდომებულ მეწარმეს მიზნების მისაღწევად ვერაფერი დაუდგება წინ.

ზურა თურმანიძე, ჭიათურა, დეკემბერი, 2021წ.

თქვენი რეკლამა