ზემო იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი კორბოული ზღვის დონიდან 990 მ-ზე მდებარეობს. კორბოულში დაახლოებით 2000 კომლი სახლობს, ცხოვრობს 6000- ზე მეტი ადამიანი.
კორბოულს ისტორიულად სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა, აქ იყრებოდა ჩრდილოეთისა და დასავლეთისაკენ მიმავალი საქარავნო გზები.
არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ ათასწლეულების განმავლობაში სოფელში ცხოვრება არ შეწყვეტილა და აქაურთა საქმიანობის ძირითადი სფერო სოფლის მეურნეობა იყო.
კორბოულში კლიმატი მკაცრი არ არის, რაც თავთავიანი კულტურების წარმოებისთვის ხელსაყრელ პირობას ქმნის, თუმცა გარკვეულ პრობლემას ქმნის აღმოსავლეთის და დასავლეთის (ზენა და ქვენა) ძლიერ ქარი. შესაძლოა ესეც იყო ერთ-ერთი ბიძგის საიმისოდ, რომ სავარაუდოდ აქ შეიქმნა ერთ-ერთი უძველესი ქართული რბილი ხორბლის უნიკალური ჯიში „კორბოულის დოლის პური“, რომელიც მაღალი არ იზრდება და ისეთი მაგარი ღერო აქვს, ძლიერი ქარის დროსაც არ წვება, თუ მაინც გადაიხარა, როგორც კი ხელსაყრელი პირობები ექმნება „წელში იმართება“.
კორბოულში ხორბალი _ „თეთრი დოლის პური“ და სხვა საშემოდგომო თავთავიანი კულტურები ოდითგანვე ითესებოდა. საშემოდგომო ხორბალს ძირითადად ოქტომბრის ბოლოს ნოემბრის დასაწყისში თესავდნენ და მოსავალს ზაფხულში/მკათათვეში იღებდნენ.
თავდაპირველად ყანას ნამგლით ჭრიდნენ, შემდგომში ნამგალი ცელმა ჩაანაცვლა, ცელი კი _ კომბაინმა.
მიწაც ტრადიციულად კავით იხვნებოდა, გამწევ ძალად ხარი ან ცხენი გამოიყენებოდა, ხნული კი ხის დაწნული ფარცხით ფხვიერდებოდა.
მკის დროს კი ცელზე დამაგრებული იყო სპეციალური ხის ხარიხა, რაც ჭევლის თანაბარ განაწილებას უზრუნველყოფდა.
ჭევლს ქალები აგროვებდნენ, ხოლო მამაკაცებს მომზადებული ჰქონდათ თხილის ან რცხილას წნელი და მას კონებად კრავდნენ.
ამდენად ჩვენთან, სოფელში ხორბალს იღებდნენ მცელავები, მკონავები და მჭევლავები.
ყანის აღების შემდეგ გაცელილ ყანაში დარჩენილ თავთავებს ქალები სპეციალური ხის ფოცხებით აგროვებდნ და კალოზე მიჰქონდათ. ხორბალი ილეწებოდა მკათათვეში (ივლისი).
კონებს ურმებით ეზიდებოდნენ კალოზე, სადაც ამ საქმის მცოდნე მამაკაცები მას ურმეულებად დგამდნენ.
დაშლილ ძნებს კი კალოზე მოაფენდნენ და ამის შემდეგ ის ილეწებოდა კევრით. კევრში შებმული ჰყავდათ ხარები. გალეწვის შემდეგ გალეწილ ხორბალს სპეციალური არნადით აგროვებდნენ, ნიჩბებით და ფიწლებით გამოაცალკევებდნენ გალეწილ ძნას და ინახვდნენ საბძელში, ხორბალს კი ანიავებდნენ და ბეღელში აბინავებდნენ.
პირველი ტრაქტორი სოფელში გასული საუკუნის 40-იან წლებში შემოვიდა. კოლმეურნეობების გაერთიანების და ერთ საბჭოთა მეურნეობის ჩამოყალიბების შემდეგ სოფელში შემოყვანეს კომბაინებიც.
სოფელში პირველი კომბაინერი იყო სტანგერ მოსიაშვილი. კომბაინით ადგილზევე, ყანაშივე ხდებოდა ხორბლის გალეწვა, რაც იმ დროს სოფლისთვის დიდი სიახლე და პროგრესული ამბავი იყო.
გასულ საუკუნის ბოლოს სოფელში ხორბალი, დაახლოებით 400 ჰა-ზე ითესებოდა და სახელმწიფოს 800 ტონა მარცვალი ბარდებოდა, ამდენივე რჩებოდა ადგილზე კოლმეურნეობებს თავის წევრებზე გასანაწილებლად.
სარწმუნო წყაროებით დასტურდება, რომ „თეთრი დოლი“ ბოლოს რესპუბლიკაში სოფელ კორბოულში. კერძოდ, ნიგვზარის უბანში ითესებოდა.
მოხუცებს დღესაც ახსოვთ, წისქვილზე დაფქული ხორბლიდან, „პურის დედით“ გაფუებული ცომისგან როგორი გემრიელი თონის პური ცხვებოდა.
იმ დროს ფქვილს სპეციალურ ხის ჭურჭელში _ კოდში ინახავდნენ, ფქვილი სამტკიცით (ძალზე წვრილფრაქციანი საცერი) ხის გობზე იმტკიცებოდა.
„თეთრი დოლის პური“ შემდგომ წლებში თანდათანობით „უფხო პირველმა“ ჩაანაცვლა. ასე თანდათანობით შემცირდა „თეთრი დოლის“ თესვა და გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან კორბოულში ხორბლის მოყვანა საერთოდ შეწყდა.
მარცვლეულიდან დღეს სოფელში მხოლოდ სიმინდი მოჰავთ, პაკოსნებიდან კი ლობიო. არადა ერთ დროს სოფელში სოიოც დიდი რაოდენობით მოჰყავდათ.
პედაგოგებმა და მოსწავლეებმა სოფელში ერთგვარი გამოკითხვა ჩავტარეთ. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას კვლავ სურს ხორბლის დათესვა, კომბაინი რომ იყოს, დათესავდნენ კიდეც, ამიტომ კარგი იქნება თუ სახელმწიფო იზრუნებს სოფელ კორბოულში ხორბლის და საერთოდ საშემოდგომო მარცვლეული კულტურების, ქერის, შვრიის წარმოების განვითარებაზე.
ამ თემაზე მუშაობას ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას და სოფელ კორბოულის სამეურნეო საქმიანობის შესახებ კიდევ ბევრ საინტერესო მასალას მივაწვდით მკითხველს.
გელა მაჭარაშვილი,
კორბოულის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი,
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერი.